ნიუ-იორკში შტორმისთვის ემზადებიან - სინოპტიკოსების განცხადებით, ქალაქს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი თოვლის შტორმი დაატყდება თავს.
„კვირიდან გზებზე საშინელი მდგომარეობა იქნება“, - თქვა AccuWeather-ის უფროსმა მეტეოროლოგმა ტომ კაინსმა. მისივე თქმით, თოვა კვირას, შუაღამისას დაიწყება და ორშაბათამდე გაგრძელდება, რაც გზების ჩაკეტვას და ფრენების გაუქმებას გამოიწვევს.

წინასწარი პროგნოზების მიხედვით, ქალაქში მოსალოდნელია დაახლოებით 20–30 სანტიმეტრი თოვლი, თუმცა ცალკეულ რაიონებში ნალექის რაოდენობამ შესაძლოა 40 სანტიმეტრსაც გადააჭარბოს. ზამთრის შტორმი დაახლოებით 35 შტატში მილიონობით ადამიანს „მნიშვნელოვან პრობლემებს“ მოუტანს, ყველაზე მეტად კი კლდოვანი მთების აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიები დაზარალდება.


გაფრთხილებების მიუხედავად, მერმა ზოჰრან მამდანიმ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რამდენად დააზარალებს შტორმი ქალაქს.
"თოვლისა და ყინულის დაგროვების შესამცირებლად ყველა გზატკეცილს, მთავარ ქუჩასა და ველობილიკს მარილის ხსნარით გავასუფთავებთ. ასევე, ქარიშხლის დასრულების შემდეგ გაწმენდით სამუშაოებს დავაჩქარებთ“, - თქვა მან.
მანჰეტენზე, დასავლეთ 23-ე ქუჩაზე მდებარე Home Depot-ის თანამშრომელმა განაცხადა, რომ მაღაზიას მარილის დეფიციტი აქვს, რადგან შტორმის მოლოდინში მასზე მოთხოვნა გაიზარდა.