პოლიციელებად გადაცმული შეიარაღებული პირები ეკვადორში, სპორტულ კომპლექსში მდებარე საფეხბურთო მოედანზე შეიჭრნენ და სამი ადამიანი ცივსისხლიანად მოკლეს. ინციდენტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
თავდასხმა ხუთი წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სროლის შემდეგ, მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ორი ცხედარი აღმოაჩინეს. მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ, გამოძიება კვლავ გრძელდება.

ერთ-ერთ მსხვერპლი სტალინ როლანდო ოლივერო ვარგასია, რომელიც "მარინოს“ ფსევდონიმით იყო ცნობილი. მას 2011 წელს ძარცვისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 40 წლის მამაკაცი ადგილობრივი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების, "ლოს ლაგარტოსის“ (ხვლიკების) ლიდერად მიიჩნეოდა. ბანდა სამხრეთ გუაიაკილის რამდენიმე ტერიტორიას აკონტროლებს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხუან რეიმბურგმა განაცხადა, რომ ვარგასი შესაძლოა მეტოქე ბანდის სამიზნე ყოფილიყო.

რაც შეეხება კიდევ ორ გარდაცვლილს, ისინი 33 წლის ჯეფერსონ ხავიერ სალონ ოლივერო და 29 წლის რიჩარდ ჯოსუე მინა ვერგარა არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მამაკაცს ვრცელი კრიმინალური წარსული ჰქონდა.
პოლიცია ვარგასს მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე ყურადღებით აკვირდებოდა. თავდასხმამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ხელისუფლებამ მისი ადგილსამყოფლის დასადგენად ახლომდებარე საცხოვრებელ უბანში ჩხრეკა ჩაატარა.