51-ე საჯარო სკოლასთან დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ 51-ე საჯარო სკოლასთან დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.
როგორც "რადიო თავისუფლება“ წერს, დაცვის მხარემ პროცესზე განაცხადა, რომ მომხდარისას ბრალდებული ვერ აცნობიერებდა, რა ხდებოდა მის თავს.
სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ ეთანხმებოდა ადვოკატის ნათქვამს.
"გულწრფელად რომ გითხრათ, გონი დავკარგე... თავი მეგონა ერაყში, ბრძოლის ველზე და პანიკაში ვიყავი. განცდა მქონდა, რომ უბედურება ხდებოდა და ვყვიროდი, არ მომკარებოდნენ. მადლობელი ვარ, რომ იქვე დამაკავეს“, - განაცხადა ბრალდებულმა, რომლის სიტყვებსაც "რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, თბილისში, 51-ე სკოლასთან პოლიციამ ერთი პირი 21 იანვარს დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქე აგრესიული იყო. შსს-ში აცხადებდნენ, რომ პირი დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის დროს პოლიციელისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიცია მამაკაცის მიმართ სპეციალურ საშუალებას, ე.წ. სპრეის იყენებს და ისე აკავებს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი თავდაპირველად ავტომობილით შეეჯახა რკინის ბარიერს, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოვიდა და დანით იმუქრებოდა. არსებული ცნობებით, მამაკაცი ორი დანით იყო შეიარაღებული და პოლიციელს ეუბნებოდა: "არ მომიახლოვდეთ, თორემ თავს მოვიკლავ“.