უახლოეს თვეებში მაყურებელი ახალ ქართულ მხატვრულ ფილმს ნახავს. ფილმის სახელწოდებაა - "ბრძოლა - ბერი გაბრიელი", რომლის რეჟისორი გიორგი კაჭარავაა. რეჟისორს ამ პროექტის განსახორციელებლად 12 წელი დასჭირდა... ფილმში არაერთი ცნობილი ქართველი მსახიობი თამაშობს. მთავარი როლი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობს ზურა ავსაჯანიშვილს ერგო... სანამ ზურა ავსაჯანიშვილი იმ ემოციებზე გიამბობდა, თუ როგორ ითამაშა წმინდანის როლი, როგორ აფასებს თავის პერსონაჟს, მანამდე მსახიობს მის განვლილ გზაზე ვესაუბრეთ.
- მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობობას ალბათ კიდევ რაღაც სხვა სჭირდება, როცა დარბაზში მოზრდილებთან ერთად ბავშვებიც არიან...
- დიდი რესურსი სჭირდება თანაბრად ბავშვებთან და მოზრდილებთან თამაშს. როდესაც სპექტაკლზე პატარები მოდიან, რაღაც შუალედის გამონახვა გიწევს - გინდა სათქმელი უფროსებთანაც მიიტანო და ბავშვებთანაც. ძალიან შრომატევადი პროცესია, ამას თეატრში ჩახედული ადამიანი უკეთ მიხვდება.
- მშობლებს უნდოდათ, რომ ექიმი-გინეკოლოგი გამოვსულიყავით... თეატრისკენ რატომ გადაიხარეთ?
- თეატრი ბავშვობიდან მიყვარდა. თინეიჯერობის პერიოდში ჩემზე სამმა სპექტაკლმა იქონია გავლენა: ერთი - „თუმანიშვილის“ „ჩემი პატარა ქალაქი“ (მივხვდი, რომ თეატრი რაღაც სხვა სამყარო იყო), მეორე - „მარჯანიშვილში“ (ტელესპექტაკლად ვნახე) „ჯაყოს ხიზნმები,“ იქ მსახიობი ზურა სტურუა თამაშობდა, რომელიც საოცრად ცეკვავდა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მესამე სპექტაკლი „რუსთაველის“ „კავკასიური ცხრცის წრეა“. „კავკასიურმა“ მხოლოდ ჩემზე კი არა, ბევრ ადამიანზე მოახდინა გავლენა და თავად რეჟისორი, რობიკო სტურუაც სხვა საფეხურზე აიყვანა. მსახიობობა არის პროფესია, რასაც დიდი სიყვარულით ემსახურები, მაგრამ გაცემული ენერგიიდან შეიძლება რაღაც დაგიბრუნოს ან არა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ხარ...

- ე.ი. მშობლებს იმედები გაუცრუეთ და ექიმი არ გამოხვედით...
- რას იზამ, - შეიძლება კარგი ექიმი გავმხდარიყავი, მერწმუნეთ, ცუდი არ ვიქნებოდი, მაგრამ მე რა, თუ ქართულმა მედიცინამ თუ ერთ-ერთი კარგი გინეკოლოგი დაკარგა?! სამაგიეროდ მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ერთ-ერთი ჯარისკაცი შეიძინა.
- მოზარდ მაყურებელთა თეატრში მართლა ბევრი როლი გაქვთ ნათამაშევი, უმეტესად მაინც ბავშვებისთვის...
- როცა მაყურებელი ბავშვია, გინდა, რაღაც ისეთი მისცე და გაატანო, რომ ცხოვრებაში გამოადგეს. მოზარდში ყოველთვის ნიჭიერი ხალხი მუშაობდა და ახლაც თავდაუზოგავად მუშაობენ ძალიან საინტერესო მსახიობები, რეჟისორები... თეატრში ჩემი პედაგოგის, შალვა (მუმუშა) გაწერელიას ხანა რენესანსის პერიოდად ითვლება... წინა თაობას მეც მოვესწარი. მერე ჩვენმა თაობამაც ვეცადეთ, თეატრისთვის რაღაც ჩვენიც შეგვეძინა. ასევე ბევრი კარგი ახალგაზრდა მსახიობი მოდის, ვისაც თეატრი უყვარს, რაც მიხარია. მეტი შესაძლებლობა აქვთ, - მუსიკალურებიც არიან, არტისტულებიც - ძალიან ღრმა ხალხია.ბატონი შალვა გაწერელია ვახსენეთ და ახლა ამ საქმეს ბატონი დიმიტრი ხვთისიაშვილი დიდი მონდომებით განაგრძობს. თეატრს ძალიან კარგად უძღვება. მსახიობს პატივს გვცემს და ჩვენც ვცდილობთ, საქმით მაქსიმუმი გავაკეთოთ.

- პარალელურად "მარჯანიშვილში", "ახმეტელში", "სარდაფში რუსთაველზეც" გაქვთ სპექტაკლებში ნათამაშევი, სხვათა შორის, ბევრნაირი როლი. სხვადასხვა ფსიქოტიპის ადამიანის ნიღაბი მოგირგიათ, მათ შორის, ლოთის, მეფის, პოლიციელის, ინტელიგენტის, ასევე ცხოველების და ფრინველების. არ არის რთული კატის, ან ყვავის თამაში?
- ცხოველები და ფრინველები ეს თქვენთვის, მაყურებლებისთვისა, თორემ ჩემთვის ისინი საინტერესო პერსონაჟები არიან თავისი ცხოვრებით, ტკივილით, განცდით და ამბით, რომელთაც ვცდილობ, გავუგო... თეატრი ხომ განსაკუთრებული სამყაროა, ყოველი დღე და წუთი სცენაზე ძალიან ზღაპრულია... გეტყვით, რომ ამ თეატრში ყველაზე სტაჟიანი მგელი ვარ... ერთი მგელი, რომელსაც ვთამაშობდი, ვეგეტარიანელი იყო და ძალიან მიყვარდა. ხორცს არ ჭამდა და ბოსტანს აშენებდა...

- საინტერესოა... თქვენს ახალ კინოროლზე ვისაუბროთ "ბრძოლა - ბერი გაბრიელი" - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც რეჟისორმა გიორგი კაჭარავამ გადაიღო და მისი პრემიერა უახლოეს თვეებში გაიმართება. ფილმში მთავარი როლი გაქვთ - ბერი გაბრიელი ხართ... რას გვეტყვით თქვენს ამ ნამუშევარზე?
- როდესაც კასტინგზე მივედი, ბატონი გია მესაუბრა. გავიგე, რომ ამ ფილმის სცენარზე 12 წელი უმუშავია. კაგებე-ს არქივიდან უამრავი მასალა, დოკუმენტი იყო მოსაძებნი, არაერთი ამბები, თუ ისტორია იყო მოსაპოვებელი... დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ გრიფით საიდუმლო მასალები გახსნილიყო... როდესაც იგებ, ადამიანი თუ როგორ მუშაობდა, როგორი სიყვარულით უდგებოდა ამ ყველაფერს, მერე როგორ განდობს მთავარ როლს, თან თანამედროვე ქართველი წმინდანი უნდა ითამაშო, - დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ... იქვე იაზრებ, ბერი გაბრიელი ქართველებისთვის რამხელა მამაა, როგორ გითხრათ, საოცარი ემოციები მქონდა... ამ ყველაფერს დიდი დაბნეულობაც ახლდა. მიდიხარ ამ ნაბიჯზე და თან გიხარია, თან ცოტათი გეშინია. იცი, რომ სპექტაკლის მსგავსად არ ხარ კინოგადაღებით განებივრებული, კინო ხომ სხვა სპეციფიკაა. ამასთან შენი პირველი მხატვრული ფილმია და თან ასეთი როლი - ეს ყველაფერი ჩემთვის უდიდესი წნეხი იყო. ვფიქრობდი ასევე მაყურებელზე - ჩემი ნამუშევარი მოეწონება თუ არა?! ზოგი შეგაქებს და ზოგი გაგაკრიტიკებს კიდეც...

- და როგორ წარიმართა გადაღების პროცესი?
- კარგად - პროცესში ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა, ისეთი, რაც ამოუცნობიც იყო... ხელის შემშლელი არაფერი ყოფილა. რამდენიმე თვე ვიღებდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, თბილისშიც. ფილმი ბერი გაბრიელის ცხოვრების იმ მომენტიდანაა, როდესაც მან ლენინის პორტრეტი დაწვა და რის მერეც მის ცხოვრებაში უმძიმესი პერიოდი დაიწყო... მაშინ 36 წლის იყო. ფაქტობრივად ადამიანი თავისი რწმენით იმ უღმერთო ქვეყანას, მონსტრს დაუპირისპირდა, რის გამოც უდიდესი ტკივილი გაიარა. ფსიქიატრიულში გადაიყვანეს, რადგან თვლიდნენ, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა,მერე ციხეში გამოკეტეს. იყო წამების მსხვერპლი, რამდენ განსაცდელს გაუძლო, მაგრამ რწმენაში მყოფმა და შინაგანად ძლიერმა ადამიანმა ყველაფერს ღირსეულად გაუძლო.
- ალბათ სანამ ამ როლს ითამაშებდით, მამა გაბრიელზე სხვადასხვა მასალას თქვენც გაეცანით...
- კი, ბევრ რამეს გავეცანი. ჩანაწერებით, მისი ხმის მოსმენით, ვცდილობდი, მივმსგავსებოდი, ღამეებს ვათენებდი, ვმუშაობდი, მაგრამ მერე ჩემში გარდამტეხი ამბავი მოხდა. რატომ უნდა გავაკეთო ეს? ეს ხომ კალკი გამოვა, მოდი, მივენდობი ამ ყველაფერს და შევქმნი ადამიანს, თავისი ტკივილებით, განცდებით... როდესაც წმინდანს, ან რაიმე სიწმინდეს ვეხებით, ხომ ასეა, რაღაც მოკრძალებულები ვხვდებით. ეს მოკრძალება როლის სათამაშოდ ხელს შემიშლის. ამიტომ, იმ პიროვნებას ვითამაშებ, რომელმაც ის თავისი ემოციებით და განცდებით გამოიარა-თქო... ვისთვის ლოთი იყო, ვისთვის - წმინდანი, ზოგისთვის - არავინ, ან უბრალოდ ფსიქიატრიულის პაციენტი, თუნდაც - ხულიგანი... მთავარი იყო მის მიერ გადატანილი ტრაგიკული ამბების ფონზე პიროვნული სიძლიერე, ტკივილის გაძლება, დათმენა, რწმენაში უტეხობა მეჩვენებინა... როდესაც ამ ფილმს მშვიდად იღებ, არა მგონია, ამაში რაღაც უხილავი ძალა არ იყოს ჩარეული. შეიძლება ეს საკითხი ვიღაცისთვის საკამათო აღმოჩნდეს, მაგრამ რადგან ასე მშვიდად გავიარეთ ეს პროცესი და ასე დამთავრდა გადაღებები, ალბათ ასე უნდა ყოფილიყო.

- ეკლესიური ხართ?
- რწმენაში ვიყავი, მაგრამ ეკლესიური არ ვყოფილვარ. გადაღებაზე წასვლის წინ მეუღლემ მითხრა, ჩვენ სახლთან, ეკლესიაში მამა შალვასთან იქნებ მიხვიდე და შენს გადაწყვეტილებაზე გაესაუბრაო. წავედი... მესანთლემ მითხრა - მამა შალვა რაღაც პერიოდი არ იქნება, ტაძარში სხვა მამაოა. საკურთხევლიდან ისმოდა მოძღვრის გალობა... გავკადნიერდი და ვიფიქრე - მამა გაბრიელი თუ ახლა რაიმე მინიშნებას მომცემს, როცა ამ მამაოს გავესაუბრები, ამას ცნობად მივიღებ-თქო. ეს ფიქრი დასრულებული არ მქონდა, თავდახრილი ვიდექი, დავინახე, რომ მამაო გამოჩნდა, საკურთხევლიდან გამოვიდა. თავი ავწიე, თვალი ავაყოლე და მის ოლარზე მამა გაბრიელი იყო ამოქარგული... წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა - ასე გამომესახა მამა გაბრიელი. გადავირიე... მეტი მინიშნება რაღა უნდა ყოფილიყო?! ახლა უკვე იმ ეკლესიის მრევლი ვარ. ის მოძღვარი კი მამა ლუკა აღმოჩნდა. დიდი ბედნიერება იქნება ამ ფილმის გამოსვლით ვინმე რაღაცნაირად თუ ჩაფიქრდეს. იქნებ ცოტა რწმენისკენ მოვატრიალოთ ადამიანები, ამაზე კარგი არაფერი იქნება.

- საბოლოოდ მამა გაბრიელის შესახებ, როლზე მუშაობის შედეგად როგორი დასკვნა გააკეთეთ?
- მასზე დიდი გმირი იშვიათია. ადამიანობის მაგალითია. მასში ასევე არტისტულობაც დიდი დოზით იყო. გაბედული, ღირსეული და ვფიქრობ, უნაკლო იყო - მასში ყველაფერი ერთად იყრიდა თავს. მერე გასაოცარი აღმოჩნდა მისი რწმენისადმი ერთგულება და ისიც მნიშვნელოვანია ეს რა პერიოდში შეძლო. რა დროს დაუპირისპირდა იმ ათეისტებს, იმხელა იმპერიას, რომლისთვისაც მისი მოკვლა არაფერი იქნებოდა, მაგრამ ახალგაზრდა, რწმენით გაჟღენთილმა ადამიანმა უძლიერესმა პიროვნებამ ბოლომდე გაიტანა, აიტანა და ფაქტობრივად ბოროტებაზე გაიმარჯვა. თუმცა თავიდანვე გამარჯვებული იყო, როცა ეს ბრძოლა დაიწყო და ყველაფერი მხოლოდ თავმდაბლობით შეძლო. განა იმიტომ, რომ მე ვთამაშობ, ან იმიტომ, რომ მინდა ეს ფილმი კარგად შეფასდეს, ან მინდა, რომ ბატონმა გიამ გაიმარჯვოს საკუთარ თავზე და მე - ჩემს თავზე გავიმარჯვო და საერთოდ ფილმმა სამყაროზე გაიმარჯვოს. მინდა ეს ჩვენი ნაბიჯები ისეთი აღმოჩნდეს, რომ ადამიანები მიხვდნენ რწმენის ძალას. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- წარმატებებს გისურვებთ.