ავტორი:

"რას იზამ, ბავშვი რომ სკოლაში წავა და შენ საწოლიდან ვერ ადგებიო" - 87 წლის დედა და 21 წლის შვილი: როგორ ცხოვრობს გოგონა, რომლის დაბადებას ეკლესია ეწინააღმდეგებოდა

"რას იზამ, ბავშვი რომ სკოლაში წავა და შენ საწოლიდან ვერ ადგებიო" - 87 წლის დედა და 21 წლის შვილი: როგორ ცხოვრობს გოგონა, რომლის დაბადებას ეკლესია ეწინააღმდეგებოდა

2005 წლის იანვარში რუმინეთიდან გავრცელებულმა ამბავმა მსოფლიო ორ ბანაკად დაყო: 66 წლის პროფესორმა, ადრიანა ილიესკუმ, პირველი შვილი გააჩინა. მაშინ მას გინესის რეკორდსმენის ტიტული მიენიჭა, როგორც "მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ დედას", თუმცა საზოგადოების ნაწილმა ის ეგოიზმში დაადანაშაულა.

დღეს, 2026 წელს, ადრიანა 87 წლისაა, მისი ქალიშვილი ელიზა კი უკვე 21 წლის მომხიბვლელი სტუდენტია.

ტრაგედია, რომელმაც ექსპერიმენტამდე მიიყვანა

ადრიანა წარმატებული ლიტერატორი და პროფესორი იყო, თუმცა მის პირად ცხოვრებას დიდი ჩრდილი ახლდა. 20 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის გამო, ექიმებმა აიძულეს აბორტი გაეკეთებინა. ამის შემდეგ მან ათწლეულები მარტოობაში გაატარა. როდესაც პენსიაზე გავიდა, მიხვდა, რომ თუ ახლა არ იმოქმედებდა, მისი სახელი სამუდამოდ გაქრებოდა. მან 9 წელი დაყო კლინიკებში და საბოლოოდ, ხელოვნური განაყოფიერების (IVF) გზით დაორსულდა.

ეკლესიის რისხვა და "სიკვდილის კონტრაქტი"

ელიზას დაბადებამ რუმინეთში ნამდვილი ომი გამოიწვია. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ ფაქტს „ღვთის კანონების წინააღმდეგ წასვლა“ უწოდა. ხალხი ქუჩაში აჩერებდა და ეკითხებოდა: „რას იზამ, როცა ბავშვი სკოლაში წავა და შენ საწოლიდან ვეღარ ადგებიო?“

ადრიანამ ყველაფერი გათვალა. მან თავის მკურნალ ექიმთან, ბოგდან მარინესკუსთან იურიდიული ხელშეკრულება გააფორმა - თუ დედა გარდაიცვლებოდა, ექიმი იღებდა ვალდებულებას, გოგონას მეურვე გამხდარიყო მის სრულწლოვანებამდე.

როგორ გამოიყურება დღეს ელიზა?

მიუხედავად იმისა, რომ ელიზას დედა ბებია ან დიდ ბებიად ეგონათ, გოგონა არასდროს დათრგუნულა. ის საოცარი ინტელექტით გამოირჩევა — 21 წლის ასაკში ის უკვე ორი უნივერსიტეტის სტუდენტია და ერთდროულად სწავლობს ტექნიკურ მეცნიერებებსა და ლიტერატურას.

„დედა ჩემთვის ყველაფერია. ის უფრო ენერგიულია, ვიდრე ბევრი ახალგაზრდა მშობელი“ - აცხადებს ელიზა.

მზადება დასასრულისთვის

87 წლის ადრიანა დღესაც საღ გონებაზეა, თუმცა სიკვდილისთვის წინასწარ ემზადება. მან უკვე იყიდა სამარხი, მოამზადა დასაკრძალი სამოსი და დააგროვა საკმაოდ სოლიდური თანხა, რათა ელიზას ფინანსური პრობლემები არ ჰქონდეს.

მისი თქმით, ის არ ნანობს არცერთ წამს. მან მსოფლიოს აჩვენა, რომ დედობისთვის არასდროს არის „ზედმეტად გვიან“.