ავტორი:

ტრამპის სკანდალურმა განცხადებამ პრინცი ჰარიც გაანაწყენა - რა თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიტანულ ჯარებზე: მისგან ბოდიშს ელოდებიან

ტრამპის სკანდალურმა განცხადებამ პრინცი ჰარიც გაანაწყენა - რა თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიტანულ ჯარებზე: მისგან ბოდიშს ელოდებიან

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, დონალდ ტრამპის კომენტარებს ავღანეთში ბრიტანელი ჯარისკაცების ქმედებებთან დაკავშირებით „შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელი“ უწოდა.

  • Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ბრიტანული ჯარები ავღანეთში ფრონტის წინა ხაზზე არ იმყოფებოდნენ.

"პირველ რიგში, მინდა პატივი მივაგო ჩვენი შეიარაღებული ძალების 457 წევრს, რომლებიც ავღანეთში დაიღუპნენ, პრეზიდენტ ტრამპის გამონათქვამებს შეურაცხმყოფლად და გულწრფელად შემაძრწუნებლად მივიჩნევ. არ მიკვირს, რომ ამან ასე გაანაწყენა ისინი, ვისი ახლობლებიც დაიღუპნენ ან დაშავდნენ. მე რომ ასე ცუდად გამომსვლოდა, აუცილებლად ბოდიშს მოვიხდიდი" - განაცხადა სტარმერმა დაუნინგ სტრიტიდან ვიდეომიმართვაში.

ტრამპის კომენტარის საპასუხოდ განცხადება პრინცმა ჰარიმაც გაავრცელა:

"მე იქ ვმსახურობდი. მეგობრები შევიძინე და თანამებრძოლები დავკარგე. ათასობით ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. დედებმა და მამებმა თავიანთი ვაჟები და ქალიშვილები დამარხეს. ბავშვები მშობლების გარეშე დარჩნენ. ოჯახები დღემდე იხდიან ამ დანაკარგს“, — თქვა პრინცმა ჰარიმ.

ოპოზიციის ლიდერმა კემი ბადენოჩმა ტრამპის განცხადება სამარცხვინო უწოდა.

"არ უნდა არსებობდეს ისეთი გაუაზრებელი კომენტარები, რომლებიც ასუსტებს ნატოს მოკავშირეებს შორის მტკიცე ურთიერთობას“, — განაცხადა მან.

მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „რეფორმა დიდი ბრიტანეთის“ ლიდერმა და ტრამპის დიდი ხნის მხარდამჭერმა, ნაიჯელ ფარაჟმაც კი გააკრიტიკა პრეზიდენტი. "დონალდ ტრამპის კომენტარები უბრალოდ არასწორია“, — დაწერა მან X-ში. „20 წლის განმავლობაში ჩვენი შეიარაღებული ძალები მამაცურად იბრძოდნენ შეერთებული შტატების მხარდამხარ ავღანეთში. ეს კაცები და ქალები იმსახურებენ ჩვენს უსაზღვრო პატივისცემას“.

  • ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ვან ვილმა, ასევე დაგმო ტრამპის კომენტარები ავღანეთთან დაკავშირებით და მას "უპატივცემულო" უწოდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონელი ჯარისკაცები ავღანეთის ფრონტის ხაზზე მსახურობდნენ და დასძინა, რომ „არავის აქვს უფლება დასცინოს ჩვენი ჯარისკაცების სამსახურს“.

ნატოს მოკავშირეთა ძალების ყოფილმა უმაღლესმა სარდალმა, ჯეიმს სტავრიდისმა, განაცხადა, რომ 2009-დან 2013 წლამდე მისი მეთაურობით „ავღანეთის ფრონტის ხაზზე“ ასობით მოკავშირე ჯარისკაცი დაიღუპა.

ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში 2001 წლის ოქტომბერში შეიჭრა, რათა დაემხო თალიბანი, რომელიც ოსამა ბინ ლადენს და 11 სექტემბრის თავდასხმებში მონაწილე სხვა ალ-ქაიდას ლიდერებს აფარებდა თავს. ნატოს მოკავშირეებმა ამერიკულ კამპანიას ჯარებითა და სამხედრო აღჭურვილობით დაუჭირეს მხარი. 2021 წლისთვის, როდესაც აშშ-მ ქვეყნიდან თავისი ჯარები გაიყვანა, დაღუპულ ჯარისკაცთა რიცხვმა 3500-ს გადააჭარბა, რომელთაგან დაახლოებით ორი მესამედი ამერიკელი იყო.

ავღანეთში ნატოს განლაგების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა 2,465 სამხედრო დაკარგა, გაერთიანებულმა სამეფომ 457, ხოლო კანადამ 158.

წყარო