ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადყო, რომ საქართველო არც აშშ-ს და არც სამეზობლოს ფოკუსში აღარ ექცევა. მაგალითად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა: "ჩვენ, ფაქტობრივად, ცალმხრივად გავხსენით დერეფნები სომხეთისთვის. დიახ, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება. თუმცა, ერთ დღესაც ტრანზიტის უზრუნველყოფა პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება და ეს დღე არც ისე შორს არის".
"როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ასევე ჩვენი უშუალო მეზობლები, "ქართულ ოცნებას“ აღარ განიხილავენ როგორც ადეკვატურ, სანდო სავაჭრო პარტნიორს, რაც უდიდესი პრობლემა და ტრაგედიაა საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციიდან გამომდინარე. ჩვენი მეზობლებისგან განსხვავებით, "ოცნება“ იმდენად ტოქსიკური, არასანდო და არაადეკვატური გახდა, რომ მასთან საქმის დაჭერა აღარავის უნდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისევ და ისევ, მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველო გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში რჩება მარტო, სანდო მოკავშირეების გარეშე და პირისპირ რუსეთთან" - ამბობს პოლიტოლოგი გიორგი მელაშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.
- დავიწყოთ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მყოფი აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების - ილჰამ ალიევისა და ვაჰაგნ ხაჩატურიანის განცხადებით, რომლის მიხედვითაც, სომხეთიდან აზერბაიჯანში და - უკან ტვირთები (რაც ამჟამად საქართველოს ტერიტორიით გადაადგილდება), მომავალში პირდაპირ ორ ქვეყანას შორის გადაიზიდება. რას ნიშნავს ეს განცხადება და ამ სქემიდან საქართველოს ჩახსნა?
- არსებობს რამდენიმე კორიდორი, რომლითაც შესაძლებელია ტვირთების გადაზიდვა აზერბაიჯანსა და სომხეთში. როგორც ჩანს, ძირითადად საუბარია რუსეთიდან სომხეთისკენ მიმავალ ტვირთებზე, თუმცა ამ ეტაპზე ამ ტვირთების გადაზიდვის განახლებას სჭირდება სერიოზული ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში. სომხეთის რკინიგზა ეკუთვნის რუსეთის სარკინიგზო სისტემას, შესაბამისად, სარკინიგზო ტვირთბრუნვის აღდგენას, მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანმა მიმართა რუსეთის რკინიგზას, გარკვეული დრო დასჭირდება.
ამას ემატება ლოჯისტიკური ფაქტორი სტავროპოლიდან, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ლოჯისტიკური ჰაბია ჩრდილოეთ კავკასიაში. საქართველოს გავლით სომხეთამდე გზა უფრო მოკლეა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ტრამპის მიერ ინიციირებული სამშვიდობო პროცესის ფარგლებში აზერბაიჯანი შეეცადოს, რომ ტვირთების გარკვეული ნაწილის გადაზიდვა მოხდეს მათი ტერიტორიის მეშვეობით. ანუ ეს განცხადება უფრო მეტად პოლიტიკურ-გეოპოლიტიკურია, ვიდრე სუფთად ეკონომიკური.
არ არის გამორიცხული, ამას მოგვიანებით თურქეთის რესპუბლიკის სარკინიგზო ქსელი შეუერთდეს, მათ შორის ზანგეზურის დერეფნით, მათ შორის სხვა სარკინიგზო კავშირებით, რომლებიც არსებობს სომხეთსა და თურქეთს შორის, უფრო ჩრდილოეთით. თუმცა ამ თემაში მთავარი ის არის, რომ როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ასევე ჩვენი უშუალო მეზობლები, "ქართულ ოცნებას“ აღარ განიხილავენ როგორც ადეკვატურ, სანდო სავაჭრო პარტნიორს. მაშინ, როცა არჩევანია, ყველა საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას, ასევე პოლიტიკოსებს ურჩევნიათ, რომ ტვირთებმა გაიაროს სანდო და ადეკვატური პარტნიორის ტერიტორიაზე. "ქართულმა ოცნებამ“ კი მთელი ამ ხნის განმავლობაში შეიქმნა სრულიად არაადეკვატური და არასანდო იმიჯი, როგორც ჩვენს მეზობლებთან, ასევე დასავლელ პარტნიორებთან. ეს არის უდიდესი პრობლემა და ტრაგედია საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციიდან გამომდინარე, რადგან ყალიბდება შუა დერეფნის სამხრეთ განშტოება, რომელიც ჩვენზე აღარ გადის და ამ კონტექსტში ჩვენ ვრჩებით კონკურენტული უპირატესობის გარეშე. "ოცნება“ ანაკლიის პორტის სასწრაფოდ ასაშენებლადაც არაფერს აკეთებს...
"ოცნება“ იმდენად არასანდო და არაადეკვატური პარტნიორია, რომ მათი მოწვევა საერთაშორისო ფორუმებზე უბრალოდ, აღარც კი განიხილება. ირაკლი ღარიბაშვილიც კი, რომელსაც უამრავი თავისი პრობლემა ჰქონდა, ახერხებდა დავოსში და მსგავს ფორუმებში მონაწილეობის მიღებას. "ოცნების“ მენეჯმენტის საგარეო პოლიტიკა იმდენად ქაოსური და არაადეკვატურია, რომ მათი დაპატიჟება უბრალოდ, ტოქსიკურია და ამიტომ არ მიიწვიეს დავოსის ფორუმზე.
- თებერვალში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა... საქართველო აქაც თამაშგარეა და ისევ ვერ მოვხვდით ამერიკის ფოკუსში...
- ის გარემოება, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოში არ ჩამოდის, ეს არის "ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის სრული ჩაფლავების მანიშნებელი. ეს ძალიან ნათლად გვიჩვენებს იმას, რომ ჩვენმა მეზობლებმა გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში მოახერხეს სანდო მოკავშირეებთან კავშირების დამყარება, ხოლო "ოცნება“ იმდენად ტოქსიკური, არასანდო და არაადეკვატური გახდა, რომ მასთან საქმის დაჭერა აღარავის უნდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისევ და ისევ, მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველო გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში რჩება მარტო, სანდო მოკავშირეების გარეშე და პირისპირ რუსეთთან.
რუსეთთან პირისპირ დარჩენა რამდენად დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ გვინახავს. უბრალოდ, ტრაგიკულია, რომ დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგ "ქართული ოცნება“ ფაქტობრივად, ძალით გვაბრუნებს რუსული გავლენის სფეროში და რუსულ წუმპეში. მაშინ, როდესაც ევროკავშირმა მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, მაშინ, როცა სომხეთმა და აზერბაიჯანმა მოახერხეს რუსული გავლენებისგან თავის დაღწევა ამერიკელების დახმარებით, "ოცნება“ პირიქით - აღრმავებს ჩვენს დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციასთან და ამავდროულად, ვერც რუსეთთან ახერხებს ნორმალური ურთიერთობის დამყარებას. ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა როგორი პრობლემურიც იყო, "ქართული ოცნების“ პირობებში კიდევ უფრო გაპრობლემურდა, რადგან რუსების ინტერესების დაკმაყოფილება იწვევს მხოლოდ ამ ინტერესების გაზრდას და საბოლოო ჯამში, მათი მთავარი ინტერესია ქართული სუვერენიტეტის სრული განადგურება და საქართველოს გადაქცევა ისეთ კვაზი სახელმწიფოებრივ ერთეულად, როგორიცაა ჩეჩნეთი.
- 20 იანვარს ერთი წელი გავიდა იმის მოლოდინში, რომ "ქართული ოცნება“ ტრამპთან "დაალაგებდა“...
- დიახ, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ოცნების“ პროპაგანდა აშშ-სთან ურთიერთობის დალაგებას გვპირდებოდა და დღემდე ერთადერთი, რასაც "ოცნებამ“ მიაღწია, ეს არის კეპი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ოცნების წარმომადგენელს აჩუქა. ამ კეპის იქით ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, სამწუხაროდ, არ განვითარებულა მაშინ, როცა ვხედავთ, სომხეთმა როგორ კარგად მოახერხა ამ სიტუაციის გამოყენება. ამ ყველაფერზე კი პასუხისმგებელი "ოცნების“ საგარეო კურსის არაადეკვატურობაა.
- გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დავოსში კორპორაცია "ბლექროკის“ ხელმძღვანელ ლარი ფინკს შეხვდა, რომელთანაც აზერბაიჯანმა საინვესტიციო ხელშეკრულებები გააფორმა. "ბლექროკს“ კი ვიცით, "ოცნება“ "გლოპის“ (გლობალური ომის პარტია) ერთ-ერთ საყრდენად მოიხსენიებდა. იზიარებთ ამ ვერსიას?
- ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. "ოცნების“ და მისი პროპაგანდის არაადეკვატურობა იმაშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საინვესტიციო ფონდ "ბლექროკთან“, რომელთანაც უშუალო კავშირი აქვს არა მარტო ტრამპს, არამედ აშშ-ს სახელმწიფოს, "ოცნებამ“ ურთიერთობები არა მარტო გაიფუჭა, არამედ საერთოდ მტრად გამოაცხადა. ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია იმიტომ, რომ მათ მიერ განხორციელებული ინვესტიცია შეიძლება ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან სასარგებლო ყოფილიყო. აშკარაა, რომ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანისთვისაც, რომელიც ეკონომიკურად ჩვენზე ძლიერადაა მისი რესურსებიდან გამომდინარე, "ბლექროკთან“ თანამშრომლობა უაღრესად მიმზიდველია. აზერბაიჯანელებს ძალიან კარგად ესმით, ეს მათთვის რამდენად სერიოზული დოვლათისა და სიკეთის მომტანია და ამ დროს "ქართული ოცნება“ ამ და სხვა მსხვილ ამერიკულ კომპანიებს ლამის მტრებად აცხადებს მაშინ, როცა რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ვზრდით.
- მაინც სად მივყავართ "ოცნებას", რა მიზნები აქვს მას?
- "ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის ჩაფლავება აშკარაა ნებისმიერი საერთაშორისო მიმომხილველისთვის - მათი მცდელობები რაღაც ნეიტრალიტეტზე საუბრით და სხვა მსგავსი, სრულიად დაუსაბუთებელი გეოპოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ ტრაგიკულია. საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვქონდა რუსეთთან მიმართებაში გამოცხადებული ნეიტრალიტეტი, რაც დამთავრდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციით, რეპრესიებით და ჩვენი დამონებით სსრკ-ს დაშლამდე. ჩანს, იმავე შეცდომის გამეორება უნდა "ოცნებას“, რადგან ვერ ელევა აბსოლუტურ და უსამართლო ძალაუფლებას, რომელიც მათ გააჩნიათ და რომელსაც ისინი იყენებენ იმისთვის, რომ ტროტუარზე მდგომი ადამიანები დასაჯონ. მთავარი გამოსავალი ისაა, რომ ქართულმა საზოგადოებამ გააგრძელოს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ყველამ უნდა გავიაზროთ, როგორი დამღუპველია ის გზა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად აირჩია და შესაძლებლობების ფარგლებში ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ის ვაიძულოთ ქართველი ხალხის ნება აღასრულოს და შეწყვიტოს რუსეთზე ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულების ზრდა და, ფაქტობრივად, გაყიდვა.