ავტორი:

როგორ დაარსდა ვერისა და ვაკის უბნები - როგორი იყო თბილისის ცენტრალური უბნები თავდაპირველად?

როგორ დაარსდა ვერისა და ვაკის უბნები - როგორი იყო თბილისის ცენტრალური უბნები თავდაპირველად?

თბილისის ისტორიაში დედაქალაქის თითოეულ უბანს თავისი დაარსებისა თუ განვითარების ისტორია აქვს. ამასთან, ყოველი უბანი თავის ფერს ანიჭებდა დედაქალაქს, მისი ცხოვრებას. ამ ისტორიიდან ყველა ეპიზოდი საინტერესოა, ამბები მისი ცენტრალური თუ გარეუბნების დაარსებისა და განაშენიანების შესახებ. ახლა ისეთ ცენტრალური უბნებს შევეხებით, როგორებიცაა ვერისა და ვაკის უბნები.

  • ვერა, ვერე - უბანი თბილისში, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (მთაწმინდის რაიონი) მდებარეობს.

სახელი მდინარე ვერეს მიხედვით ეწოდა. ქალაქისპირა ისტორიული დასახლების - ვერის ადრინდელი სახელია სკვირეთი. პირველად სიტყვა "ვერე“ "ვერისხევის“ სახელად XIII საუკუნიდან გვხვდება. XVI საუკუნეში მეფე სიმონ I-ის მიერ გაცემულ სიგელში "ვერისხევის" ტარუღა - ასეა აღნიშნული.

სოფელი ვერე (ვერა) მდინარე ვერეს ქვემოწელზე, მტკვრის შესართავთან XVIII საუკუნეში წერილობით წყაროებში იხსენიება. იქვე აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალა ცხადყოფს, რომ ეს ადგილები უფრო ადრეც უნდა ყოფილიყო დასახლებული.

ვერაზე გადიოდა თრიალეთისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სტრატეგიული და სავაჭრო-საქარავნე გზა. XVIII საუკუნეში ამ გზას საგანგებო რაზმი ე.წ. ვერის ხევის ყარაული იცავდა. შემოიფარგლებოდა აღმოსავლეთიდან - გაბაანთ ხევით (ახლანდელი მ. ჯავახიშვილისა და ე.გაბაშვილის ქუჩებით), ჩრდილოეთიდან - საბურთალოთი, დასავლეთიდან - ვარაზისხევით, სამხრეთიდან კი - ე.წ. სემიონოვკის დასახლებით (ახლანდელი ზემო ვერით).

ვერე საგაბაშვილო მამული იყო. XVIII საუკუნეში შედგენილი ერთი დოკუმენტის ("ქალაქის მოურავის სარგო“) მიხედვით, ქალაქის მოურავს თავისი წილი ვერის ბაღებიდანაც ერგებოდა.

XIX საუკუნეში იქ ახალი უბნები გაჩნდა - ვარდისუბანი, ვაკე... ვერის ინტენსიური განაშენიანება XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო და საუკუნის ბოლოს ქალაქურმა საცხოვრებელმა სახლებმა ვაკის საზღვარს (ვარაზისხევს) მიაღწია.

ვერის ტერიტორიაზე შემორჩენილია XIII საუკუნის ეკლესია - "ლურჯი მონასტერი,“ რომლის გვერდით XX საუკუნის დასაწყისში აგებული იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაა.

ვარაზისხევი

ვარაზისხევი უზარმაზარი ხევი იყო, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლების ბოლოს ამოივსო. მანამდე დღევანდელი პეტრე მელიქიშვილისა და ილია ჭვაჭავაძის გამზირები ვარაზისხევზე გადებული ხიდით იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. ვარაზის ხევის ზედა ნაწილის ამოვსების შედეგად წარმოიქმნა კ. კეკელიძის ქუჩა, რომელსაც სახელი 1962 წელს ეწოდა, ხოლო 60-70-იან წლებში იქ საცხოვრებელი კორპუსები აშენდა...

დღევანდელი ჭავჭავაძის გამზირის პარალელურად, ვაკეში სხვა ქუჩებიც წარმოიქმნა, რომლებიც დაახლოებით ერთ პერიოდში გაშენდა. მაგალითად, დღევანდელი ფალიაშვილის ქუჩა XX საუკუნის 20-იან წლებში გაჩნდა, თავიდან ვაკის ქუჩა, ხან ვაკის გამზირი ერქვა, ხოლო 30-იან წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელი ეწოდა.

ვაკე

  • უბანი თბილისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებული უბანი ვაკის რაიონის ნაწილია. გაშლილია ვარაზისხევის მარცხენა მხარეზე ბაგებამდე.

სახელწოდება XIX საუკუნეში გაჩნდა, ნიშნავს დაცემულ, დაბალ ადგილს. ვაკე ძველი ვერის (საგაბაშვილო) ტერიტორიაზე წარმოშობილი დასახლებული პუნქტია. XX საუკუნის დასაწყისისთვის მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით ვარაზისხევი, ჩრდილოეთით - მდინარე ვერე, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით - მთის კალთები.

ვაკის პარკი

იმ პერიოდში წყნეთის ქუჩის (ახლანდელი პეტრე მელიქიშვილის ქუჩა) განაშენიანებამ მიაღწია ვარაზისხევს, რომელზეც მცირე ხიდი იყო გადებული. თბილისის 1906 წლის გეგმაზე ხევს გაღმა მხოლოდ სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაა აღნიშნული (ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი). შემდეგ გიმნაზიიდან მოშორებით აშენდა სასულიერო სემინარია (გვიან აქ დიდი ხნის მანძილზე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი იყო განთავსებული, სადაც შემდეგ ყოფილი მე-9 საავადმყოფო იყო. ხოლო ტერიტორია, რომელიც შემდგომში თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტს (მოგვიანებით, სპორტის აკადემია) ეკავა, კადეტთა კორპუსისათვის გამოიყო.

1906 წლის იანვრიდან ვაკე თბილისს შემოუერთდა. ინტენსიური განაშენიანება დაიწყო XX საუკუნის 20-იან წლებში. დიდი ხნის განმავლობაში ეს უბანი თბილისის ცენტრს მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩით უკავშირდებოდა. 1957 წელს ვარაზისხევის ქვედა ნაწილის ამოვსების შედეგად ის ფართო ქუჩით გმირთა მოედანზე გავიდა. 1958 წელს კი გაიყვანეს ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი მაგისტრალი (ამჟამად მიხეილ თამარაშვილის ქუჩა).

ვაკე თბილისის ერთ-ერთი დიდი საცხოვრებელი უბანია, სადაც თავმოყრილია უმაღლეს სასწავლებლები და ბევრი მნიშვნელოვანი ობიექტი. 1946 წელს გაშენდა ვაკის პარკი (ყოფილი "გამარჯვების პარკი“, არქიტექტორი კ. დგებუაძე, დენდროლოგი ნ. ციციშვილი). 1982 წელს გაიხსნა ბავშვთა ქალაქი და დასვენების პარკი "მზიური“. ვაკის მთავარი სატრანსპორტო არტერიაა ილია ჭავჭავაძის გამზირია.

საინტერესოა ფაქტი, ვაკის თბილისთან შემოერთების შესახებ. ეს ფაქტი 1 დაახლოებით 120 წლის წინ შეუერთდა.

საგაზეთო წერილში, რომლის ფოტო სოციალურ ქსელშიც არსებობს, ვაკელების თხოვნაა აღწერილი. 1910 წელს გამოქვეყნებულ წერილში, ვაკელები ქალაქის გამგეობისგან მოითხოვენ დაპირებების შესრულებას. ვაკელების თხოვნა:

"მიდამო ვაკეს მცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს თფილისის გუბერნატორს, ისინი აცხადებენ, რომ 1905 წელს ქალაქის გამგეობა შეეკითხა მათ სურთ თუ არა რომ ვაკე შეერთებულ იქმნას თფილისზეო. მათ თანხმობა გამოუცხადებიათ იმ პირობით, თუ ქალაქი ვაკელებს ისეთსავე ყურადღებას მიაქცევს, როგორც ქალაქის სხვა ნაწილებსა და ისინი მოკლებულნი არ იქნებოდნენ იმ გაუმჯობესებას, რითაც სხვები სარგებლობენ. ქალაქის გამგეობა დათანხმდა და ვაკე 1906 წლის იანვრიდან მიწერილ იქნა ქალაქზე.

ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ და ქალაქს არაფერი გაუკეთებია მიუხედავად მრავალი თხოვნისა. ამიტომ, ისინი სთხოვენ გუბერნატორს აიძულოს ქალაქის გამგეობა, რომ:

1. ვაკეში გაყვანილ იქნას წყალი, კანალიზაცია, დასდგან ფარნები, გააკეთონ ქვაფენილები

2. განთავისუფლებულ იქნან ისინი მეეზოვეების დაჭერის მოვალეობიდან, სანამ მათი შემოსავალი აიწეოდეს

3. უფლება მიეცეს მათ იყოლიონ წარმომადგენელი ქალაქის საბჭოში

4. თუ ამაებზე ქალაქი უარს იტყვის, მაშინ გამოყოფილ იქნას ვაკე ქალაქიდან" - წერდნენ ვაკელები მიმართვაში.

ტექსტი მომზადებულია წიგნის "თბილისური დასახლებანი“ (ავტორი თენგიზ კვირკველია) მიხედვით.