ამერიკელი მთამსვლელი, ალექს ჰონოლდი, ყოველგვარი დამხმარე თოკის გარეშე, Taipei 101-ის ცათამბჯენზე ავიდა. ხალხი, რომელიც ქუჩაში იდგა და მთამსვლელს გულშემატკივრობდა, შეძახილებით ამხნევებდა მას.
500-მეტრიანი შენობის დალაშქვრა ჰონოლდმა დაახლოებით 90 წუთში მოახერხა, რასაც ხალხი ოვაციებით შეხვდა.
"გასაოცარი ხედი იყო, და ულამაზესი დღე ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ქარიანი ამინდი იყო და ვფიქრობდი, არ ჩამოვვარდნილიყავი, წონასწორობის დაცვას ვცდილობდი. წარმოუდგენელი რამ იყო", - განაცხადა ალექსმა მოგვიანებით.

ალექს ჰონოლდი მანამდე ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მან იოსემიტის ეროვნული პარკის El Capitan აგრეთვე თოკის გარეშე დალაშქრა.

შენობას 101 სართული აქვს, ყველაზე რთული კი შუა სექციის 64 სართულის გავლაა. ამას ე.წ. "ბამბუკის ყუთების" იერსახე იწვევს - რვად დაყოფილ თითოეულ სეგმენტზე რვა პრიალა და ციცაბო ასასვლელია, რომლებსაც აივნები მოჰყვება. სწორედ ამ აივნებზე ახერხებდა ალექსი დროებით დასვენებას და ძალების მოკრებას გზის გასაგრძელებლად.

ტაივანის დედაქალაქში მდებარე ცნობილ შენობაზე ჰონოლდის თავისუფალი ასვლა (თოკის გარეშე) Netflix-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
"ცოტა დავიძაბე კიდეც როცა სვლა დავიწყე, ბოლო-ბოლო, ამდენი თვალი მიყურებდა. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ყველას სურდა, ჩემი წამოწყება წარმატებით დასრულებულიყო. ამდენი კარგი ადამიანი მხარს მიჭერდა და კარგ დროსაც ატარებდა", - განაცხადა ჰონოლდმა ინტერვიუში.

ჰონოლდი არ არის პირველი მთამსვლელი, ვინც Taipei 101-ზე ავიდა, მაგრამ ის პირველია, ვინც ეს თოკის გარეშე მოახერხა.

წყარო: nypost.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა