მსახიობმა ეკა ჩხეიძემ ambebi.ge-სა და „პალიტრანიუსის“ ერთობლივ პროექტში „სახალხო ინტერვიუ“ არაერთ კითხვას გულწრფელად და საინტერესოდ უპასუხა... გადაცემის ეს ეპიზოდები ცოტა ხნის წინ გაგაცანით კიდეც. ახლა გვინდა მსახიობის პასუხი ერთ-ერთ შეკითხვაზე შემოგთავაზოთ - თუ რას ნანობს ცხოვრებაში:
- გლობალურად არაფერს ვნანობ… ალბათ ჩემი ცხოვრება იყო ჩემი შეცდომებით, პატარ-პატარა სინანულებით, სიხარულებით, წარმატებებით და წარუმატებლობებით, გულისაცრუებით თუ პირიქით, სიურპრიზებით… ვნანობ ალბათ იმას, რომ ცოტა სხვანაირი მოქცევა შეიძლებოდა... ახლა დავიწყე ნელ-ნელა სხვანაირი მოქცევა, რაც ასაკმა თუ გამოცდილებამ მოიტანა... სიმართლის თქმა სულ მიყვარდა, ვფიქრობდი, რომ რასაც ვფიქრობდი, იმას ვიტყოდი, რაც კარგი მეგონა. თუმცა ყველას ყველაფრის მიმართ თავისი სიმართლე აქვს, ყველას თავისი აზრი აქვს, ხედვა დამოკიდებულება და შენი მართლის თქმა არავის უხარია, არავის სიამოვნებს. მას თავისებურად ესმის, თავის გადმოსახედიდან აქვს ყველაფერზე დამოკიდებულება... მერე კი ამის გამო კონფლიქტი თუ არა წყენა რჩება.
როცა ადამიანს სხვა დამოკიდებულება აქვს, მასთან უკვე დისტანციაც იზრდება. გეცვლება შთაბეჭდილება. გული გიცრუვდება, იმედი გიცრუვდება. ის ადამიანი შენიანად აღარ მიგაჩნია. ჯობია არ თქვა, რასაც ფიქრობ და გაითვალისწინო, რომ სხვას სხვა აზრი აქვს. სხვას სხვა სიმართლე აქვს, სხვანაირად ესმის და რაც არ უნდა მართალი იყო, ასე პირდაპირ არ მიახალო შენი სიმართლე. ეწყინება, საპასუხოდ ისე მოიქცევა... ადამიანს ბოლომდე არ უნდა ენდო... დღეს არავისგან არაფერი მიკვირს. ასე ბევრად მარტივია, რადგან როცა არ ელოდები, იმედგაცრუებაც ნაკლები გაქვს, წყენა- გაბრაზებაც ნაკლებია - თავიდანვე არ ელოდები და მორჩა. ალბათ ესაა...
ადრე ასე რომ მეფიქრა, ნაკლებად მეწყინებოდა, ცხოვრებაში ნაკლებ ადამიანს დავკარგავდი, მეგობარიც მეტი მეყოლებოდა. ისე, ჯობია, ნაკლები მეგობარი გყავდეს და შენიანი იყოს 100%-ით. მეგობარი აღარ ჰქვია იმას, როცა სხვადასხვა დამოკიდებულება გაქვს სხვადასხვა მოვლენის მიმართ, სხვადასხვა ინტერესი და სურვილი. ეს თავიდანვე უნდა გაითვალისიწინო, უნდა იცოდე, რომ სხვა ზუსტად შენნაირი ვერ იქნება. მოკლედ, ასეთი მიდგომით რომ ვყოფილიყავი, ცოტა ჭკუა რომ მეხმარა და ნაკლები მელაპარაკა ის, რასაც ვფიქრობდი, წყენებისგან, სტრესებისგან თავს დავიცავდი... ისეც არ შეიძლება, რომ არავის ენდო, მაგრამ ისიც არის, რომ ასეთი დროს ნაკლებად გტკივა... ყოველ შემთხვევაში, ყველას არ ვენდობი, დისტანციას ვიჭერ. ნაკლებად ღია ვარ და ამით თავს ვიცავ.
იხილეთ ასევე: