ვაგრძელებთ ქალის სახელების წარმომავლობის შესახებ არსებული ცნობა-ინფორმაციის მოწოდებას. ამჯერადაც ვეყრდნობით ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ზურაბ ჭუმბურიძის ცნობილ წიგნს „რა გქვია შენ?!“ და ქალის რამდენიმე სახელს წარმოგიდგენთ.
იზაბელა - ძველი ებრაული სახელის ელისაბედ-ის ვარიანტია, გავრცელებული ევროპულ ენებში. მისი შემოკლებული ფორმებია იზა, ბელა.
იზოლდა - (ანგლოსაქსური) „გამოჩენილი მეომარი“. მისი შემოკლებული ფორმაა იზო.
ინა - შედარებით ახალი ნასესხებია ევროპულიდან, სადაც ადრე კაცის სახელადაც ყოფილა გავრცელებული. უკავშირდება ლათინურს და თარგმნიან როგორც „ნიაღვარი,“ მაგრამ ზუსტი მნიშვნელობა და წარმომავლობა უცნობია.
ინგა - (სკანდინავიური) უკავშირდება ძველი ისლანდიელების ღმერთის სახელს ინგვე-ს ქართულში შედარებით ახალი ნასესხებია.
ინეზა, ინესა - ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან. ესპანური ვარიანტია აგნესა-სი.
ინოლა - (ქართული) ირინეს ან მარინეს შეკვეცილი მოფერებითი ფორმაა, დამახასიათებელი სვანური ენისათვის.
ირინე - (ბერძნული) „მშვიდობა“. მისი შემოკლებული ფორმაა ირა (ეს უკანასკნელი შეიძლება მიღებული იყოს ირაიდა-ს შემოკლებითაც, რომელიც აგრეთვე ბერძნული სახელია და ნიშნავს „გმირ ქალს“ ან „ჰერას ასულს“).
ირმა - ქართული სახელია. გარეგნულად ემთხვევა გერმანულ სახელს, რომელსაც სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და „ირმინისადმი (ომის ღმერთისადმი) შეწირულს“ ნიშნავს.
იულია - (ლათინური) „იულიუსის კუთვნილი,“ „იულიუსისა,“ ან „ივლისისა“.
კატო - ქართული სახელია, მიღებული ეკატერინე-ს შემოკლებით.
კეკელა - შემოკლებით კეკე, ქართული სახელია, ნიშნავს „მშვენიერს,“ „ლამაზს,“ „ტურფას“ (შეადარეთ კეკლუცი). ადრე გავრცელებული ყოფილა როგორც ქალის, ასევე კაცის სახელადაც (აქედან მოდის გვარები: კეკელაშვილი, კეკელიძე, კეკელია). ახლა ეს სახელი თითქმის აღარ გვხვდება.
კესანე - ქართული სახელია, შერქმეული მინდვრის ყვავილის სახელწოდების მიხედვით.
კესარია - (ბერძნული) „დედოფალი“. შემოკლებული ფორმაა კესო, რომელიც ქართულში როგორც დამოუკიდებელი სახელი ისე ვრცელდება. ეს სახელი ჰქვია ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირს. გვხვდება აგრეთვე მეორე შემოკლებული ფორმაც - კესა.
კლავდია - (ლათინური) ნაწარმოებია კაცის სახელისაგან: კლავდიუს - „კოჭლი“. კლავდიუსს უწოდებდნენ კოჭლ ღვთაებას – ჰეფესტოსს ანუ ვულკანს.
კლარა - (ლათინური) „ნათელი“. ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან.
ლალი - წარმოშობით ძველი ინდურია, აღნიშნავდა წითელი ფერის ძვირფას თვალს – ლალს, აქედანაა კი საერთოდ წითელ ფერს. როგორც ერთი, ისე მეორე მნიშვნელობით, ი არაერთმა აღმოსავლურმა ენამ ისესხა. სხვადასხვა გზით ამ სიტყვას უკავშირდება სახელები ლალი, ლალა, ლალე, ლოლა. ზოგი მათგანი აღმოსავლეთის ხალხებში გვხვდება კაცის სახელადაც. აქედანაა გვარები: ლალაშვილი, ლალიაშვილი, ლოლაშვილი.
ლამარა - ახალი წარმოქმნილი ქართული სახელია. სვანეთში, უშგულის თემში, არის წმინდა მარიამის სახელობის ტაძარი, რომელსაც ლამარა ჰქვია („მარიამისა“). აქედან არის მიღებული ლამარა. პირველად გვხვდება გრიგოლ რობაქიძის ამავე სახელწოდების პიესაში.
ლამზირა - (ქართული) სვანურად ნიშნავს („სალოცავს“). ნაწარმოებია ლამარა-ს მსგავსად.
ლანა - (სლავური) მოფერებითი ფორმაა, მიღებული სვეტლანა, რუსლანა და სხვა მსგავსი სახელების შემოკლების გზით.
ლარისა - (ბერძნული) („თოლია“).
ლატავრა - (სპარსული) („რატის ასული“). მისი ადრინდელი ფორმაა ლატავრი, რომელიც მემატიანის ცნობით, ქალის სახელად გვხვდება ჯერ კიდევ VII სუკუნეში: „ ხოლო ამან ჯუანშერ შეირთო ცოლი, ნათესავი ბაგრატიონთა, ასული ადარნასესი, სახელით ლატავრი “ („ქართლის ცხოვრება“, I, 251). ეს სახელი გვხვდება X საუკუნეშიც - („სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“). ლატავრა ჰქვია სანდრო შანშიაშვილის ამავე სახელწოდების დრამისა და ზაქარია ფალიაშვილის ოპერის მთავარ მოქმედ გმირს.
ლეილა - (არაბული) („ღამე,“ გადატანით - „შავი“, „შავგვრემანი“). სხვაგვარი ეტიმოლოგიით, არაბულში შესულია ძველი ებრაულიდან, სადაც ლილია, ლილის ნიშნავს („შროშანს“). ებრაულიდან ეს სიტყვაც და საკუთარი სახელიც ნასესხებია აგრეთვე ლათინურში და მთელ რიგ ევროპულ ენებში.
ლელა - (ქართული) („სწორთმიანი“) (მცენარის სახელისაგანაა წარმოქმნილი). XVII საუკუნიდან ცნობილია თეიმურაზ მეფის ასული - ლელა ბატონიშვილი. ლელა ჰქვია ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონის“ გმირ ქალს.
ლენა - (სლავური) მოფერებითი სახელია, მიღებული ელენა, ელეონორა, ვილენა, ლეონინა და სხვა მსგავსი სახელების შემოკლებით გზით.
ლია - (ძველი ებრაული) ეტიმოლოგია დაუზუსტებელია; არსებობს რამდენიმეგვარი ვარაუდი, რომელთა მიხედვით შეიძლება ნიშნავდეს „დეკეულს,“ ან „ანტილოპას,“ ან კიდევ „დაქანცულს,“ „დაღლილს“.
ლიანა - ევროპული სახელის ლილიანა-ს შემოკლებული ფორმაა.
ლილიანა - ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, სადაც მას უკავშირებენ ყვავილის ლათინურ სახელს: ლილია - („შროშანი“ (თავის მხრივ ეს ლათინური სახელწოდება ძველი ებრაულიდან მოდის).
ლილი - (ძველი ებრაული) („შროშანი“).
ლოლა - (ირანული) („იასამანი“).
ლუიზა - ფრანგული სახელია, ნაწარმოები მამაკაცის სახელისაგან: ძველი ფრანგული „ხლოდვიკ“ ნიშნავს სახელოვან მეომარს. აქედან მომდინარეობს ვაჟის სახელი ლიუდვიგ (ლიუდვიკ), რომლისგანაც მივიღეთ ლუი, ამ უკანასკნელისაგან კი - ქალის სახელი ლუიზა.
იხილეთ ასევე: