ავტორი:

“მარტო ობობას ველაპარაკებოდი 7 თვე, ამიტომ ახლა ჭკუის სწავლებას ვერავის დავუწყებ, მაგრამ ჩემს იდეებს მივაწვდი“ - გივი თარგამაძის თქმით, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს

“მარტო ობობას ველაპარაკებოდი 7 თვე, ამიტომ ახლა ჭკუის სწავლებას ვერავის დავუწყებ, მაგრამ ჩემს იდეებს მივაწვდი“ - გივი თარგამაძის თქმით, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს

“გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული იყოს,“ - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.

თარგამაძემ საპატიმროებში მყოფ ადამიანებს ჯანმრთელობა უსურვა.

„მიხარია, რომ თქვენ გხედავთ. მართლა გეუბნებით, ახალ წელზე ღრმად ჩასუნთქული ველოდებოდი თქვენი სეზონის განახლებას - მოახერხებენ, არ მოახერხებენ... მადლობა, რომ მოახერხეთ. ახლა უკვე, ამოვისუნთქე... იმდენად კრიტიკული მომენტი იყო. რადგან ახლა გაძელით, ესე იგი გაძლებთ.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული იყოს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვწყვეტთ ამას. ჯანმრთელობას ვუსურვებ იმ ხალხს, მხნეობა და გამძლეობა მინდა ვუსურვო.. რამხელა მხნეობა აქვთ, დიდი ხანია დაამტკიცეს. ამიტომ, ჯანმრთელობა და საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება. მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს თვეები გვგულშემატკივრობდა და განსაკუთრებით ჩემს ოჯახს ედგა გვერდში. კი, ჩემი ცოლიც, შვილებიც მებრძოლები გოგოები არიან ნამდვილად, მაგრამ უთქვენოდ ბევრად გაუჭირდებოდათ და ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ, მიყვარხართ ყველა“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

  • კითხვაზე გეგმავს თუ არა ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციებში ჩართვას, თარგამაძემ განაცხადა, რომ ლიდერებს მის იდეებს აუცილებლად გაუზიარებს.

“ვინაიდან არ წარმოვადგენ არც ერთ პარტიულ “ლიდერშიფს“, სეგმენტი არ მაქვს მა გრამ კონსულტაციებს რაც შეეხება, ჩემს იდეებს მივაწვდი. ხელსაყრელი აღმოჩნდა, რომ პირველი ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოვიდა და ადვილია ახლა მასთან დალაპარაკება.

იქ მარტო ობობას ველაპარაკებოდი 7 თვე და ამიტომ ახლა ჭკუის სწავლებას ვერავის დავუწყებ. ადამიანებთან დავილაპარაკებ, გავერკვევი რა ხდება, როგორ ხდება,“ - განაცხადა თარგამაძემ.

მისი თქმით, პატიმრობა არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი, რომელსაც ის და მისი თანამებრძოლები იხდიან.

  • პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.

გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ მივიდა, რაც მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. სხდომას არ ესწრებოდა გივი თარგამაძე, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.

გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

იხილეთ ასევე: