ავტორი:

ვინ არიან მუხრანში მომხდარ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულები? - "ახლა ვინც დააკავეს, ის საშიში კრიმინალებიც ჩვენი სოფლელები არიან..."

ვინ არიან მუხრანში მომხდარ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულები? -  "ახლა ვინც დააკავეს, ის საშიში კრიმინალებიც ჩვენი სოფლელები არიან..."

მცხეთის რაიონის, სოფელ მუხრანში 2 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული პირები ადგილობრივები არიან. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დანაშაული 24 იანვარს მუხრანის ცენტრში ხალხის თვალწინ მოხდა - ჩაცხრილეს მუხრანის მაცხოვრებლები ზურა სანამაშვილი და გია ქილარჯიანი, რის შემდეგ დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული და მისი თანმხლები პირი უკვე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები წარსულში ნასამართლევი პირები არიან.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1982 წელს დაბადებული ს.ც. და 1986 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 24 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - 1980 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს და 1985 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დაკავებული პირი კრიმინალური წარსულის მქონე ივანე ზარიაშვილია, მას ახლა გვარი გამოცვლილი აქვს და ამჟამინდელი საბუთებით ივანე მაისურაძეა, სწორედ მან ესროლა იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ზურა სამანაშვილს და გია ქილარჯიანს. მეორე დაკავებული კი სპარტაკ ცისკაძეა, რომელიც მას ახლდა დანაშაულის ჩადენის დროს. როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, ცისკაძეც კრიმინალური წარსული აქვს.

ცნობილია, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან დამნაშავემ რამდენჯერმე გაისროლა, მიყენებული ჭრილობით ადგილზე დაიღუპა გია ქილარჯიანი, ხოლო ზურა სანამაშვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა სასწრაფოს მანქანით გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, ის გზაში, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ერთ ერთი ვერსიით, მომხდარი ძველ დაპირისპირებას უკავშირდება და ეს იყო ზურა სამანაშვილზე შურისძიება. მკვლელობის ადგილზე არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული და ჩვენი ინფორმაციით, ამ კამერებზე ასახულია დანაშაულის ჩადენა. როგორც ამბობენ, მკვლელს სახეც არ ჰქონდა დაფარული, რის შემდეგ მკვლელობის ადგილი მან და მისმა თანმხლებმა პირმა შავი მანქანით დატოვეს. როგორც მკვლელობაში ბრალდებულს, ასევე მოკლულებს მუხრანში ყველა იცნობს.

გვესაუბრება სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავის შეიკავა.

“გლოვაა ჩვენს სოფელში და ყველა საშინლად განიცდის ზურას მკვლელობას. ის აქ ყველას უყვარდა და კრიმინალი რომ ვერ ჭაჭანებდა სოფელში, ეს მისი დამსახურება იყო. ზურა ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად ჩამოდიოდა სოფელში. ბავშვობიდან ვიცნობ. დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ხშირად იყო საზღვარგარეთ, ჯერ რუსეთში, მერე საფრანგეთში. ბოლო წლები სულ მუხრანში ტრიალებდა. აქ ყველა პატივს სცემდა, ყველას უყვარდა. სოციალურ ქსელში ყველას მისი ფოტო უდევს. სამწუხაროდ, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ამბობენ ტყვია თავის არეში ჰქონდა მოხვედრილიო. მეორე მოკლული სამხედრო იყო, ის ადგილზე გარდაიცვალა, მას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი...

ზურა სოფლის ცენტრში თავისი მანქანით იყო მისული, როგორც თქვეს, ტრაგედიის ადგილზე იმ დროს იყო ზურას ძმაც, ოღონდ ის ყოფილა ხორცის მაღაზიაში შესული და ამ დროს დაიწყო სროლა. იმასაც ამბობენ, ზურას მანქანას ჰქონდა ტყვიაგაუმტარი მინები და ვერ დაშავდებოდა მანქანაში რომ ყოფილიყოო. მკვლელობის შემდეგ, დამნაშავეების მანქანა ძალისის მხარეს წავიდა.

ბრალდებულს ნიღაბიც კი არ ეკეთა, მას ვინაობის დამალვა არ უცდია. ამიტომ არ გაუჭირდებოდა პოლიციას მათი გამოვლენა. ამ ამბიდან მალევე სულ მთლად გადაჭედილიყო იყო იქაურობა ხალხით, მაგრამ პოლიცია ახლოს არავის უშვებდა. ტყვიის მასრებიც ამოიღეს, როგორც ვიცი, შემთხვევის ადგილიდან. ზურა ადრეულ წლებში სპორტს მისდევდა, მერე შეიცვალა მისი ცხოვრება. საქმეებს არჩევდა, როგორც ვიცი. ე.წ ავტორიტეტი იყო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არასოდეს ყოფილა ზურა უსამართლო გარჩევებში, ის უსამართლოს არაფერს გააკეთებდა...

ახლა ვინც დააკავეს, ისინი საშიში კრიმინალები არიან. ისინიც მუხრანში ცხოვრობენ. სოფელში თავიდანვე ცნობილი იყო, ვინ მონაწილეობდნენ თავდასხმაში. გვარები შეცვლილი აქვთ, ნასამართლევია ორივე. მაისურაძე კი არა, ზარიაშვილია, როგორც ვიცი, ახლა ვინც დააკავეს ზურას მკვლელობისთვის, მისი ძმაც იძებნება ამჟამად, რადგან ადრე თანასოფლელი ბიჭი დაჭრა. იმ ბიჭს მერე ფეხი მოაჭრეს, ამპუტაცია დასჭირდა ფეხის. მერე ის გაიქცა ქვეყნიდან. არ ვიცი, რატომ დაუპირისპირდა ახლა ესენი ზურას, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან საშიშები არიან.

ზუსტად, არ ვიცი, ახლა რა მოხდა, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, ეს იყო ზურაზე შურისძიება.ზურას მოკვლა უნდოდათ, იმასაც ამბობენ, გია შეეცადა გადაჰფარებოდა ზურას და ამ დროს მოხვდა მას ტყვიებიო. ახლა ვინც დაკავებულია, ის ადრეც მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, მერე კიდევ დაიჭირეს, მგონი, იარაღზე და ალბათ ერთი წლის გამოსულია ციხიდან. როგორც გითხარით, მისი ძმა ქვეყნიდან გაქცეულია. ესეც წასული იყო ერთი პერიოდი საქართველოდან და მერე დაბრუნდა. სადაც დანაშაული მოხდა იმ ადგილას ყველა კამერა მუშაობს და არ გაუჭირდებოდა პოლიციას დამნაშავეების დადგენა.

მაგრამ ბევრ რამეში პოლიციას ვადანაშაულებ, ხშირად ხდება ასეთი რამე მუხრანში, მესმის ხოლმე აქეთ-იქიდან იარაღის სროლა, ქეიფია თუ სხვა რამ, სულ ისვრიან მაგრამ ეს სულ არ აინტერესებს პოლიციას, არავინ არაფერს აკეთებს მსროლელების გამოსავლენად. ამ

ეტყობა დიდი ხნის დაგეგმილი იყო ეს დანაშაული, ცდილობდნენ მარტო მოეხელთებინათ, ვიღაცებს ეტყობა ხელს უშლიდა ზურა..." - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

იხილეთ ასევე: