მედიაში ლეგენდარული ავტომრბოლელის, მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის შესახებ უმნიშვნელოვანესი სიახლე გავრცელდა. Daily Mail-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, 57 წლის გერმანელი სპორტსმენი საწოლს მიჯაჭვული აღარ არის.
ჟურნალისტი ჯონათან მაკევოი, რომელიც შუმახერის მალიორკასა და ჟენევის ტბის პირას მდებარე მამულებს ეწვია, ჰყვება, რომ "წითელი ბარონი" ახლა უკვე ეტლში ზის. წყაროების ცნობით, მას სპეციალური სავარძლით გადაადგილება შეუძლია და დროს ხან თავის 30-მილიონიან მამულში, მალიორკაზე და ხანაც 50-მილიონიან რეზიდენციაში, შვეიცარიაში ატარებს.

შუმახერის გვერდით 24 საათის განმავლობაში იმყოფება მისი მეუღლე, კორინა, რომელთანაც მრბოლელს 30-წლიანი თანაცხოვრება აკავშირებს. მასთან ერთად მუშაობს ექთნებისა და თერაპევტების მთელი გუნდი. ცნობილია, რომ ლეგენდის მოვლა კვირაში ათეულობით ათასი ფუნტი სტერლინგი ჯდება.
აქამდე გავრცელებული იყო ვარაუდი, რომ შუმახერი ე.წ. ჩაკეტილი ადამიანის სინდრომით იტანჯებოდა - მდგომარეობით, როცა პაციენტი გონზეა, მაგრამ მხოლოდ თვალების დახამხამებით შეუძლია კონტაქტი. თუმცა, ახალი ცნობებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მისი მდგომარეობა იმაზე უკეთესია, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.
ყველაფერი 2013 წლის მიწურულს, საფრანგეთის ალპების ზამთრის კურორტ მერიბელში დაიწყო. ის, რაც ჩვეულებრივი საოჯახო დასვენება უნდა ყოფილიყო, წამებში ნამდვილ ტრაგედიად იქცა - თხილამურებით სრიალისას მიღებულმა თავის მძიმე ტრავმამ ფორმულა 1-ის ლეგენდის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მას შემდეგ შუმახერების ოჯახი ნამდვილ "ციხესიმაგრედ“ იქცა.
უკვე 12 წელია, კორინა შუმახერი ქმრის პერსონალურ სივრცეს ისეთივე სიმტკიცით იცავს, როგორც მიხაელი იცავდა თავის პოზიციებს ტრასაზე. ეს ბრძოლა იმდენად მკაცრია, რომ გასულ წელს სასამართლომ განაჩენი იმ ყოფილ თანამშრომლებსაც კი გამოუტანა, რომლებმაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი სპორტსმენის ფოტოების ფარულად გადაღება და გაყიდვა სცადეს. ოჯახისთვის მთავარი პრინციპი უცვლელია: მიხაელის სიმშვიდე არ იყიდება.

ამ დიდი დუმილის ფონზე, გულშემატკივრებისთვის ნამდვილი საჩუქარი იყო მიმდინარე თვის დასაწყისში, შუმახერის დაბადების დღეზე, მისი ქალიშვილის, ჯინას მიერ გამოქვეყნებული პოსტი. მან სოციალურ ქსელში იშვიათი საოჯახო ფოტო გააზიარა წარწერით: "საუკეთესო სამუდამოდ. გილოცავ დაბადების დღეს, მამა“.
სწორედ ეს მცირედი დეტალები აძლევს მილიონობით ადამიანს იმედს, რომ ლეგენდარული მრბოლელი კვლავ განაგრძობს თავის მთავარ რბოლას - რბოლას სიცოცხლისთვის.