ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან ბრიტანეთის მოქალაქე გააძევეს.
აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 26 იანვარს "უცხოური სპეცსამსახურების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში", უწყების შენობაში მიიყვანეს ბრიტანეთის მოქალაქე, კულდიპ სინგჰი, რომელიც "ეჭვმიტანილია უცხოური სპეცსამსახურების საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობაში".
ასევე გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც სინგჰი ამბობს, რომ 13 წელი ლონდონის პოლიციის სადაზვერვო დანაყოფში მუშაობდა, მაგრამ სამსახურის დატოვება კორუფციის გამო მოუწია.
ბრიტანეთის მოქალაქე ამბობს, რომ როდესაც აფხაზეთში გადავიდა, იქ ასწავლიდა ინგლისურს, ასევე ჰქონდა საბილიარდო დარბაზი. კაცმა ასევე თქვა, რომ აფხაზეთში კანონიერად ცხოვრებისთვის ვერანაირი დოკუმენტი ვერ მიიღო, რადგან ბრიტანული პასპორტის ვადა ამოწურული ჰქონდა.