მთავარი ფოტო: UNFPA
ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ისინი თავიანთ სხეულთან დაკავშირებით იღებენ, პირდაპირ გავლენას ახდენს სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, კანონმდებლობა და სოციალური ნორმები.
2026 წელს საქართველოში ქალები კვლავ შეხვდნენ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევებით, რომელთა მიმართ გადადგმული შემხვედრი ნაბიჯებიც ამ ეტაპზე საერთო სურათს ვერ ცვლის. არსებულ პრობლემებს ასევე ერთვის ქალთა მნიშვნელოვანი ნაწილის რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.
მიუხედავად იმისა, გასულ წლებში რეპროდუქციულ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერება მნიშვნელოვნად ამაღლდა და კანონმდებლობაც, ბოლო ათწლეულებია ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს მოერგო, არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ კვლავ დაბალია ხელმისაწვდომობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის უსაფრთხო სერვისებზე, მათ შორის უსაფრთხო აბორტზე. ამას ადასტურებს კვლევაც. კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), ევროკავშირის წარმომადგენლობისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულ ქალთა 4.8%-მა ხელოვნური აბორტის პროცედურა სამედიცინო დაწესებულების გარეთ ჩაიტარა. ანგარიში მოიცავს 2024 წლის ივნისი-ივლისის პერიოდს და მასში 15-49 წლის 4500 ქალი მონაწილეობდა. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის მიხედვით, ეს მონაცემი 2018 წელს 6,7% იყო.
2024 წლის გამოკვლევა მოიცავს ადრეულ ასაკში ქორწინების კომპონენტსაც, რომლითაც იკვეთება, რომ 20-24 წლის ასაკის ქალებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია:

უფრო დეტალურად, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებრივი მიმართულებებით რა გამოწვევები დგას კვლავ დღის წესრიგში, საუბრობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - მარიამ ბანძელაძე.

მარიამ ბანძელაძე
ავტორი:UNFPA/ლელი ბლაგონრავოვა
UNFPA უკვე წლებია, ახორციელებს პროექტებს ქალების ჯანმრთელობის, განათლების, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციისთვის.
გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის ახლა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ქვეყანას ხელი შევუწყოთ დემოგრაფიული ცვლილების პროცესში, რათა მოვემზადოთ და სათანადოდ ვუპასუხოთ რეალობას, რომელიც მომდევნო 5-10 წლის შემდეგ დადგება.
ჩვენ დემოგრაფიულ საკითხს ვუყურებთ არა მხოლოდ რაოდენობისა და სტატისტიკის, არამედ უფლებრივ ჭრილში განსახილველ საკითხსაც. ქალთა უფლებები კი ამ ნარატივში ერთ-ერთი საკვანძოა.
გამოვყოფ 5 საკითხს, რომელიც ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებრივი კუთხით გამოწვევად მესახება:
1. ხარისხიანი სერვისის მიწოდება პრენატალურ და პოსტნატალურ პერიოდში
ქალების ჯანმრთელობაზე საუბრისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მთლიან ციკლს, ჩასახვიდან ორსულობის მართვისა და პოსტნატალური მოვლის ჩათვლით. ყურადღება უნდა გამახვილდეს ხარისხიანი სერვისების მიღების შესაძლებლობაზე, პროფესიონალთა გადამზადებაზე, ბებიაქალების განათლებაზე და შემდეგ უკვე მოვლის საკითხებზე, რომელიც ასევე სისტემურ ცვლილებებსა და შესაძლებლობების გაძლიერებას მოითხოვს.
ასევე უმნიშვნელოვანესია მენტალური ჯანმრთელობის საკითხიც, რომელიც ზოგადად ახალია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ახლა იწყებს მასზე მუშაობას. ეს არის ქალებისა და დედათა მენტალური ჯანმრთელობის სწორი შეფასება და იდენტიფიცირება. ეს კომპონენტი გათვალისწინებული უნდა იყოს ხარისხიანი სერვისის მიღებისა და მოვლის ციკლში. სამწუხაროდ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ჯერჯერობით კვლევებით ვერ ასახავს, რა მდგომარეობაა ორსულობისა და ორსულობის შემდგომ პერიოდში ქალთა მენტალური ჯანმრთელობის კუთხით. თუ შევადარებთ საქართველოსა და ევროპის მონაცემებს, მათ შორის იმდენად დიდი განსხვავება და აცდენაა, რომ ფაქტია, უკვე იბადება კითხვა, რამდენად სწორი მონაცემები გვაქვს. ჩვენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან ერთად ვიწყებთ კვლევებს, რათა შევაფასოთ სისტემაში არსებული ვითარება და შემდეგ დავიწყოთ მის გაძლიერებაზე ზრუნვა.
2. უსაფრთხო აბორტის სერვისები
ასევე, ძალიან რთული საკითხია აბორტის სერვისების მიწოდება. საქართველოში აბორტი 12 კვირამდე ლეგალურია, თუმცა მინისტრის ბოლო ბრძანებამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ შევიდა ძალაში, შესაძლოა გარკვეული ბარიერები შექმნას. თუმცა ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ვარაუდია და ვითარების შესასწავლად უფრო სიღრმისეული კვლევა დაგვჭირდება.
საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო გაართულებს და გააუარესებს ქალების მდგომარეობას და სერვისის მიღების შესაძლებლობას.
არსებული რეგულაცია ართულებს სერვისის გაწევის შესაძლებლობას, რადგან მასში დამატებითი ფინანსური საკითხებია ჩართული. ასევე, ქალებისთვის ეს ისედაც დაკავშირებულია გარკვეულ სტიგმასთან და დამატებით სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ჩართვა კიდევ უფრო ზრდის ბარიერებს.
ვგეგმავთ, რომ უფრო სიღრმისეულად ჩავიხედოთ საკითხში, საჭიროა, ვესაუბროთ პროვაიდერებსაც, რადგან ერთია რეგულაცია და მეორეა, რამდენად სწორად ესმით ის სერვისის მიმწოდებლებს და რა გავლენას ახდენს ის პროცესზე.
ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობა ფინანსური და გეოგრაფიული თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, კონტრაცეპტივები საყოველთაო ჯანდაცვის მედიკამენტების სიაში არ შედის, რაც ზოგადად, ხელმისაწვდომობას ართულებს.

3. მენსტრუალური სიღარიბე
მენსტრუაცია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, თუმცა ჯერ კიდევ გარკვეულ სტიგმასთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონებიდან მოგვდის ინფორმაცია, რომ მათთვის როგორც ფინანსურად, ასევე ფიზიკურად არის რთული მენსტრუალური პროდუქტების შეძენა, რადგან მოშორებულები არიან ქალაქის ცენტრს. ამასთან, ზოგადად არც ოჯახებში და არც სკოლაში არავინ საუბრობს ამ საკითხზე. ნებისმიერი საკითხი ქალების ჯანმრთელობასა და განათლებასთან დაკავშირებით, ინტეგრირებული უნდა იყოს განათლების სისტემაში, სასწავლო პროგრამაში იმისათვის, რომ მოზარდებს დროულად და სწორად მიეწოდოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია. ამავდროულად ეს არის პრევენციის მექანიზმი იმისათვის, რომ მომდევნო წლებში უკვე ზრდასრულობის ასაკში ნაკლებ პრობლემებს გადააწყდნენ ქალები.
4. საშვილოსნოსა და სარძევე ჯირკვლის სკრინინგი
საშვილოსნოსა და სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამა გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელშეწყობით დაიწყო და ახლა სრულად სახელმწიფოს სერვისია. გამოწვევაა, რომ პროგრამის დაფარვა ჯერ კიდევ ძალიან დაბალია და კვლავაც საჭიროა აღნიშნულზე მუშაობა.

ახალი თემაა HPV ვირუსზე ვაქცინაცია, რომელზეც ასევე ცნობიერების ამაღლება და დაფარვის გაზრდაა საჭირო. პრევენციული ღონისძიებები, როგორიცაა დროული ტესტირება და ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია, რათა მომავალში ჩვენი მოსახლეობა გარკვეული ავადობებისგან დავიცვათ.
5. ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება
ბოლო კვლევით, ბავშვობის ასაკში ქორწინება რეალურად განახევრებულია და 6,9%-ზეა ჩამოსული, თუ მანამდე 14%-ს შეადგენდა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა, თუმცა სრული ელიმინაციითვის მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რა იწვევს ამ ცვლილებას, ჩავუღრმავდეთ და გავაკეთოთ ანალიზი. მიმდინარე წლის განმავლობაში ამ საკითხზე აუცილებლად ვიმუშავებთ.

აღსანიშნავია, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდის და, რა თქმა უნდა, და ბევრი სხვა აქტორის, დამსახურებით ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ინსტიტუციური მექანიზმი და მიდგომა იცვლება.
ასეთ შემთხვევებზე საჭიროა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის კოორდინირებული მუშაობა დაწყებული განათლების სამინისტროდან, დამთავრებული შს სამინისტროთი, პროკურატურით, სასამართლოთი, ზრუნვის სააგენტოთი და სხვა პირველადი რგოლებით, რომლებიც ამ საკითხში არიან ჩართულები. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ერთი მხრივ, ისეთი ინსტიტუციური მექანიზმის დახვეწაზე, როგორიც არის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების მომზადება და, მეორე მხრივ, პრევენცია.
ასევე უმნიშვნელოვანესია, ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა და რაც ყველაზე რთული და მტკივნეული საკითხია - ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა, რათა გოგოებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება, რადგან სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით ეს ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად და პრობლემად რჩება.

გაეროს მოსახლეობის ფონდმა განახორციელა საპილოტე პროგრამა, რომელიც ანტენატალური სერვისების ნაწილის სწორედ ტელემედიცინის მეშვეობით მიწოდებას გულისხმობდა. აღნიშნული პილოტი ჩვენი მხრიდან მაღალმთიან აჭარაში დაიტესტა და პოზიტიური შედეგებიც აჩვენა.
ტელემედიცინას ვუყურებთ როგორც მომავლის სერვისს და მიგვაჩნია, რომ დღეს, ურბანულ გარემოში თუ მაღალ მთაში მცხოვრები ქალებისთვის მნიშვნელოვანია სერვისების დისტანციურად მიღება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი განვითარება. ტელემედიცინა ახალი იყო როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე სერვისის პროვაიდერებისთვის, ამიტომ ჯერჯერობით გავლენაზე ვერ ვისაუბრებ. მექანიზმები, რომელიც ამ საპილოტე პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, გადაეცა მთავრობას და, რა თქმა უნდა, სამომავლოდ მის განვითარებასა და გაძლიერებას მხარდაჭერა დასჭირდება.
მაგალითისთვის, ანტენატალური ვიზიტებიდან, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სრულად არის დაფინანსებული, ორის სრულად დისტანციურად მიღება არის შესაძლებელი. ეს სერვისი უკვე საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ დონეზეა გამართული, არსებობს შესაბამისი აღჭურვილობა, პილოტის ფარგლებში გადამზადებულია სერვისის პროვაიდერები, მოხდა მათი ერთმანეთთან დაკავშირება იმისათვის, რომ გარკვეული რთული სერვისების განხილვა ერთობლივად შეძლონ. აღნიშნული სერვისის დახვეწისთვის აუცილებელია პროვაიდერებთან მუშაობა, რათა რეგიონულ დონეზე გავიტანოთ ეს პროექტი და ცხადია, ტელემედიცინის გავრცელება ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე დადებით ზეგავლენას მოახდენს.
საჭიროა, რომ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას სწორედ უფლებრივ ჭრილში შევხედოთ. მნიშვნელოვანია, გარკვეული რეგულაციების თუ გადაწყვეტილების მიღება ქალის სხეულის ავტონომიისა და ზოგადად, მისი ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს.
მთავარი საკითხი არის ჯანდაცვის ხარისხიანი და უსაფრთხო სერვისის მიწოდება, რაზეც, სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს მუშაობა. ჩვენც, ჩვენი მანდატის ფარგლებში რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ, რომ დედათა ჯანმრთელობა და სერვისები კიდევ უფრო დაიხვეწოს.
ამასთან, უმნიშვნელოვანესია ცნობიერების ამაღლება უფლებების შესახებ. არსებულ სერვისებთან და რეგულაციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ პროვაიდერებს და ზოგადად, ყველა აქტორი მაქსიმალურად უნდა იყოს პროცესში ჩართული, რათა ჯანდაცვის სერვისები გამართულად და სათანადოდ გაიცეს.