კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, მარგარიტა სიმონიანი ცხოვრების უმძიმეს პერიოდს გადის. მას შემდეგ, რაც 2025 წლის ზაფხულში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მის ცხოვრებაში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა - გარდაიცვალა მისი მეუღლე, ტიგრან კესოიანი. მისი თქმით, ახლა ის ცდილობს ცხოვრება ნამსხვრევებისგან ააწყოს და ამ გზაზე საკუთარ გარეგნობაზე ირონიით საუბარსაც არ ერიდება.
სიმონიანმა საკუთარ Telegram-არხზე გამომწერებს გაუზიარა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ შეცვალა იგი დაავადებასთან ბრძოლამ. ჟურნალისტი ამბობს, რომ ყოველთვის აინტერესებდა, როგორი იქნებოდა ჭაღარა თმით, თუმცა რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა.

"არასდროს მქონია ჭაღარა თმა, ამიტომაც არ ვიღებავდი, თუმცა ყოველთვის მინდოდა მოწითალო ფერის მოსინჯვა. სულ ველოდებოდი, როდის დავიწყებდი გაჭაღარავებას. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ თმა საერთოდ აღარ მაქვს - არც ჭაღარა და არც არანაირი, სამაგიეროდ, ჩემი პარიკია ჭაღარა შერეული“, - წერს სიმონიანი.
სიმონიანი მომხდარს ფილოსოფიურად უყურებს და საზოგადოებას სთხოვს, ნუ გამოიყენებენ შაბლონურ ფრაზებს მის გასამხნევებლად. მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ფრაზა - "ყველაფერი კარგად იქნება“.
"როცა ტიგრანი ავად იყო, ამას დღეში ასჯერ მწერდნენ და ყოველ ჯერზე გული მიკვდებოდა. იმიტომ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უფალი ინებებს. იმის მტკიცება, რომ აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება, ჩემი აზრით, ღმერთის მიმართ უპატივცემულობაა. მე მის ნებისმიერ ნებას ვეგუები“, - განმარტავს ის.
მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და საწოლიდან ადგომაც კი უჭირდა, ჟურნალისტი ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ახლა აწუხებს, შვილების გაზრდაა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
"არაფერზე ვინერვიულებ, გარდა იმისა, რომ მოვასწრო ჩემი შვილების გაზრდა. ვმკურნალობ და წინასწარ ვეგუები ნებისმიერ დასასრულს“, - ამბობს სიმონიანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ეთერში პარიკით გამოჩნდა, რაც მისთვის დიდი ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა იყო.