ავტორი:

"მშვიდობის საბჭო", დავოსის ფორუმი, ჯეი დი ვენსის ვიზიტი და საქართველო ყველგან თამაშგარეშია - "რა ხდება ჩვენს თავს ისეთი, რომ არავინ გვეხმიანება, არავინ გვახსენებს?"

"მშვიდობის საბჭო", დავოსის ფორუმი, ჯეი დი ვენსის ვიზიტი და საქართველო ყველგან თამაშგარეშია - "რა ხდება ჩვენს თავს ისეთი, რომ არავინ გვეხმიანება, არავინ გვახსენებს?"

დონალდ ტრამპის დაფუძნებულ "მშვიდობის საბჭოში", რომელიც, გეგმის თანახმად, მუშაობას დაიწყებს ღაზაში კონფლიქტის მოგვარებით და შემდეგ გააფართოებს საქმიანობას სხვა კონფლიქტების მოსაგვარებლად, საქართველოს ადგილი არ აღმოჩნდა. ჩვენმა მეზობელმა ყველა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმა და აზერბაიჯანმა, მიიღეს მიწვევა, თუმცა საქართველო იქ არავინ დაპატიჟა, ისევე როგორც "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ მიიწვიეს დავოსში გამართულ მორიგ ეკონომიკურ ფორუმზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები კარგა ხნის განმავლობაში - ჯერ კიდევ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად მეორედ არჩევამდე და შემდეგაც ამტკიცებდნენ, რომ ტრამპისა და მათი ხედვები ისე ემთხვეოდა ერთმანეთს, აშშ-სთან უცებ გააუმჯობესებდნენ ურთიერთობას, ეს ასე მარტივი არ აღმოჩნდა. მეტიც, ახლა "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებისგან სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ თურმე აშშ-ის პრეზიდენტი "დიფ სთეითის" გავლენაში მოექცა - მაგალითად, ის "დიფ სთეითის" დაკვეთით ევროპას ანგრევინებს" და ა.შ. ფაქტი კი ის არის, რომ აშშ ჩვენი რეგიონით სულ უფრო მეტად ინტერესდება - ზანგეზურის დერეფნის ამერიკული ინვესტიციებით მშენებლობა უკვე რეალობაა. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ჩვენს მეზობლებს თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ეწვევა, საქართველოს ხსენება კი ისევ არსად არის. ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო მეტად ქრება არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ რეგიონში მიმდინარე პროცესებიდანაც კი... ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრას" პოლიტიკური ინიციატივის "ჯერ საქართველო" დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ახლახან ცნობილი გახდა, რომ თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, თუმცა საქართველო ამ ვიზიტის დაგეგმვისასაც არავის გახსენებია. სიმართლე გითხრათ, არც მახსენდება აშშ-ის ასეთი მაღალი რანგის პირის კავკასიაში ვიზიტი, რომლსაც საქართველოს გარეშე ჩაუვლია, "შემოგვირბენდნენ" ხოლმე მაინც.

- არათუ "შემოგვირბენდნენ", გვახსოვს პირდაპირი ვიზიტები საქართველოში არცთუ შორეულ წარსულში. ახლა კი, როდესაც ჩვენი ქვეყნის ხსენებაც არ არის, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და ძალიან სამწუხარო სურათს ქმნის.

რაც შეეხება დავოსს, უნიკალურია "ქართული ოცნების" ხელისუფლების თვისება, რომ ერთსა და იმავე მოცემულობას მოარგოს ისეთი სახელი, როგორიც მას აწყობს. მაგალითად, როდესაც გვიწვევდნენ დავოსში, ეს მათთვის დიდი პატივი და მისასალმებელი მოვლენა იყო, ახლა როცა არ გვეძახიან, დავოსის ფორუმმა დაკარგა თურმე თავისი მნიშვნელობა და მეათეხარისხოვანი ღონისძიება გახდა. ერთი წუთით დავუშვათ, რომ საქართველო დავოსში წარმოდგენილი ყოფილიყო რომელიმე თანამდებობის პირის მიერ, საინტერესოა, რას იტყოდა, ან როგორ იტყოდა, ან საერთოდ, ვინ შეიძლება ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც დამაჯერებლად, კომპეტენტურად და კვალიფიციურად მიიტანდა ქართულ სათქმელს? ამ კითხვებზე პასუხს თუ შევეცდებით, ვფიქრობ, ძალიან დამთრგუნველ სურათს მივიღებთ.

ბუნებრივია, იბადება კითხვა, რა ხდება ჩვენს თავს ისეთი, რომ არავინ გვეხმიანება, არავინ გვახსენებს? გლობალურ პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, აგერ ჩვენს სიახლოვეს, მთლად ყურის ძირში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, უმნიშვნელოვანესი პროცესი მიდის და რატომ თუნდაც მოკითხვის, კონსულტაციის ან ინფორმირების დონეზე მაინც არავინ ურთიერთობს საქართველოს ხელისუფლებასთან? ჩემი აზრით, აქ იმდენად გეოპოლიტიკაზე არც არის ლაპარაკი, ფაქტია, თანამედროვე სამყარო ცდილობს ამ გეოპოლიტიკური კლიშეებისგან დაცლას. აგერ ახლახან გამოქვეყნებული აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ თანამედროვე მსოფლიოში უმნიშვნელოვანესია ინტერესები, ინტერესები და სხვა არაფერი.

სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას არ მიიჩნევენ ანგარიშგასაწევ პარტნიორად, რომელსაც აქვს უნარი, ესა თუ ის შეთანხმება თუ პირობა შეასრულოს სათანადოდ და ჯეროვნად. ვფიქრობ, ეს არის ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზი. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამჯობინებს ჩვენი ქვეყანა იყოს აბსოლუტურად მივიწყებული, სრულიად განზე გამდგარი პროცესებისგან. როდესაც ვლაპარაკობთ პატარა და საშუალო ქვეყნების ბედზე, თუ შენ არა ხარ აქტიური, მომთხოვნი, მიმწოლი და არ გამოდიხარ საკუთარი ინიციატივებით, მაპატიეთ და, კალთას ნამდვილად არავინ დაგახევს. ამდენად, ყოველივე ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ "ქართულ ოცნებას" საგარეო პოლიტიკა არა აქვს, ის, რასაც ესენი აკეთებენ, "დელეცობაა"... შედეგად მივიღეთ ქვეყნის სრულიად განულებული პროფილი - როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ საქართველოს ნელ-ნელა ივიწყებენ და ეს ამ ხელისუფლების მიზანმიმართული მოქმედების შედეგია. ამასთანავე, გვესმის ჩვენი პარტნიორების ლაპარაკი ქვეყანაში გავლენიანი ჯგუფების ამა თუ იმ გეოპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ აფილიაციაზე. ესეც ქმნის ფონს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მიიჩნიონ სრულიად არასანდო და არაკომპეტენტურ პარტნიორად.

- ეს ყველაფერი რას მოუტანს ქვეყანას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ზანგეზურის დერეფნის პროექტი მალე რეალობად იქცევა. მოგეხსენებათ, მის მშენებლობაში სომხურ და აზერბაიჯანულ კომპანიებთან ერთად, ამერიკული კომპანიებიც ჩაერთნენ და გაფორმდა შეთანხმებები. შეიქმნა კონსორციუმი, რომლის 74%-ის მფლობელია აშშ, დანარჩენი 26%-ის - სომხეთი. საინტერესო ისაა, რომ ამ კორიდორით არა მხოლოდ აზერბაიჯანული ტვირთები, არამედ ცენტრალური აზიის ტვირთებიც გაივლის და ეს გზა თურქეთის შავ ზღვამდე ჩავა. ცხადია, ამ პროექტის განხორციელებას დრო დასჭირდება, მაგრამ მშენებლობის დასრულების შემდეგ რა ელის შუა დერეფნის საქართველოზე გამავალ გზას?

- ამ კორიდორის მშენებლობა და საზოგადოდ, აშშ-ის კავკასიისადმი ინტერესი მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ აბსოლუტურად რელევანტურია კითხვა, რას მოუტანს ეს გზა საქართველოს, იქნება თუ არა მომგებიანი ჩვენთვის? სამწუხაროდ, დღეს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასიხარულო არაფერი გვაქვს. ის, რომ ამ ყველაფერს ჩვენ თამაშგარე მდგომარეობაში და მოუმზადებლები ვხვდებით, კარგს არაფერს გვიქადის.

მივიწყებულ ქვეყანას ისეთ რეგიონში, როგორიც ჩვენია, ასეთი მცირე რესურსებისა და ამდენი საფრთხის მქონეს, ემუქრება უსაფრთხოების სრულად განულება, განვითარებასა და კონკურენტუნარიანობაზე უარის თქმა, რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტიდან ამოვარდნა.

ქვეყნის სახელმწიფოდ ქცევა გადის მის ფუნქციაზე, როლზე, სარგებლიანობასა და საჭიროებაზე, დღეს შექმნილი ვითარება კი ქმნის იმის უდიდეს საფრთხეს, რომ სახელმწიფოდ კი არა, უბრალოდ გეოგრაფიად ვიქცეთ, რომელსაც მხოლოდ ნომინალურად ექნება დროშა, გერბი და ჰიმნი. სამწუხაროდ, საქართველოს ემუქრება იქცეს კონკრეტული და საეჭვო ინტერესების გამტარ გეოგრაფიულ სივრცედ, რომელსაც ვერაფერი ექნება საერთო არათუ სახელმწიფოსთან, არამედ სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანასთანაც კი. შეიძლება ძალიან დრამატულად ჩანს ჩემი ნათქვამი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარი პოლიტიკის უკიდურესი შედეგი ასეთი იქნება. წაიკითხეთ სრულად