ტრაგედიამ, რომელიც საბერძნეთის ქალაქ ტრიკალაში, ორცხობილების ცნობილ ქარხანა "ბიოლანტაში“ დატრიალდა, მთელი ქვეყანა შეძრა. 26 იანვარს, გამთენიისას მომხდარ აფეთქებას და ხანძარს ხუთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ელენა, ვასილიკი, ვულა, ანასტასია და აგაპი - ეს ის სახელებია, რომლებიც საბერძნეთისთვის დიდი ტკივილის სიმბოლოდ იქცა.
ყველაზე მძიმე ამ ისტორიაში ის ფაქტია, რომ ტრაგედიამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, ქარხანაში საზეიმო განწყობა სუფევდა. თანამშრომლები ტრადიციულ საახალწლო ნამცხვარს - "ვასილოპიტას“ ჭრიდნენ და ერთმანეთს წარმატებულ წელს უსურვებდნენ. გავრცელებულ კადრებში ჩანს მოღიმარი ქალები, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ ეს მათი ბოლო შეხვედრა იყო.
იმ ღამეს ცვლაში 30 ადამიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა, სწორედ ამ საზეიმო ღონისძიების გამო, დირექტორმა თანამშრომლების ნაწილი სახლში ადრე გაუშვა და ქარხანაში მხოლოდ 12 ადამიანი დარჩა. სამწუხაროდ, ხუთი მათგანისთვის ეს ღამე უკანასკნელი აღმოჩნდა.


ქარხანა "ბიოლანტამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი გლოვობენ თავიანთ "ოჯახის წევრებს“. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, გარკვეული ფინანსური პასუხისმგებლობა აიღოს დაღუპულთა ოჯახებზე:
ოჯახები ყოველთვიურად მიიღებენ იმ ხელფასს, რომელსაც ქალები პენსიაზე გასვლამდე აიღებდნენ;
არასრულწლოვანი შვილები მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას სრულწლოვანებამდე;
კომპანიამ დაუყოვნებლივ გადაიხადა 6 თვის ხელფასის ოდენობის თანხა პირველადი ხარჯებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია აცხადებს, რომ უსაფრთხოების ყველა პროტოკოლს იცავდა, გამოძიება გრძელდება. მეხანძრეები და მაშველები კვლავ მუშაობენ შემთხვევის ადგილზე, რათა დაადგინონ, რამ გამოიწვია სარდაფში მძლავრი აფეთქება, რომელმაც წამებში გაანადგურა ხუთი ადამიანის სიცოცხლე.