ავტორი:

ჯერ ერთი ძმა დააპატიმრეს, ახლა - მეორე - რას ედავებოდნენ ექსმაღალჩინოსან ვლადიმერ ღუდუშაურს, რომელიც გირაოთი გამოუშვეს და რა ხდება ცნობილი ილია ღუდუშაურის დაკავებაზე?

ჯერ ერთი ძმა დააპატიმრეს, ახლა - მეორე - რას ედავებოდნენ ექსმაღალჩინოსან ვლადიმერ ღუდუშაურს, რომელიც გირაოთი გამოუშვეს და რა ხდება ცნობილი ილია ღუდუშაურის დაკავებაზე?

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს. არსებული ცნობებით, ღუდუშაური სამართალდამცველებმა გუშინ დააპატიმრეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველმა“ ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილზე დაყრდნობით გაავრცელა. რას ედავებიან ყოფილ მაღალჩინოსანს, ამ ეტაპზე უცნობია. როგორც მჭედლიშვილი ამბობს, ამის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ყოფილი მაღალჩინოსანს ბრალი წარედგინება და დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცემა. ტელეკომპანიის ცნობით, დიმიტრი მჭედლიშვილი ილია ღუდუშაურთან წინასწარი დაკავების იზოლატორში დღეს უნდა შევიდეს. "ბრალის წარდგენა არ მომხდარა და აქედან გამომდინარე, საქმის მასალებიც არ მაქვს. როგორც ვიცი წუხელ დააკავეს. მე არ ვყოფილვარ, არ შევსულვარ, დღეს უნდა შევიდე. სავარაუდოდ, დღეს იქნება ბრალის წარდგენა და დღეს მომცემენ მასალებსაც. რაზე არის დაკავებული, რას ედავებიან ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით", - განაცხადა მან "ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, გასული წლის ივლისში დააკავეს ექსმაღალჩინოსან ილია ღუდუშაურის ძმაც - თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური. საბოლოოდ, თანხის გაფლანგვაში ბრალდებული მაღალჩინოსანი 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.

რაც შეეხება ილია ღუდუშაურს, ის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილის მოადგილედ 2022 წლის 3 იანვარს დაინიშნა და ამ პოსტს 2024 წლის მარტამდე იკავებდა. ის ჯანდაცვის სამინისტროში საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური კი პატიმრობიდან 2025 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. იმჟამად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამოძიებამ ვლადიმერ ღუდუშაურისგან მამხილებელი ჩვენებები მიიღო, რის სანაცვლოდაც ის გაათავისუფლეს. თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით ივლისში დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე. ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. პატიმრობაშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს და თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

  • განახლება 14:15

უკვე ცნობილია, რას ედავებიან სამართალდამცავები ილია ღუდუშაურს. წაიკითხეთ სტატია: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება