ავტორი:

"ამ ფასად ჯერ კარნეგი-ჰოლს ბილეთი არ გაუყიდია" - რას ჰყვება ნინო სუხიშვილი ისტორიულ კონცერტზე

"ამ ფასად ჯერ კარნეგი-ჰოლს ბილეთი არ გაუყიდია" - რას ჰყვება ნინო სუხიშვილი ისტორიულ კონცერტზე

საქართველოს ნაციონალური ბალეტის გამოსვლა ნიუ-იორკში, კარნეგი-ჰოლის ლეგენდარულ სცენაზე წლის დასაწყისში მთავარ კულტურულ მოვლენად იქცა. ანსამბლის ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი, "ფორმულაზე" გიორგი თარგამაძესთან დეტალურად საუბრობს იმ ემოციებზე, პასუხისმგებლობასა და აღიარებაზე, რომელიც "სუხიშვილებმა" ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ დარბაზში მოიპოვეს

  • კარნეგი-ჰოლის ისტორიული პრემიერა

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს კონცერტი ჩვენთვის. ჯერ ერთი, კარნეგი-ჰოლი არის ერთ-ერთი პრესტიჟული და ცნობილი სცენა მსოფლიოში და ძალიან დიდი პრესტიჟია იქ გამოსვლა, ძალიან ბევრს ნიშნავს. თან, კარნეგი-ჰოლში ჯერ ცეკვა არ ყოფილა არასდროს წარმოდგენილი, საცეკვავო ანსამბლი იქ არ გამოდის - ეგ სხვა ფორმატის დარბაზია. ამიტომ ჩვენ ვიყავით პირველად კარნეგი-ჰოლში და კარნეგი-ჰოლისთვისაც პირველად იყო საცეკვავო დასი.

მეტროპოლიტენ ოპერაში სხვადასხვა ცეკვები ტარდება, ნიუ-იორკ სიტი თეატრში, ბალანჩინის თეატრში - იქ ცეკვებისთვის სხვა დარბაზებია, იქაც გამოვსულვართ არაერთხელ, მაგრამ აი, ეს პირველად კარნეგი-ჰოლის სცენაზე ცეკვა იყო პირველი. ამიტომ ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან ასაღელვებელი იყო ეს ყველაფერი.“

  • ანშლაგი

"ბოლო მომენტამდე იმდენად დატვირთულები ვიყავით ემოციებით, რომ არ შეიძლება არ აღვნიშნო კიდევ ორგანიზება ამ კონცერტის, სადაც ქართველი გოგო იყო ჩაბმული - სალომე ლილუაშვილი, რომელიც პროდიუსერობს უკვე წლებია ამერიკაში, ნიუ-იორკში.

მისმა საპროდიუსერო კომპანიამ გააკეთა ეს წარდგენა კარნეგი-ჰოლში. სხვათა შორის, თავიდან თვითონაც არ სჯეროდა, რომ ეს გამოვიდოდა, მაგრამ კარნეგი-ჰოლი ისეთი დარბაზია, მან რომ შეისწავლა ჩვენი ისტორია - თუ სად ვართ გამოსულები, როგორ დარბაზებში: ნიუ-იორკში ბროდვეიზე, ლინკოლნ ცენტრში, უამრავ სხვა დარბაზში ბალანჩინთან ერთად, ბალანჩინის ბალეტთან ერთად - ამიტომ სიამოვნებით დათანხმდნენ. რაც კიდევ ნიშანდობლივია, რომ ამ ფასად ჯერ კარნეგი-ჰოლს ბილეთი არ გაუყიდია, აქამდე ძალიან მაღალი ფასი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, იყო აბსოლუტური ანშლაგი.".

  • რობერტ დე ნირო და მსოფლიო ელიტა

"მაყურებელთა შემადგენლობაც იყო ძალიან გამორჩეული და საინტერესო. ჩვენ ახლა რობერტ დე ნირო ვნახეთ, რომელიც თავისთავად ყველგან დატრიალდა სოცქსელებში. რადგან დარბაზში გადაღება არ შეიძლებოდა, ის კი კულისებში იყო შესაძლებელი, თორემ ნაკლები მეგავარსკვლავები არ ისხდნენ დარბაზში. იყო ყველა პროდიუსერი ნიუ-იორკის - ვინც კი არის კულტურაში, შოუბიზნესში, ხელოვნებაში, აი, "ტოპ" ხალხი იყო მოსული.

"ფორბსის" რედაქტორები, ამერიკული "ვოგის" მთავარი რედაქტორები, ნიუ-იორკული გაზეთები: "დეილი მეილი"... უამრავი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. სხვათა შორის, ძალიან ბევრი კინოვარსკვლავი, ქორეოგრაფი, მოცეკვავე, მსახიობი - საოცარი მაყურებელი იყო. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ასეთი გამოძახილი იყო. ფაქტობრივად, ეს ხომ მარტო ჩვენი წარმატება არ იყო, ეს იყო ქვეყნის წარდგენა, საქართველოს წარმატება და ამიტომ აი, ორმაგად უფრო საამაყოა. იმდენმა ადამიანმა ნახა არა მარტო ცოცხლად, არამედ სოცქსელებშიც, რომ როცა ავსებ სიამაყით შენი თანამემამულის გულებს, ამაზე დიდი ჯილდო ნამდვილად არ არის".