Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს.

კახი კახიაშვილის ტიტულები, წოდებები და სპორტული მიღწევები:
ბესო:
- ცხინვალში დაიბადეთ. როგორი ბავშვობა გქონდათ და იმ პერიოდში ქართველები და ოსები როგორ თანაცხოვრებდით ერთმანეთთან? გაიხსნეთ თქვენი ბავშვობის პერიოდი...
- დავიბადე 1969 წელს ქალაქ ცხინვალში. ბავშვობა ამ მრავალეროვან ქალაქში გავატარე, სადაც ცხოვრობდნენ: ქართველი, ოსი, ებრაელი, რუსი, სომეხი. მამაჩემი მასწავლებელი იყო, პიონერთა სასახლეში ერთ-ერთ მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ცხინვალის მე-6 საშუალო სკოლა დავამთავრე. ასევე მრავალეროვან კლასში ვსწავლობდი. საკმაოდ კარგი მოსწავლე ვიყავი, ატესტატში არც ერთი სამიანი არ გამომყოლია. იქვე დავიწყე სპორტზე სიარული, ასპარეზობა, სავარჯიშო პროცესები. თავიდან ტანვარჯიშით დავინტერესდი, შემდეგ - ფეხბურთით, მერე - ძალოსნობით, სადაც დღემდე ვარ.
საკმაოდ საინტერესო ბავშვობა მქონდა, დიდ ყურადღებას აქცევდნენ ახალგაზრდებს როგორც სკოლაში, ასევე პიონერთა სასახლესა და სპორტსკოლაში, სადაც ვვარჯიშობდი და სადაც ძალოსნობის ანი და ბანი ვისწავლე. ვანო გრიქუროვის სექციაში ვვარჯიშობდი, რომელიც ჩემი მეზობელი იყო. ბავშვებთან გართობა-თამაშში რომ ვიყავი, იქვე გაუვლია და მამაჩემისთვის უთქვამს, დარბაზში მოიყვანეთო.

ფიზიკური ძალით არ გამოვირჩეოდი, რაღაც განსხვავებული მონაცემები არ მქონდა. უბრალოდ, მინდოდა საერთო ფიზიკური მომზადება გამეუმჯობესებინა. თავიდან კრივის დარბაზი მეგონა და იქვე შტანგის ინვენტარი რომ დავინახე, გამიკვირდა... ჩემს პედაგოგს ისეთი პედაგოგიური ნიჭი, მონაცემები და შემართება ჰქონდა, რომ ეს სახეობა შემაყვარა და არა მარტო მე. იმ დროს იქ ეს სახეობა ისე იყო განვითარებული, რომ ცხინვალის ნაკრები საქართველოს ნაკრებს ათწლეულების განმავლობაში უგებდა. ასე რომ, ეს სახეობა ამ კაცმა შემაყვარა და დღემდე ჩემს საყვარელ სახეობას ვემსახურები.
ეკა:
- დღეს ცხინვალში გაქვთ ვინმესთან კონტაქტი?
- იმის გამო, რომ მთელი ჩემი ბავშვობა ცხინვალში მაქვს გატარებული, უამრავი მეგობარი, მეზობელი, მასწავლებელი, ნათესავია, რომლებთანაც დღესაც ვურთიერთობ. ზოგიერთი მათგანი იძულებით გადაადგილებული პირია, ზოგი იქ დარჩა. ცხინვალში მიმოსვლა ფიზიკურად არ მაქვს, თუმცა 2008 წლამდე ყოველწლიურად შევდიოდი, პრობლემა არ იყო ხოლმე. ერთხელ ბერძნების 6-კაციანი სატელევიზიო ჯგუფი წავიყვანე, რომლებმაც იქ 2-საათიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. 2008 წლის მერე ცხინვალში არ ვყოფილვარ და ეს ამბავი ძალიან მტკივა. მინდა აღდგეს ეს ყველაფერი, გაიხსნას მიმოსვლა. ეს ხომ ხელოვნური ბარიერია, რაც არ არის საჭირო...

ვალერი:
- გაიხსენებთ პირველი წარმატება და აქვე გვითხარით, როგორი იყო გამარჯვების შედეგად გამოწვეული თქვენი ემოციები...
- ახლა თვალყურს ვადევნებ ჩემს მოწაფეებს, მათ უხარიათ მედალი, დიპლომი, უხარიათ კვარცხლბეკზე ასვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესოები არიან. ასე ვიყავი მეც, - წარმატების მიღწევისას ყველა მოზარდი ფსიქოლოგიურ, ემოციურ განცდებშია, სიხარული ეუფლებათ. ჩემი პირველი მედალი, რომელიც მკერდზე ჩამომკიდეს, არ მავიწყდება, ეს სპორტსკოლაში იყო. ვერ ვივიწყებ პირველ დიპლომებს, პირველ მასწავლებლებს, როგორც სკოლაში, ასევე სპორტდარბაზში. შემდეგ იყო საბჭოთა კავშირის მედლები, საერთაშორისო ასპარეზობა, ოლიმპიური თამაშების მედლები. დღესაც სულ მინდა, რომ ეს მედლები მკერდზე მეკიდოს, რადგან მეამაყება და მიხარია.
უცნობი:
- წარმატებული სპორტული ბიოგრაფია გასაგებია, რომ შრომით შექმენით. კიდევ რამ და ვინ ითამაშა ამაში როლი?
- წარმატებისთვის რამდენიმე კომპონენტია საჭირო - ეს არის მასწავლებელი, რომელიც პირველ ილეთებს, პირველ ტექნიკას, მეთოდიკას გასწავლის. მერე აკეთებ პირველი ჩანაწერებს (გვაქვს ხოლმე დღიურები). მწვრთნელი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. მნიშვნელოვანია ოჯახური პირობები, მშობლების მხარდაჭერა-ხელშეწყობა. აუცილებელია ბუნებრივი მონაცემი და ის პირობები, სადაც ივარჯიშებ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გარემო, სამეგობრო. თუ ეს წრე შეიკვრება, სპორტსმენს აუცილებლად ექნება შედეგი. თუმცა ჩემპიონი მხოლოდ ერთი ხდება... ჩემპიონს ამ ჩამოთვლიდან კიდევ დიდი მისწრაფება, ნებისყოფა, თავდაუზოგაობა სჭირდება, რაღაც მომენტში ალბათ სპორტული იღბალიც. საერთო ჯამში აი, ეს განაპირობებს ჩემპიონობას.
მიშო:
- 1994 წელს ოლიმპიადაზე საბერძნეთის სახელით გამოხვედით და გახდით კიდეც ოლიმპიური ჩემპიონი. რა გახდა ამის და საერთოდ თქვენი საბერძნეთში გადასვლის მიზეზი?
- მიზეზი იყო ერთი და ძირითადი - მწყუროდა გამარჯვებები, თუმცა მაგ პერიოდში დავიწყე წაგება, ტრავმების მიღება, აუტანელი პირობებში აღმოვჩნდი. 90-იანმა წლებმა ჩემზე მძიმედ იმოქმედა. იყო ავტობუსზე ჩამოკიდება, "ფეჩის“ შენთება, არა გაზი, არა წყალი, არა კვება, ოთხსაათიანი პურის რიგში დგომა. იმ აუტანელმა ცხოვრებამ, მეგობრების რჩევამ, ქვეყნიდან წასვლისკენ მიბიძგა. თუმცა დიდხანს ვყოყმანობდი, მაგრამ ბოლოს ჩემმა დიდმა პაპამ მითხრა, - შვილო, წადი, შენ თავსაც უშველე, ჩვენც გვიშველე, შენს ფედერაციასაც, წადი საქმეს მიხედეო. წავედი. საბერძნეთის სახელით გამოვდიოდი. მაშინ იქ ერთ-ერთი გაზეთის სტატიის სათაური მახსოვს - "საქართველოს ოქროს საწმისით, ქეცბაიათი და კახიაშვილით ვიცნობთო“ (ქეცბაია მაშინ საბერძნეთში გახლდათ) ეს ჩემთვის საამაყო იყო. ის გამარჯვებებიც, რაც უკვე შემდგომში საბერძნეთში ვიზეიმე, ქართველ ხალხს მივუძღვენი. ჩემმა იქ გადასვლამ გაამართლა. შევინარჩუნე ჩემი ტიტულები და გავაუმჯობესე შედეგები, ჩვენს ეროვნულ ფედერაციას როგორც თანხებით, ისევ ინვენტარით და რჩევებით ვეხმარებოდი. საბერძნეთში 10 წელი ვიყავი. საქართველოში რომ დავბრუნდი, მოქალაქეობა მივიღე და ჩემი სპორტული კარიერა უკვე აქ როგორც ვიცე-პრეზიდენტმა გავაგრძელე.
ნათელა:
- რამდენი წელი იყავით საბერძნეთში, ადვილად ადაპტირდით და როგორ მიგიღეს ბერძნებმა?
- საბერძნეთში თავიდან ადაპტირება გამიჭირდა, არ ვიცოდი ენა, ყოფაც სხვანაირი იყო, არ მყავდა მეგობრები. მოკლედ, ისე გამიჭირდა, რომ რამდენჯერმე წამოსვლაც ვიფიქრე. საერთოდ ჩემთვის მტკივნეულია ხოლმე ჩემი მიდამოდან მოწყვეტა. საბოლოოდ სამ წელიწადში ნელ-ნელა ვადაპტირდი. 2004 წლამდე იქ ვიასპარეზე. დღესაც საბერძნეთის მოქალაქე ვარ, ასევე ნატოს სამხედრო ჯარების პოლკოვნიკი, ოლიმპიურ კომიტეტში მრჩეველი ვარ, ასევე მრჩეველი ოლიმპიელთა კლუბში.

გია:
- ლაშა ტალახაძის ამხელა წარმატებას ელოდით და მის გადეპუტატებას როგორ შეხვდით?

- 2015 წელს მე და ჩემი თანამოაზრეებმა - გიორგი ასანიძემ და იმ პიროვნებებმა, ვინც ძირითადი ბირთვი იყო და ჩვენი ეროვნულ ფედერაციის სათავეში იყვნენ, მიზნად დავისახეთ დაქუცმაცებული, ვალებში ჩავარდნილი ფედერაცია გამოგვეცოცხლებინა. ყველაფერი მოგვეწესრიგებინა არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ საერთაშორისო არენაზე. ერთ წელიწადში ეს მოვახერხეთ, რადგან დიდი სურვილი გვამოძრავებდა, გვქონდა ამ სახეობის საფუძვლიანი ცოდნა, სიყვარული და გავხდით საუკეთესო ფედერაცია და სპორტის სამინისტრომ გვაღიარა. ერთ-ერთი ჩვენი მიმართულება იყო, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა და სპორტსმენების შედეგები. სპორტსმენების შედეგებში იგულისხმებოდა ის ტალანტები, რომლებიც გვყავდა, ერთეულები კი ყოფილიყვნენ, არამედ მსოფლიო არენაზე გუნდურადაც მოგვეგო...
ამასაც მივაღწიეთ...

ამ წარმატებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ლაშა ტალახაძემ ითამაშა. გიორგის აქცენტი ჰქონდა იმაზე, რომ ლაშას ტალანტი, მონაცემები, მისწრაფება სრულად განეხორციელებინა. ამისთვის მთლიანი მხარდაჭერა ჰქონდა ლაშას, გიორგის, ეროვნულ ნაკრებს და ჩვენი მოლოდინები გაამართლეს როგორც ლაშამ და რეზიმ, ასევე ირაკლი თურმანიძემ და უამრავმა სხვამ. გოგონებშიც დავაარსეთ ძალოსნობა და გვყავდა მსოფლიო ჩემპიონი... წინსვლა დიდი იყო. რა თქმა უნდა, ლაშა უზარმაზარი ტალანტია, უზარმაზარი სპორტსმენია, - სამჯერ გახდა საუკეთესო, მსოფლიოში აღიარებული. ვამყარებდი იმით, რომ მეოთხე ოლიმპიურ თამაშებზეც უნდა ეასპარეზა, ამის პოტენციალი ჰქონდა და რომ ჩვენს სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონი მეოთხედ გახდებოდა, რომლის პრეცედენტი ჯერ არ არსებობს. ეს ჩემი და გიას ოცნებაც იყო. ლაშას ამის მონაცემები ჰქონდა. ბევრი საუბრები ვატარებდით მასთან, ერთ პერიოდში დაგვთანხმდა კიდეც და ამით ძალიან გაგვახარა. ეს იყო 2024 წლის მიწურულს, - გვითხრა, ჯერ კიდევ სპორტსმენი ვარ და გავაგრძელებო. შემდეგ ისე მოხდა, რომ ის პოლიტიკაში წავიდა, დეპუტატი გახდა. მოდი ნუ განვსჯით, ვისაუბრეთ იმ შედეგებზე, რასაც მოიტანს. რასაც დადებს ესა თუ ის პიროვნება. მინდა, პოლიტიკაშიც გზა დავულოცო, შედეგიანი ყოფილიყოს. ტალანტია და შეიძლება პოლიტიკაშიც გამოადგეს ჩვენს ქვეყანას, თუმცა მიმაჩნია, რომ ის უპირველესად დიდი სპორტსმენია და უნდა იყოს სპორტში. თუმცა დღეს ფედერაციის ხელმძღვანელია უზარმაზარი საქმიანობას ეწევა. რაც მე და ჩემმა გუნდმა გავაკეთეთ, ლაშას გადავაბარე ყველაფერი და შარშან მარტში ლაშა ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. სრული მხარდაჭერა გამოვუცხადე ჩემი სრული რესურსით, ისევ და ისევ ჩვენი სახეობის საკეთილდღეოდ აუცილებლად მხარში დავუდგები. დღესაც ერთად ვაწარმოებთ ბათუმის ჩემპიონატის საორგანიზაციო პროცესს. მოსამზადებლად ბოლო ორი თვე დაგვრჩა და კიდევ ერთხელ დიდ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ, რომელიც თავის მხრივ ქვეყანას ცნობადობას აამაღლებს და სპორტულ ტურიზმს დაეხმარება... ხოლო ის დაბრუნდება სპორტში თუ არა მივანდოთ მას. მინდა, რომ დაბრუნდეს, თუმცა ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ლაშა ფენომენია და შეიძლება მართლა დაბრუნდეს კიდეც...
ვიკა:
- დედაქალაქი დატოვეთ და დღეს საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობთ. ეს ნაბიჯი რატომ გადადგით და როგორია ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან?
- პრეზიდენტის დარგში 44 დარბაზი გავაკეთე და ვერაფრით ვერ მოვახერხე ჩემს სოფელში მეღვრეკისში დარბაზი გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მცდელობა მქონდა ხელმძღვანელობასთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან, სკოლასთან, არაფერი გამოვიდა. ამის გამო საკუთარ თავზე ცოტა განაწყენებული ვიყავი. მერე ჩემი სახსრებით ყველაფერი გავაკეთე და სოფელში დღეს უკვე არსებობს დარბაზი, სადაც 50 ბავშვი ვარჯიშობს. ჩემს საყვარელ სახეობას თაობას ვუზრდი და მიხარია. მთელი სული და გული მაქვს ამ საქმეში ჩადებული და შედეგებიც წამოვიდა... მინდა, რაც შეიძლება ბევრმა ბავშვმა იაროს ჩვენთან. პარალელურად ხეხილს, ბოსტნეულს ვაწარმოებ. მინდა ყველაფერი იყოს სუფთა, ნიტრატებისა და დამხმარე ქიმიური ჩარევების გარეშე. 8 ადამიანი მყავს დასაქმებული საოკუპაციო ხაზთან და მთელი ის პროდუქტი, რასაც ვაწარმოებ, მომყავს ისევ ბავშვებს ვუბრუნებ. დღეში 30 ბავშვს ვკვებავ.
ზოგი მოკრძალებული ოჯახიდან არის, თან ისიც უნდა ვიცოდე, ჩემი მოსწავლეები როგორ იკვებებიან. მოწესრიგებული კვება სპორტსმენისთვის აუცილებელია. მათ კვების სათანადო რაციონი სჭირდებათ. ეს დაეხმარებათ როგორც სპორტში, ასევე ცხოვრებაში. დაქირავებული მყავს სამი მზარეული, რომლებიც მუშაობენ ჩემთან კლუბში და ბავშვებს შეძლებისდაგვარად ვუმასპინძლებდი.
თამარი:
- გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
- ოჯახი არ მყავს, თუმცა, ჩემი ერთ-ერთი მიზნია, რომ შევქმნა... რაც შეეხება მამას, ის თბილისში ცხოვრობს, ბევრი ბავშვის მასწავლეელი იყო, მათ შორის, ჩემიც. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. დედა ამჟამად საბერძნეთშია, იქ მყავს დაც, ასევე დისშვილი, რომელიც სპორტსმენია. დედა 90-იან წლებში საბერძნეთში მე წავიყვანე, რომ ჩემთვის საჭმელი მოემზადებინა, მოევლო და მე კი სპორტული კარიერისთვის მიმეხედა.

ალეკო:
- რას ურჩევთ და უსურვებთ დამწყებ სპორტსმენებს?
- მიზნების დასახვას, მიზნების გადალახვას, მასწავლებლის დაჯერებას, მობილიზაციას, ტექნიკის სწავლას და ფიზიკურ მონაცემების გაუმჯობესებას. ასევე ყველაზე მთავარია, სიყვარულს, როგორც სამშობლოსი, ისე მეგობრის მიმართ, მოწინააღმდეგის, იმ სახეობის, რომლითაც ვართ დაკავებული.
მჯერა და მწამს, მნიშვნელობა არა აქვს, ადამიანი სად, რომელ ქვეყანაში, რა პოზიციაში, რა მდგომარეობაში იმყოფება. მნიშვნელობა აქვს ის რას ფიქრობს და რას აკეთებს...