სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს. არსებული ცნობებით, ღუდუშაური სამართალდამცველებმა გუშინ დააპატიმრეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი - 8 525 876 ლარი შესთავაზა.
აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ი. ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.
წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 27 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ - „ჯი-თი მოტორსმა“, „სტრადა მოტორსმა“ და Avto Engineering Holding Group Ltd-მა მიიღო. მაშინ ყველაზე ნაკლები თანხა 8 525 876 ლარი „სტრადა მოტორსმა“ შესთავაზა.
რაც შეეხება სხვა პრეტენდენტებს, „ჯი-თი მოტორსმა“ 12 682 670 ლარი, Avto Engineering Holding Group Ltd-მა კი 19 064 072 ლარი შესთავაზა.
თუმცა, როგორც საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს ტენდერი ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით შეწყდა და მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.
ახალი ტენდერი 2023 წლის 10 მაისს გამოცხადდა და შესაბამისად, მასში მონაწილეობა მხოლოდ „ჯი-თი მოტორსმა“ მიიღო. ამჯერად აღნიშნული კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა 29 338 018 ლარს შეადგენდა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით „ჯი-თი მოტორსი“ 2007 წელს დაფუძნდა. ბოლო ამონაწერით, კომპანიის გენერალური დირექტორი თემურ უსტიაშვილია, 100%-იან წილს „ჯი-თი გრუპი“ ფლობს. ამ უკანასკნელის წილები კი თანაბრად ნაწილდება (33.33%) სამ პირზე - გიორგი გველესიანზე, გიორგი თავდიშვილზე და თემურ უსტიაშვილზე. „ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორის პოსტი აქაც თემურ უსტიაშვილს უკავია. განაგრძეთ კითხვა
იხილეთ ასევე: