ავტორი:

"ძმა სიცივეში გაიყინა... სახლში რომ არ მოვიდა, მის მოსაძებნად წავიდა დარია და წყალში ჩავარდა" - რას ჰყვებიან ხელვაჩაურში ტრაგიკულად დაღუპულ და-ძმაზე

"ძმა სიცივეში გაიყინა... სახლში რომ არ მოვიდა, მის მოსაძებნად წავიდა დარია და წყალში ჩავარდა" - რას ჰყვებიან ხელვაჩაურში ტრაგიკულად დაღუპულ და-ძმაზე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 55 წლამდე და-ძმის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედრები სახლის მიმდებარედ იპოვეს და და-ძმას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

  • გარდაცვლილები არიან დარია და ტარიელ ფარტენაძეები. ისინი სოფელ აჭარისაღმართიდან იყვნენ.

"ტარო გავიდა 8 საათზე მეზობელთან, ვერ მივიდა მეზობლის სახლამდე, გზაზე წაიქცა. ზოგადად ტაროს ხშირად უკავდებოდა ხელ-ფეხი, ალბათ ახლაც ეგ დაემართა, დაეცა და ადგომა ვერ შეძლო. გაიყინა სიცივეში. დილის 9-მდე იქ იმყოფებოდა, დამ ვერ იპოვა, რადგან სულ სხვა ადგილას ეძება, სადაც ძმის ტლეფონი იყო - იქ. დარია ტელეფონით რეკავდა ოჯახის წევრებთან, ღამის 12 საათამდე ეძება. ტელეფონის ფანრით ათვალიერებდა გარემოს, ამ დროს გადავარდა შემთხვევით წყალში. იქ დაიღუპა" - გვიყვებიან ახლობლები.

AMBEBI.GE გარდაცვლილების კიდევ ერთ ნათესავს ესაუბრა:

"დილით მეზობლის ბავშვმა ნახა ეზოს ჭიშკართან ტარიელი გაყინული. ამის მერე დის ძებნა დაიწყეს და და ნახეს სახლთან ახლოს, პატარა ნაკადულში ჩავარდნილი. სავარაუდოდ, სიბნელეში როცა ძმას ეძებდა, ამ დროს ჩავარდა ნაკადულში, მაგრამ ეტყობა დაშავდა და ამოსვლა ვეღარ შეძლო. ასეთი მწარე რეალობაა. არც და იყო გათხოვილი და არც ძმა იყო დაოჯახებული და ორივე დაღუპულია. სახლის ერთ მხარეს ძმა არის ნაპოვნი, და სახლის მეორე მხარეს პატარა ნაკადულში და იპოვეს გარდაცვლილი. ძმა ცენტრალური ეზოს შესასვლელთან ნახეს დაღუპული" - ამბობს ჩვენთან საუბარში ნათესავი.

  • როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2 პირის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, და-ძმის - 1972 წელს დაბადებული ტ.ფ. -ს და 1970 წელს დაბადებული დ.ფ. - ს გარდაცვალება გამოიწვია მოყინვამ. (სხეულის გადაციებამ). პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს განზრახ მიყენებული რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებათ, რაც სიკვდილს გამოიწვევდა.

მომხდართან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”, - აცხადებენ უწყებაში