დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარაბულახში ქმარმა ცოლი მოკლა. დანაშაული გულიევების საცხოვრებელ სახლში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით სპანდიარ გულიევმა ცოლს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. მიყენებული დაზიანებებით ქალი გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
როგორც ამბობენ, მომხდარს წინ უძღოდა კონფლიქტი. ადგილობრივები გვიდასტურებენ, რომ დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი.
“ახლა მივდივარ შემთხვევის ადგილზე. გიდასტურებთ, რომ მკვლელობა მოხდა. მკვლელობა ჩაიდინა სპანდიარ გულიევმა, მოკლა ცოლი. რატომ მოკლა, ეს ჯერ არ ვიცი. მალე ვიქნები იქ და მეტი დეტალი მოგვიანებით მეცოდინება. ისე ადგილობრივ ხელისუფლებას არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია იმაზე, რომ ამ ოჯახში რაიმე კონფლიქტი იყო და რომ ეს კაცი ცოლზე ძალადობდა. რა მოხდა არ ვიცი ჯერ. გზაში ვარ" - ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ სოფელ კარაბულახიში ზულფუგარ მიქაილოვი.
ჩვენ მასთან კიდევ ვცადეთ დამატებითი ინფორმაცია მიგვეღო, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაცია აქვს აქტივისტს სამირა ბაირამოვას.
"დღეს მომხდარა ეს ამბავი. ძალიან სანდო ადამიანისგან მაქვს ეს ინფორმაცია. მამაკაცმა ცოლი მოკლა. მკვლელობა დღეს დილის საათებში მომხდარა. შემთხვევის შემდეგ ბრალდებულს თურმე ცოლის ცხედარი დმანისის პოლიციის განყოფილებაში მიუტანია და დანაშაულიც აღიარა. თვითონ ჩაბარდა პოლიციას, ახლაც პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ და დაკითხვა მიმდინარეობსო. რატომ მოკლა ცოლი, ამაზე ინფორმაცია ჯერ არ მაქვს. ვიცი რომ მოკლული ახალგაზრდა ქალია. წყვილს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. თუ მეტი ინფორმაცია მექნება, დამატებით მოგაწვდით" - მითხრა მან.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა მეუღლე - 1983 წელს დაბადებული ე.ა. ბრალდებული თავად შეეცადა დაჭრილი კლინიკაში გადაეყვანა თუმცა, მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ა. გარდაიცვალა. ი.გ. პოლიციაში თავად გამოცხადაა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.