დიდ ბრიტანეთს ქარიშხალი "ჩანდრა" დაატყდა თავს. კოკისპირულმა წვიმამ, ძლიერმა თოვამ და ქარმა ქვეყანაში მასშტაბური დატბორვები გამოიწვია, რასაც გზების გადაკეტვა, სკოლების დახურვა და მატარებლების მოძრაობის შეჩერება მოჰყვა.




ძლიერი ნალექებთან დაკავშირებით მეტეოროლოგიურმა სამსახურმა (Met Office) ცხრა ყვითელი და ნარინჯისფერი გაფრთხილება გამოსცა.

დევონში მეხანძრეებმა წყალდიდობაში მოყოლილი 25 მანქანიდან ადამიანები გადაარჩინეს. ადიდებული მდინარე ოტერის გამო, ასობით დასახლება ასევე წყალდიდობის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
ყველაზე ძლიერი ქარი სამხრეთ-დასავლეთში და უელსშია მოსალოდნელი — პემბროკშირისა და სკილის კუნძულებზე ქარის სიჩქარე 80 მილი/სთ-მდე შეიძლება გაიზარდოს, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიაში დაახლოებით 75 მილი/სთ-ს მიაღწევს.



მეტეოროლოგების ცნობით წყალდიდობების გამო სერიოზული სატრანსპორტო შეფერხებები, ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში, ჩრდილოეთ ინგლისსა და შოტლანდიაში არის მოსალოდნელი.



ატლანტიკური ამინდის სისტემების სერია მთელ დიდ ბრიტანეთში ნოტიო და ქარიან ამინდს განაპირობებს, ხოლო პენინებში და შოტლანდიის მთებში მაღალ ადგილებზე თოვლია მოსალოდნელი.

ყოველივე ამის ფონზე, დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ ჩრდილოეთ ინგლისში პარასკევამდე სიცივის შესახებ გაფრთხილებები აამოქმედა და “მოწყვლადი ადამიანებისთვის სიცოცხლის გაზრდილი საფრთხის“ შესახებ განაცხადა.