ავტორი:

ესპანეთის მთავრობამ მიგრანტების ლეგალიზაციის პროგრამა დაამტკიცა - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მიგრანტი და რას წერენ ესპანეთში მცხოვრები ქართველები?

ესპანეთის მთავრობამ მიგრანტების ლეგალიზაციის პროგრამა დაამტკიცა - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მიგრანტი და რას წერენ ესპანეთში მცხოვრები ქართველები?

ესპანეთის მთავრობამ დაამტკიცა პროგრამა, რომელიც არალეგალი მიგრანტების ლეგალიზაციას უზრუნველყოფს

  • როგორც ადგილობრივი მედია წერს, "უხეში შეფასებით, ამ შესაძლებლობით სულ მცირე, ნახევარი მილიონი არალეგალი მიგრანტი ისარგებლებს. ამისთვის მათ მხოლოდ და მხოლოდ ის უნდა დაამტკიცონ, რომ ბოლო 5 თვის განმავლობაში ესპანეთში ცხოვრობდნენ და არ უნდა იყვნენ ნასამართლევი. ამის შემდეგ კი ოფიციალური სტატუსის მისაღებად განაცხადის შეტანას შეძლებენ.

მხოლოდ განაცხადის წარდგენის ფაქტიც კი განმცხადებელს სულ მცირე, ერთი წლის ვადით ბინადრობის და დასაქმების შესაძლებლობას მისცემს, ანუ იმ პერიოდით, ვიდრე განცხადებაზე პასუხი იქნება და მიგრანტს ოფიციალური ლეგალიზაცია ექნება.

  • მთავრობამ ლეგალიზაციის პროგრამა დადგენილების სახით მიიღო, რათა საჭირო არ ყოფილიყო მისი მიღება პარლამენტის მიერ, სადაც სოციალისტი პრემიერის, პედრო სანჩესის ხელმძღვანელობით მემარცხენე კოალიციურ მთავრობას უმრავლესობა არ ჰყავს.

მიგრანტების მოწინააღმდეგე პარტიებმა და მოძრაობებმა ბოლო დროს მნიშვნელოვანი პოზიციები დაიმკვიდრეს ევროპის ბევრ ქვეყანაში. ესპანეთის მთავრობის პოზიცია მკვეთრად ეწინააღმდეგება ამ ზოგად ტენდენციას.

პრემიერ-მინისტრმა სანჩესმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანას შრომითი მიგრაცია სჭირდება მუშახელის დეფიციტის შესავსებად.

ესპანეთის მემარჯვენე და ნაციონალისტური პარტიები უკმაყოფილო არიან მთავრობის გადაწყვეტილებით. პარტია Vox-ის ლიდერმა, სანტიაგო აბასკალმა განაცხადა, რომ მთავრობა ხელს უწყობს მასობრივ იმიგრაციას, რათა ადგილობრივი მოსახლეობა ახალმოსულებით ჩაანაცვლოს. აბასკალი იმიგრაციას "შეჭრას“ უწოდებს და ხელისუფლებას მიგრანტების დეპორტაციისკენ მოუწოდებს.

"სახალხო პარტიის" ლიდერმა ალბერტო ნუნიესმა განაცხადა, რომ მიგრანტების ლეგალიზაციის შესახებ დოკუმენტის ამ კონკრეტულ დროს მიღებით, პედრო სანჩესი ცდილობს ყურადღების გადატანას იანვარში მომხდარი მატარებლების ავარიიდან, რამაც 46 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

  • ესპანეთში ათასობით ქართველი მიგრანტი ცხოვრობს და მათ შორის, ბევრი არალეგალურად, რომელთათვისაც ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ლეგალურად ცხოვრებისა და დასაქმების შესაძლებლობაა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ესპანეთში მცხოვრები ქართველები ეხმიანებიან:

"გილოცავთ, დამტკიცდა, მხოლოდ მათ არ დააკმაყოფილებენ, რომლებსაც ნასამართლობა აქვთ",

"დამტკიცდა, დამტკიცდა. გილოცავთ, ქართველო ემიგრანტები. ვისაც არ გვქონდა საბუთი, ახლა იოლ ფორმაში მოგვეცემა, რაც სამუშაოს უფლებას მოგვცემს"

"ამდენი წელია აქ ვცხოვრობთ, მაგრამ აქამდე საბუთები ისეთი პრობლემა იყო, რა ბედნიერებაა, რომ შიშის გარეშე შევძლებთ გადაადგილებას და არ გვექნება დეპორტის მოლოდინი", - წერენ ესპანეთში მცხოვრები ქართველები სხვადასხვა ჯგუფებში.