ავტორი:

"არ მინდოდა ემიგრაციაში წასვლა, იძულებული გავხდი..."  - მულახელი დათო ნავერიანის გზა ფილადელფიამდე და კაფე ამერიკაში, რომლის ყველა თანამშრომელიც ქართულად მღერის

"არ მინდოდა ემიგრაციაში წასვლა, იძულებული გავხდი..."  - მულახელი დათო ნავერიანის გზა ფილადელფიამდე და კაფე ამერიკაში, რომლის ყველა თანამშრომელიც ქართულად მღერის

ბოლო დროს სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს ერთ-ერთი კაფეს თანამშრომლები ქართულ საკრავებზე თუ როგორ უკრავენ და მღერიან, ამაში გასაოცარი თითქოს არაფერი იქნებოდა რომ არა ის, კაფე პენსილვანიის შტატში, კერძოდ, ქალაქ ფილადელფიაში რომ მდებარეობდეს. როგორც ირკვევა, მისი თანამშრომლები ქართველი ემიგრანტები არიან, რომლებიც ისე სასიამოვნოდ მღერიან და ისეთი შეხმატკბილება აქვთ, რომ მათი ვინაობის გარკვევა გადავწყვიტეთ. მაშ, ვინ არიან ქართველები, რომლებიც სამზარეულოში არა მარტო შრომობენ, მთლიანად კაფეს სივრცეში საოცარ ცეცხლს ანთებენ? როგორ შეიკრიბა ამდენი ნიჭიერი ადამიანი ერთად ან რამ აქცია ისინი ემიგრანტებად? - ამის შესახებ ერთ-ერთი მათგანი - დათო ნავერიანი მოგვიყვება, რომელსაც ფილადელფიაში დავუკავშირდით. ჩვენი რესპონდენტი მესტიიდანაა, კერძოდ, სოფელ მულახიდან:

დათო ნავერიანი:

- ამ კაფეს მეპატრონე, ბატონი დავით ღვინიანიძე ოპერის მომღერალია და ამ სივრცეს სახელიც "კაფე მაესტრო“ - პროფესიიდან გამომდინარე შეურჩია. საერთოდ ქართველებს სიმღერა არ გვიკვირს და სტაფის წევრებიც გარკვეული ნიჭით ვართ დაჯილდოებული - ყველა ვმღერით, ვუკრავთ, ვცეკვავთ... მე მენეჯერის პოზიციაზე ვარ. რატომღაც ასე ხდება ხოლმე, ჩემ ირგვლივ ყოველთვის ნიჭიერი, მუსიკალური საახლობლო და სამეგობრო იკრიბება. სხვაგვარად ცხოვრება არ შემიძლია...

ერთხელაც, როდესაც თანამშრომლების შეცვლა მომიწია, რამდენიმე პოზიციაზე ახალი თანამშრომელი მივიღე - ერთ-ერთი გიორგი ქავთარაძე, ვისთან ერთადაც ვმღერი, ჩემი დიდი ხნის მეგობარია, მისი მეჯვარე ვარ. მოკლედ, სტაფი ასე მეგობრებით და ახლობლებით დავაკომპლექტე.

კაფეში, სადაც, ფაქტობრივად, თორმეტ საათს ვატარებთ, რადგან რესტორნის სისტემაა ასეთი, ვცდილობთ, რთული სამუშაო გრაფიკი პერიოდულად შევიმსუბუქოთ და თუნდაც სიმღერით ცოტათი განვიტვირთოთ. ნებისმიერი საქმიანობის დროს ადამიანი ხომ ღიღინებს და ჩვენც სამსახურში სულ ღიღინ-ღიღინში ვართ...

- კარგია, რომ თქვენს მშვენიერ ნამღერს ინტერნეტმომხმარებელსაც გვიზიარებთ... ამ კაფეში პირადად თქვენ როგორ აღმოჩნდით?

- საერთოდ, 22 წელია სარესტორნო ბიზნესში ვსაქმიანობ. ამერიკაში რომ ჩამოვედი, სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი. კაფეს მეპატრონემ, ბატონმა დავით ღვინიანიძემ, რომელიც ჩემი ძველი მეგობარია, სამუშაოდ დამიძახა.

- ფილადელფიაში ბევრი ემიგრანტია, მათ შორის - ქართველი ემიგრანტიც. ალბათ ხშირად გსტუმრობენ?

- ძალიან ბევრი ემიგრანტია. ქართველებიც არიან და ძირითადად სლავური ქვეყნებიდან: რუსეთიდან, უკრაინიდან. გვსტუმრობენ ისინი, ვინც იცის ქართული სამზარეულო. ჩვენს ვიზიტორებს შორის ამერიკელებიც არიან. სამზარეულოში, მომსახურე პერსონალი სულ ქართველი ემიგრანტები ვართ.

- როგორც მითხარით, მესამე წელია, ამერიკაში ხართ. როგორ აფასებთ უცხო ქვეყანაში გატარებულ ამ პერიოდს? რა გამოწვევის პირისპირ გიწევთ ყოფნა?

- როგორც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა გქონდეს და ვინც არ უნდა გყავდეს აქ, მაინც ცარიელი ხარ. ეს არის ემიგრანტის ცხოვრება... როცა ტოვებ ფუძეს, შენს სამშობლოს, რომელიც სიგიჟემდე გიყვარს, ტოვებ საყვარელ ადამიანებს - ოჯახს, დედას, უდიდეს სამეგობროს, აქ რამდენი ახალი მეგობარიც არ უნდა გაიჩინო, რამდენ მეგობართან ერთადაც არ უნდა ჩამოხვიდე, მაინც მარტო ხარ... შენი ძირითადი ატმოსფერო, გარემო იქ, საქართველოშია... აქ ცხოვრების სხვა რიტმი და მუშაობის სხვა სტილია, ერთ დღეს ვერ ჩააგდებ. გაქვს ცხოვრების ნორმალური პირობები, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი სევდა და ტკივილი ახლავს. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ შენს ქვეყანაში უკეთესობისკენ არაფერი იცვლება...

საერთოდ საქართველოდან ვინც ემიგრაციაში რაღაც პერიოდით მიდის, ფიქრობს, რომ უკან დაბრუნდება, მაგრამ ასე იშვიათად ხდება...

- რა არის ამის მიზეზი?

- ის, რომ საქართველო წინ, განვითარებისკენ არ მიდის, არ ემსგავსება იმ ქვეყნებს, საიდანაც ემიგრაციაში ნაკლებად მიდიან. ამიტომ ქვეყნიდან წასული ადამიანები ძირითადად იმას ფიქრობენ, რომ ჩავიდე, სამშობლოში, რა გავაკეთო?! ზოგი მართლა საშოვარს არის გადაგებული და ქვეყანას საშინელი სიღატაკისგან თავის დასახსნელად ტოვებს. ზოგი, ჩემი ჩათვლით, ემიგრაციაში იმ მიზეზით მიდის, რომ იქ არ ედგომება, რომ სამშობლოში ყოველდღიური ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა...

როცა უკვე კარგავ სახეს, როცა ყოველდღიურად კონფლიქტში ხარ, როცა იმ საზოგადოებაში ტრიალებ, სადაც სულ კამათობ, ჩხუბობ, მერე ყველაფერი ყელში ამოგდის და ქვეყნიდან მიდიხარ. ჩემ შემთხვევაში ასე მოხდა. პრობლემების გამო ადამიანის სახე დავკარგე, აღარ ვიყავი ლაღი, ძალიან მხიარული და პოზიტიური, ისეთი, რომელსაც ყველა მიცნობდა. როცა უკვე გვერდიდან შევხედე ჩემს თავს, მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. იქ რომ დავრჩენილიყავი, შესაძლოა, ცოცხალი არ ვყოფილიყავი, ან ვყოფილიყავი პატიმარი...

ნერვული სისტემაც იმდენად გაფუჭებული მქონდა, რადგან დრო ყოველდღიურ კონფლიქტში, კამათში გადიოდა. ასეთი ცხოვრება არ მახასიათებდა. თან ძნელია, ისმინო და უყურო სიბნელეს. ხშირად მიფიქრია, ნეტავ, არ მესწავლა, არ მქონოდა აზროვნება და ვყოფილიყავი ამათნაირად, ვიქნებოდი ბედნიერი და ჩემს სამშობლოში, მაგრამ არც ასე გამოდის.

- რა კონფლიქტს გულისხმობთ და კონკრეტულად რაზე საუბრობთ?

- ადამიანებმა შემიძულეს და ჩემს სამშობლოში დიდი დისკომფორტი შემიქმნეს, რადგან ხმამაღლა ვლაპარაკობდი იმას, რომ ქვეყანა უკან-უკან მიდის... ოთხმოცდაათიან წლებში ბავშვი ვიყავი, რთული პერიოდში გავიზარდე. სკოლა 2002 წელს დავამთავრე. შემდეგ იყო გამონათება, განვვითარდით, სწავლა გახდა პრიორიტეტი და არა უსაქმურობა. ქურდულმა სამყარომ უკან ჩაიწია, მაგრამ ბოლო დროს ისევ დაიწყო ოთხმოცდაათიან წლებში დაბრუნების პერიოდი. ამას ფეხი ვეღარ ავუწყვე... ამასთანავე, მოგეხსენებათ, სვანები ყველა ერთმანეთის ნათესავი ვართ ანუ ძალიან მჭიდროდ და ერთ მუშტად ვართ შეკრულები. ამის გამო ურთიერთობებში, ბევრი რამის გათვალისწინებით, ბოლომდე ხისტი ვერ ხარ - ურთიერთობები გბოჭავს...

- ანუ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ?

- კი, თუმცაღა, სამწუხაროდ, მდგომარეობა ჩემს ქვეყანაში არაფერი სასიკეთოდ არ იცვლება. არადა, ოცნებად მაქვს, რაიმე ისეთი მიმართულებით შეიცვალოს, ჩემი აქ დარჩენის საჭიროება აღარ იყოს, ავდგე და წამოვიდე. სასიკეთოს ჯერ კი ვერაფერს ვხედავ, მაგრამ დიდი იმედით ვარ, ყველაფერი ბოლოშია გასული. იმას, რასაც დღევანდელი ჩვენი მთავრობა აკეთებს, ბოლო ჟამი უდგას იმიტომ, რომ დიქტატურა, უსახო ადამიანები კი არა, მართლა იმპერიები დანგრეულა და მარადიული არაფერი ყოფილა. მოკლედ, იმედიანად ვარ, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება.

- სვანეთში რას საქმიანობდით?

- კვების სფეროში ვმუშაობდი... ისე, როდესაც ეს მთავრობა მოვიდა, დიდ წნეხში მაშინაც მოვექეცი და ემიგრაციაში წასვლამ მომიწია - ყაზახეთში ვიყავი, რადგან ძალიან კარგი შემოთავაზება-თხოვნა იყო. იქ ორი წელი დავყავი - ოღონდ, სამ თვეში ერთხელ ჩამოვდიოდი და უკან მივდიოდი...

მოკლედ, ისე მოხდა, რომ მუშაობა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში დავიწყე. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში სპეციალისტი გახლდით. ამის პარალელურად საჯარო სკოლის პედაგოგიც ვიყავი - სამოქალაქო განათლებას ვასწავლიდი. შემდეგ იყო ევროკავშირის პროექტი (ლაგი), ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ჩამოყალიბდა, რომელიც ადგილის განვითარებაზე ზრუნავდა - გვქონდა საგრანტო თანხა. ამირჩიეს ლაგის პრეზიდენტად და ჩემზე გადამტერება აქედან დაიწყო, რადგან საზოგადოებაში მაღალი რეპუტაცია, ხალხის პატივისცემა მქონდა. მიაჩნდათ, რომ ყველანაირ შესაძლებლობას და პლატფორმას იმისთვის ვიყენებდი, რომ ხალხის პატივისცემა მომეხვეჭა. ამიტომ მათთვის საშიში გავხდი. იგონებდნენ, რომ "ნაციონალები“ მერობის კანდიდატად მამზადებდნენ. არადა, მსგავსი რამ ფიქრადაც არ გამივლია. ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა, მით უმეტეს, თანამდებობა. მერიაში იმას ვაკეთებდი, რაც ჩემი საქმე იყო. ბევრი პროექტზე ვიმუშავე... სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელი გახლდით და ამ ორგანიზაციის ფარგლებში სვანეთის ისტორიაში პირველი რადიო შევქმენი - მედიასაშუალება. ჩავდიოდი ისეთ სოფლებში, სადაც არ იყო კომუნიკაცია, გზა, იცლებოდა სოფლები იმის გამო, რომ არ იყო სკოლა, ბაღი... ყურადღებას ისეთ პრობლემებზე ვამახვილებდი, როგორიც არის რესურსის ბოროტად გამოყენება, ჰესების კასკადური მშენებლობა, ხე-ტყის ჩეხა, ოქროს მოპოვება, რაც აზიანებს და ანადგურებს გარემოს. ფაქტობრივად, სვანეთის ტყეები გაუდაბნოებულია და საშიშროების წინაშეა. ჩემმა ასეთმა აქტივობამ პატარ-პატარა ოლიგარქიის სულით შეპყრობილი ადამიანების უდიდესი გაღიზიანება გამოიწვია...

ერთხელაც სამსახურში მივედი და მითხრეს, - არ იცი, რომ აქ აღარ მუშაობო?! ასე გამათავისუფლეს. შემდეგ ტელევიზიითაც ვილაპარაკე, - ამაზეც ბევრი მუქარა წამოვიდა. ამ ხელისუფლების ყველაზე მეტად საზოგადოების გაღვიძების და გაძლიერების ეშინია. ამ ყველაფერმა ის განაპირობა, რომ მე დღეს ასე მოშორებით ვარ ყველასგან და ყველაფრისგან.

- რა განათლება გაქვთ?

- დავამთავრე შოთა მილორავას სახელობის საესტრადო და საცირკო ხელოვნების ინსტიტუტი, რომელიც დღეს აღარ არსებობს. სპეციალობით ვოკალისტი ვარ - ვოკალის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მერე არაფორმალური განათლება მივიღე, ბევრი ევროპული ტრენინგი მაქვს გავლილი, ევროპის სკოლა, ევროპის პოლიტიკის სკოლა. მთელი ცხოვრება ვსწავლობდი...

- სიმღერა როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?

- არ მახსოვს, დედა ამბობს, - ლიჩანიშობაზე (დღესასწაული სვანეთში) წლის იყავი, სიმღერა რომ დაიწყე, მამაშენს აჰყევიო... ფაქტობრივად, სიმღერით ამოვიდგი ენა. საერთოდ ოჯახში ყველა ვმღერით. ბაბუა და მისი წინაპარი - ყველა მღეროდა... სვანეთში დავიბადე და გავიზარდე, სკოლა იქ დავამთავრე. მერე სასწავლებლად თბილისში წამოვედი და სწავლის დასრულების შემდეგ უკან დავბრუნდი. მიუხედავად იმისა, რომ იქ დავიბადე და გავიზარდე, ამდენი წელი იქ ვიცხოვრე, ეს კუთხე ჩემთვის ამოუწურავია. ის სილამაზე, ის მისტიკა, რაც იქაა, აუწონავია. ტყე, ღრე, მთა, არც ერთი წერტილი და გოჭი არ დამიტოვებია, სადაც ნამყოფი არ ვარ... ვფიქრობ, სვანეთში ხალხს ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვს გარე სამყაროსთან, ბუნებასთან, ცასთან, მწვერვალებთან, ღმერთებთან. კი, ციდან სამ მეტრში როცა ცხოვრობ, ფიქრობ, რომ ახლოს ხარ ღმერთთან. ჰოდა, ამ საოცარ მისტიკას, ბუნებას, ისტორიას ასე რომ მოიგლეჯ და ამერიკაში ჩახვალ, ურთულესი ამბავია. არადა, სულ ვჩხუბობდი, სულ იმას ვამბობდი, ნუ მიდიხართ ქვეყნიდან, ნუ ტოვებთ აქაურობას, ნუ ასრულებთ რუსეთის დავალებას - "საქართველო ქართველების გარეშე" - მეთქი...

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იმედიანად ვარ, რომ მალე ჩემს ქვეყანაში რაღაც მაინც შეიცვლება და მეც ჩამოვალ... ეს ძალიან მინდა...