გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სამხედრო მეთაურებმა დეზერტირობაში ბრალდებული ორი ჯარისკაცი სასტიკად აწამეს და ხეზე თავდაყირა მიაბეს. East2West-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ისინი საშინელ სიცივეში, ნახევრად შიშვლები, ხეებზე ლენტით არიან მიმაგრებულნი.

"მათ პოზიციების მიტოვება სურდათ“, - აცხადებს ერთ-ერთი მეთაური.
"ბოდიში, ეს აღარ განმეორდება“, - თქვა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, რომელიც თავდაყირა იყო ჩამოკიდებული.
უკრაინაში მოქმედმა არხმა "War Archive“ განმარტა, რომ ვიდეოში ნაჩვენები წამების მეთოდებს რუსები იმ პირთა წინააღმდეგ იყენებენ, "ვინც უარი თქვა თავდასხმაში მონაწილეობაზე“.

"რუსეთი ადამიანებს პირუტყვებად აქცევს, რადგან მხოლოდ ცხოველები ემორჩილებიან ბრძანებებს სიტყვების გარეშე. ორუელის "ცხოველთა ფერმა" - ეს პუტინის რუსეთია“, - განაცხადა უკრაინულმა ტელეარხმა "ბუტუსოვ პლუსმა“.
არაადამიანური სასჯელის ამსახველი კადრები რუსეთ-უკრაინის ომის დროს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე გავრცელდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჯარებს არ გაიყვანდა, თუ უკრაინა თავისი ტერიტორიის ნაწილს არ დათმობდა - სწორედ იმ მიწას, რომლის შესანარჩუნებლადაც უკრაინელები მთელი ომის განმავლობაში იბრძოდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის მოთხოვნა უარყო.
"ჩვენ არ გვაქვს უფლება, რამე დავთმოთ არც ჩვენი კანონმდებლობის, არც საერთაშორისო სამართლის და არც მორალური კანონის თანახმად“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს დეკემბერში.