ავტორი:

"თბილისელად მომიხსენიეს... ეს წოდება ჩემთვის ყველაზე საამაყოა ამქვეყნად" - რა არის ცნობილი ფიგურული ციგურაობის ლეგენდარულ მწვრთნელ რაფაელ არუთინიანზე?

"თბილისელად მომიხსენიეს... ეს წოდება ჩემთვის ყველაზე საამაყოა ამქვეყნად" - რა არის ცნობილი ფიგურული ციგურაობის ლეგენდარულ მწვრთნელ რაფაელ არუთინიანზე?

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ფიგურული სრიალის დიდი მოყვარული ვარ, შესაბამისად, მოციგურავეებისა და თუ მათი მწვრთნელების შესახებ ბევრი რამ ვიცი, სულ ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ამ სახეობაში ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ამჟამად აშშ-იში მცხოვრები რაფაელ არუთინიანი საქართველოში ყოფილა დაბადებული და გაზრდილი. ეს ამბავი სოციალურ ქსელში იმ პოსტით გავიგე, რომელიც თვითონ არუთინიამა გააზიარა და რომელშიც ის თბილისელად არის მოხსენიებული.

  • მის კომენტარად კი ლეგენდარული მწვრთნელი წერს:

"დიდი მადლობა ყველას, ვისაც ვახსოვარ, მადლობა მოლოცვებისა და თბილი სიტყვებისთვის. ეს პოსტი გავაზიარე (სხვათა შორის, ცხოვრებაში პირველად ვაკეთებ ამას) მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისელად მომიხსენიეს. ეს წოდება ჩემთვის ყველაზე საამაყოა ამქვეყნად. დარწმუნებული ვარ, გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების თბილისელები გამიგებენ და მხარსაც დამიჭერენ.

ყველას გეხვევით. წარმატებებს გისურვებთ“.

ამის შემდეგ გადავწყვიტე მის შესახებ თქვენთვისაც მომეყოლა.

არაერთ ინტერვიუში ის თბილისში ცხოვრების წლებს დიდი სიყვარულით იხსენებს და ამბობს, რომ ქართულად კარგად ლაპარაკობს. ამბობს იმასაც, რომ პირველი ნაბიჯები ყინულზე სწორედ საქართველოში გადადგა და ფიგურული ციგურაობაც აქ შეიყვარა.

"მე ხომ ქართულად ვსაუბრობ, სომხურადაც და კიდევ ცოტას ინგლისურად. რა თქმა უნდა, რუსულადაც ვლაპარაკობ, რადგან საქართველოში რუსულ სკოლაში ვსწავლობდი. მაგრამ ქართულად კარგად ვლაპარაკობ, სომხურად - ნორმალურად", - ამბობს ის 2021 წლის ინტერვიუში.

  • ბუნებრივია ისმის კითხვა, როგორ მოხდა, რომ რეგიონში, სადაც ფეხბურთი და ჭიდაობა წამყვანი იყო, არუთინიანმა ფიგურული სრიალი აირჩია?

"საქართველოში ფიგურული სრიალის საკმაოდ კარგი სკოლა გვქონდა, შესაძლოა მოწინავე პოზიციაზე არ იყო, მაგრამ გვქონდა საკმაოდ ნორმალური ყინული, რომელთან ერთადაც ერთ მხარეს იყო სატრენაჟორო, მეორე მხარეს კი - ქორეოგრაფიული დარბაზი...

მარჯვნივ რაფაელ არუთინიანი, ყინულის მოედანი თბილისში

კარგად გვასწავლიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ როდესაც მწვრთნელობა გადავწყვიტე, ამისთვის საჭირო განათლება მეტ-ნაკლებად უკვე მქონდა საქართველოში მიღებული...

საქმე ის არის, 18 წლისას თბილისში მითხრეს, - უკვე ასაკში ხარ, დროა დაასრულო სრიალიო, რამაც ძალიან მეტკინა გული.... და უცებ სომხეთში პატარა საციგურაო მოედანი გაიხსნა. არ ვიცი, რა მომივიდა - ქართული ფიზკულტურის ინსტიტუტის მეორე კურსიდან სომხურში გადავედი, იქ დავიწყე სწავლა და პარალელურად ვმუშაობდი ამ ყინულის მოედანზე - დილის 9-დან 15 საათამდე ვსწავლობდი, 15-დან 22 საათამდე კი ვმუშაობდი. ღამით ვტიროდი, რადგან ძალიან ვიღლებოდი, ყველაფერი ჩემზე იყო მე ხომ სახლიდან წავედი და დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება... ორ წელში სწავლა დავასრულე და მერე შედარებით გამიიოლდა ცხოვრება..."

ის 21 წლის იყო როდესაც იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მისმა აღსაზრდელმა მე-6 ადგილი დაიკავა. არუთინიანი ამ შეჯიბრებაზე საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ არ გაუშვეს, წავიდა მხოლოდ მისი არასრულწლოვანი მოწაფე. შიშობდნენ, რომ უკან აღარ დაბრუნდა...

შემდგომ მას ცნობილი რუსი მწვრთნელის ტატიანა ტარასოვას შტაბში დაუძახეს და ისიც რუსეთში გადაბარგდა, საიდანაც იწყება მისი კარიერული აღმასვლა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, უწევდა ძალიან სერიოზულ დაპირისპირებების მონაწილეობა, მუდმივად ცდილობდნენ მის ჩაჩოჩებას და მისთვის ხელის შეშლას. მისი თქმით, ტარასოვა მას ნამდვილ დამცველად მოევლინა და ძალიან ბევრ ცუდ რამეს გადაარჩინა...

  • ბიოგრაფია

რაფაელ არუთინიანი დაიბადა 1957 წლის 5 ივლისს, თბილისში.

შვიდი წლის ასაკიდან დაიწყო ფიგურული სრიალის შესწავლა. სამოყვარულო სპორტში მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ მიაღწია; იყო სსრკ-ის სპორტის ოსტატობის კანდიდატი.

მოგვიანებით გადავიდა ერევანში, სადაც დაამთავრა სომხეთის სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. 1976–1985 წლებში მუშაობდა მწვრთნელად ერევნის ბავშვთა და ახალგაზრდობის ფიგურული სრიალის სკოლაში. შემდეგ, მიწვევის საფუძველზე, სამუშაოდ გადავიდა მოსკოვში, რადგან იმ პერიოდში სომხეთში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საციგურაო მოედანი არ არსებობდა. მუშაობდა სპორტის სასახლე "სოკოლნიკებში“ მეუღლესთან - ვერა არუთინიანთან ერთად, რომელიც ასევე ხელმძღვანელობდა ფიგურული სრიალის ჯგუფს. წყვილს 2 შვილი ჰყავს - პიანისტი ვაჟი, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს და ხელოვნებათმცოდნე ქალიშვილი, რომელიც მოსკოვში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მუშაობს.

მეუღლესთან და ნადეჟდა კანაევასთან ერთად

2000 წელს არუთინიანი გადავიდა აშშ-ში და დაიწყო მუშაობა "Ice Castle International Training Center“-ში, ლეიკ-ეროჰედის ქალაქში (კალიფორნიის შტატი). მოგვიანებით, 2013 წლის აგვისტოში, იგი მეუღლესთან და ნადეჟდა კანაევასთან ერთად მიიწვიეს "East West Ice Palace“-ში, რომელიც იმავე შტატის ქალაქ არტეზიაში მდებარეობს. 2016 წლის 25 ივნისიდან მუშაობს ქალაქ ლეიკვუდში "Lakewood ICE“-ში 2019 წლის ივლისში მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა.

რაფაელ არუთინიანის ქალიშვილი ანა
  • ცნობილი მოწაფეები

მის ყოფილ მოწაფეთა შორის არიან ისეთი ცნობილი სპორტსმენები, როგორებიცაა: მიშელ კვანი, საშა კოენი, ჯეფრი ბატლი, მაო ასადა და რაც მთავარია, 2018-2019 წლების მსოფლიო და 2022 წლის ოლიმპიური ჩემპიონ ნეითან ჩენი, რომელთანაც თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო.

ტატიან ტარასოვასა და მაო ასადასთან ერთად

ნეითან ჩენთან ერთად
2022 წელი, ნეითან ჩენი ოლიმპიური ჩემპიონია

ახლა ის წვრთნის არა მხოლოდ თანამედროვეობის, არამედ ყველა დროის ყველაზე ძლიერ მოციგურავეს, ამერიკელ ილია მალინინს.

ილია მალინინთან და მის მამასთან ერთად

  • საქართველოში ფიგურული სრიალის მცირე ისტორია

საქართველოში ფიგურული ციგურაობის ისტორია 1960 წლიდან იწყება, მაშინ თბილისში მოსკოვიდან ცნობილი მწვრთნელი ედუარდ პლინერი ჩამოვიდა და პირველი ჯგუფიც შედგა.

მსგავსი: პეკინი 2022 | ქართველები ზამთრის ოლიმპიადებზე - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველებმა ყინულზე პირველად 1960 წლის 4 ნოემბერს ისრიალეს, მაშინ ვერის ბაღში მდებარე კალათბურთის სასახლის მოედანზე ხელოვნური ყინული დაიგო. ეს ყინული მაშინ მოსკოვის საბალეტო დასის გასტროლებისთვის საგანგებოდ მოამზადეს.

1960 წლის დეკემბრიდან კი ედუარდ პლინერის შეგირდებმა მზადება ბაკურიანში განაგრძეს.

ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს პირველი ჩემპიონატი 1961 წელს ჩატარდა. ერთეულთა თანრიგში საქართველოს პირველი ჩემპიონები პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის მზია ჯუღელის ქალიშვილი ირინა არხანგელსკაია და ირაკლი ჯაფარიძე გახდნენ.

ირაკლი ჯაფარიძემ 1963 წელს ჭაბუკთა შორის საბჭოთა კავშირის პირველობა მოიგო.

1964 წელს თბილისში აშენდა საქართველოში პირველი ხელოვნურსაფარიანი საციგურაო დარბაზი, რომლის ბაზაზე პირველი სპორტული სკოლაც გაიხსნა.

იხილეთ ასევე:

ანა გიორგაძე