2026 წლის 25 იანვარს, თბილისში, ალექსანდრე მრევლიშვილის 2 ნომერში, ხორცპროდუქტების კომპანია „ნიკორას“ სრულიად ახალი, ევროპული მასშტაბის სტანდარტების მქონე საწარმო გაიხსნა.
45 მილიონი ლარის ინვესტიცია და საწარმო, რომელიც ძველზე 3-ჯერ დიდია! წარმოიდგინეთ, 24 საათში 45 ტონა პროდუქტის გამოშვებაა შესაძლებელი...
აღსანიშნავია, რომ ევროპული მასშტაბის პროექტი, „ნიკორამ“ პროგრამა 'აწარმოე საქართველოს' მხარდაჭერით განახორციელა.
მოდით, ვნახოთ, როგორ ჩაიარა გახსნის დღემ
ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყო. ახალი საწარმოს ექსტერიერმა თავისი მასშტაბებითა და თანამედროვე ვიზუალით მაშინვე მიიქცია სტუმრების ყურადღება.

DJ-ის მუსიკალური გაფორმება, გემრიელი საჭმელები და გამაგრილებელი სასმელები ქმნიდა იმ ატმოსფეროს, რომელიც წინ უსწრებდა დიდ სიახლეს.





მედიის წარმომადგენლებს, ბიზნესპარტნიორებს და მოწვეულ სტუმრებს მოგვეცა შესაძლებლობა, გვენახა ის, რაზეც კომპანია ბოლო პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა.
მისასალმებელი სიტყვა „ნიკორას“ 27-წლიანი ისტორიის გახსენებით დაიწყო. ეს არის გზა, რომელიც 1998 წლიდან მცირე წარმოებით იწყება და დღეს ბაზრის უპირობო ლიდერობამდე გრძელდება.

სს „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბოქოლიშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რას ნიშნავს კომპანიისთვის ეს ნაბიჯი.
შპს „ნიკორას“ დირექტორის, გიორგი წერეთელის თქმით, ეს წელი კომპანიისთვის თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დაარსების წელი. ისტორიაში მეორედ აშენდა სრულიად ახალი საწარმო, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ბიზნესპროცესები. ეს არ არის მხოლოდ შენობა - ეს არის განვლილი 27 წლის შეჯამება და განვითარების ახალი ციკლის დასაწყისი.

ღონისძიების ყველაზე ემოციური ნაწილი „ნიკორას“ უხუცესი თანამშრომლების დაჯილდოება აღმოჩნდა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც კომპანიასთან ერთად 27-წლიანი გზა გაიარეს და საკუთარი შრომით შექმნეს ის ხარისხი, რომელსაც დღეს ვენდობით. მათთვის სიმბოლური საჩუქრების გადაცემა მადლიერების გამოხატვა იყო იმ ერთგულებისთვის, რაზეც ბრენდის წარმატება დგას.

ოფიციალურ ნაწილს მოჰყვა შოუ, რომელმაც ღონისძიება ნამდვილ დღესასწაულად აქცია. აკრობატების პერფორმანსი, როლიკების და დროშების შოუ სიმბოლურად გამოხატავდა იმ დინამიკასა და ენერგიას, რაც კომპანიას ახასიათებს.




საწარმოს ოფიციალური გახსნა და ღილაკის გააქტიურება იყო ის კულმინაცია, რომელსაც ყველა ელოდა.

ცაში აფრენილი ფეიერვერკები და ფერადი ბოლი ახალი საწარმოს თავზე გახდა იმ ახალი ეტაპის სიმბოლო, რომელიც „ნიკორამ“ ამ წამიდან დაიწყო.


ცერემონიის შემდეგ სტუმრებს საშუალება მიეცათ, თავად ენახათ წარმოების პროცესი. პიანომენის პერფორმანსი დერეფნებში Welcome Drink ტურს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა.


სტუმრებმა დაათვალიერეს სივრცეები, სადაც იწარმოება 130-მდე დასახელების პროდუქტი: სოსისები და სარდელები; მოხარშული, შებოლილი და ნედლად შებოლილი ძეხვეული; შაშხები და სხვა ხორცპროდუქტები.


ხარისხის კონტროლის მექანიზმები საწარმოში უმაღლეს დონეზეა აყვანილი. თითოეული პროცესი გამჭვირვალეა და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.


ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კერძო ინვესტიცია სექტორში, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის საწარმოო პოტენციალზე.

ახალი ქარხანა ძველზე 3-ჯერ დიდია; წარმადობა თითქმის 2.5-ჯერ იზრდება; საწარმოს შეუძლია 24 საათში 45 ტონა პროდუქტის გამოშვება.

ეს მასშტაბი „ნიკორას“ აძლევს საშუალებას, არა მხოლოდ დააკმაყოფილოს არსებული მოთხოვნა, არამედ შექმნას სრულიად ახალი კატეგორიები და გააფართოოს ასორტიმენტი.
საწარმოს დათვალიერებისას სტუმრებისთვის ყველაზე შთამბეჭდავი ტექნოლოგიური აღჭურვილობა აღმოჩნდა. წარმოება სრულად ავტომატიზირებულია, რაც გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს და უზრუნველყოფს ხარისხის სტაბილურობას.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია RFID (Radio Frequency Identification) სისტემები. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, მოხდეს პროცესების სრული კონტროლი და მართვა ციფრულ რეჟიმში. საგულისხმოა, რომ მსგავსი სისტემა ევროპის მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე საწარმოშია დანერგილი და ძირითადად ამერიკის უახლესი, თანამედროვე წარმოებებისთვისაა დამახასიათებელი. გერმანელი პარტნიორების შეფასებით, მსგავსი ტექნოლოგიური დონის საწარმოს ანალოგი აღმოსავლეთ ევროპაში პრაქტიკულად არ გააჩნია.

ამ პროექტის მნიშვნელობა მხოლოდ ტექნოლოგიებით არ შემოიფარგლება. ახალი საწარმოს ამოქმედებით შეიქმნება 150 ახალი სამუშაო ადგილი. ჯამურად კი კომპანიაში 500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

საღამოს პროგრამა გიორგი ცხადაძისა და ბენდის კონცერტით საზეიმოდ დასრულდა.

ღონისძიების დასასრულს, „ნიკორამ“ სტუმრებს განახლებული პროდუქციის დასაგემოვნებლად, საჩუქრები დაურიგა.

2026 წლის 25 იანვარი დარჩება დღედ, როდესაც ქართულმა წარმოებამ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. „ნიკორას“ ახალი საწარმო არ არის მხოლოდ ბიზნესპროექტი - ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველოში შესაძლებელია ევროპული დონის, მაღალტექნოლოგიური და ენერგოეფექტური წარმოების შექმნა, რომელიც ხარისხის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.



NS