აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იქნა 500 ათასი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს იქნება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ილია ღუდუშაურის ადვოკატმა, ლევან სეფიაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„იმ ნაწილში, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი და, მათ შორის, პროცესზე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს ბრალს, ხოლო რაც შეეხება თანამშრომლობის ნაწილს, ამ კონკრეტიკაში ვერ შევალ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დასაცავი პირის ინტერესები არსებობს ამასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება გირაოს ნაწილს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი დასაცავი პირი აღიარებდა წარდგენილ ბრალს, არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და ვფიქრობთ, რომ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიება არის კანონიერი და ბრალდების მხარემ გაითვალისწინა ის წინაპირობები, რაც არსებობდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იქნა 500 ათასი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს იქნება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი”, - განაცხადა ადვოკატმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 30 დღე. თანხის სრულად გადახდამდე ბრალდებული პატიმრობაში დარჩება.
როგორც პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება აუცილებელია, რადგან საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება. კერძოდ, მიმდინარეობს იმის დადგენა, თუ რა მოტივი და მიზანი ამოძრავებდა ბრალდებულს.
პროკურატურამ ასევე მოითხოვა ბრალდებულისთვის საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა და მისი პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა.
მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურორის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ილია ღუდუშაურს პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა დაუდგინა.
პროკურატურამ ღუდუშაურს ბრალდება პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარუდგინა.
ბრალდების მხარე მისთვის 500 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ვინაიდან ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.
თავად ბრალდებულს სხდომაზე კომენტარი არ გაუკეთებია . ის ბრალს სრულად დაეთანხმა.
წაიკითხეთ ასევე: