ავტორი:

"15 წლამდე ციხე იქნება, თუ უცხოელს ხელს ჩამოართმევ იმიტომ, რომ იგივე უცხოელი ხელს არ ართმევს კობახიძეს და პაპუაშვილს" - ბოკუჩავა

"15 წლამდე ციხე იქნება, თუ უცხოელს ხელს ჩამოართმევ იმიტომ, რომ იგივე უცხოელი ხელს არ ართმევს კობახიძეს და პაპუაშვილს" - ბოკუჩავა

ეს არის მცდელობა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების საერთოდ გათიშვისა და მოსპობის იმიტომ, რომ ხედავენ, ადამიანები ვერ გააჩერეს, ვერ გააჩუმეს, ვერ შეაშინეს ვერც ციხეებში გამოკეტვით, ვერც ქიმიური იარაღის გამოყენებით, ვერც ადამიანების ცემით, ვერც წამებით, ვერც ოჯახის წევრების გატაცებითა და ფსიქოლოგიური ტერორით, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დაინიცირება, რომლითაც გრანტის განმარტება დაზუსტდება.

  • როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური სპექტრი დიდი ხანია, ისედაც ფინანსების გარეშეა და ისინი ყოველთვის იპოვიან გზას იმისთვის, რომ ბრძოლა ბოლომდე მიიყვანონ.

„იცით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე დიდი ხანია, საერთაშორისო გრანტებს, პრაქტიკულად, ვეღარ იღებენ. იცით, რომ პოლიტიკურ პარტიებს ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ აქვთ, ბიუჯეტი მთლიანად თავისთვის დაიტოვეს იმისთვის, რომ გამოხრან ბოლომდე და, შესაბამისად, ეს ფინანსური კრიზისი სამოქალაქო სექტორში, ისევე როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისედაც არსებობდა, მაგრამ მაინც ვერ გააჩერეს ადამიანები იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც დავრჩით ამ ბრძოლაში, ვართ იდეალისტები, ვინც ვიბრძვით ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ყოველთვის ვიპოვით გზას იმისთვის, რომ ჩვენი ეს ბრძოლა არათუ გავაგრძელოთ, არამედ აუცილებლად მივიყვანოთ ბოლომდე.

სამოქალაქო სექტორის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს, რომ მან დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად შეძლოს საქმიანობა, მათ შორის, ხელისუფლების კრიტიკის ნაწილში, იქნება ეს სასამართლო თუ ნებისმიერი სხვა სახელისუფლებო შტო. აპრიორი ნონსენსია, რომ სამოქალაქო საზოგადოება დაავალდებულო, მთავრობისგან აიღოს ნებართვა, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ასეთ ორგანიზაციებს ჰქვიათ ე.წ. გონგოები და ასეთები არსებობენ რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში.

ეს ე.წ. საკანონმდებლო ინიციატივა და ეს ახალი რეპრესიული საბჭოთა კანონები, რომელიც ამ უსახურმა ზომბმა დღეს წარმოგვიდგინა, სინამდვილეში ეხება არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორს, არამედ პოლიტიკურ პარტიებს. პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების რწმენით კერძო პირისგანაც აღარ შეგიძლია თანხის მიღებაო.

სამეწარმეო საქმიანობაზეც ძალიან დიდი აქცენტია გაკეთებული იმიტომ, რომ უშუალოდ „ქოც” ბიზნესმენებს ისინი მილიონებს ახდევინებენ და შუაშისტ ბიზნესმენებსაც, რომლებიც ახლა უკვე ხვდებიან და ეშინიათ, რომ მთლად კარგად ვერ არის საქმე, მაგრამ მაინც ვერ წყდებიან ივანიშვილის მაფიოზურ ორბიტას. ისინი (“ქართული ოცნება”) დიდ ფულს სძალავენ, განსაკუთრებით ბოლო დროს, როდესაც ივანიშვილს გაუჭირდა ფინანსური რესურსების მოძიება, მათ შორის იმიტომ, რომ არანაირი ინვესტიცია ქვეყანაში აღარ შემოდის და მას პირადადაც შეეზღუდა საკრედიტო ხაზებზე წვდომა იმიტომ, რომ სანქციების ქვეშ იმყოფება. ამიტომ მას „ქეში” გაუჭირდა, საკუთარი კორუმპირებული ჩინოვნიკებისგან მოუწია ფულის ამოღება, ბიზნესმენებისგან დაიწყო ფულის ამოღება და ახლა უკვე მიადგნენ შედარებით უფრო დამოუკიდებელ და შესაძლოა, უფრო ოპოზიციურად განწყობილ ბიზნესმენებსაც და გააფრთხილეს, ასი ლარიც კი რომ მისცეთ ადამიანს, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს რწმენა (არა მტკიცებულება), რომ ვთქვათ რამე ჩართვის დროს რაღაც პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს, ესეც აიკრძალა.

აიკრძალა ასევე ლობიზმი, ანუ სრულიად ლეგალურად რომ არსებობდეს ხელშეკრულება პოლიტიკურ პარტიასა და რომელიმე ლობისტურ კომპანიას შორის, მაგალითად აშშ-ში ან ბრიუსელში ან ლონდონში, ესეც აკრძალულია.

10-იდან 15-წლამდე ციხეა იმისთვის, რომ უცხოელს ხელს ჩამოართმევ იმიტომ, რომ იგივე უცხოელი ხელს არ ართმევს ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ რიგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გეგმავს. ცვლილება შევა „გრანტების შესახებ“ კანონში. უფრო კონკრეტულად, ზუსტდება გრანტის განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

„გრანტების შესახებ“ კანონით დადენილი წესების დარღვევა კი, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

ამასთან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმიც.

ასევე, ცვლილება ხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, იგეგმება მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებაც: მეწარმე სუბიექტი, ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. დაჯარიმდება 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში - 40,000 ლარის ოდენობით.