“ახალი რეპრესიული კანონი უკრძალავს პარტიულ წევრობას მათ, ვინც საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა!“ - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ რიგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გეგმავს. ცვლილება შევა „გრანტების შესახებ“ კანონში. უფრო კონკრეტულად, ზუსტდება გრანტის განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
ამასთან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმიც.
ასევე, ცვლილება ხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, იგეგმება მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებაც: მეწარმე სუბიექტი, ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. დაჯარიმდება 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში - 40,000 ლარის ოდენობით.