ავტორისთვის საკუთარი ხმის შენარჩუნება სხვადასხვა ჟანრსა და აუდიტორიაში რთული, თუმცა შემოქმედებითად მიმზიდველი გამოწვევაა. ქართველი პოეტის, პროზაიკოსისა და კინოსცენარისტის - გიორგი კეკელიძის აზრით, ნებისმიერ ტექსტში, თუნდაც ყველაზე აბსტრაქტულში, ავტორი საკუთარ თავს ვერ გაექცევა. დღეს ის თავის შემოქმედებით რიტუალებზე, ახალ წიგნებსა და იმ დიდ პროექტზე საუბრობს, რომელმაც ათასობით ადამიანთან და წიგნთან დააკავშირა.
- როგორ იბადება თქვენი ნამუშევარი იდეიდან დასრულებულ ნაწარმოებამდე? გაქვთ რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ან პროცესი?
- რიტუალი, ერთი მხრივ, მისტიკური პრაქტიკების კარნახია, მეორე მხრივ - კარნავალური აქტი. თანამედროვე ყოფამ უკიდურესად შეავიწროვა და თითქმის გააძევა იგი პროცესიდან. თუმცა ხან რაღაც ნარჩენებს ვაგროვებთ და შეძლებისდაგვარ სცენას ვიქმნით. ჩემთვის ამ სცენის ნაწილი სიბნელეა... ნაწილობრივი სიბნელე მაინც.
- რამდენად რთულია ერთმა ავტორმა შეინარჩუნოს საკუთარი ხმა მაშინ, როცა მისი ნამუშევრები სხვადასხვა ჟანრისა და აუდიტორიისგან შედგება?
- ეს გამოწვევა მხოლოდ შემოქმედების ნაწილი არ არის. სხვა საქმეები, რომელთაც შევეჭიდე, მწერლის თვისებად ძნელად აღიქმება ჩვენში. მაგრამ ამგვარის ბეწვის ხიდები განმაწყობს და მიზიდავს.
თუ საქმე მხოლოდ ნაწერებზე მიდგა, ჩემი მთავარი ძალა ჯერაც პოეზიაა, რასაც მოსდევს მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრი და საბავშვო მწერლობა. ძალიან მალე სრულად მხატვრულ ტექსტს შევეჭიდები. თუმცა სიტყვათშეთანხმება "სრულად მხატვრული"’ უკიდურასად პირობითი მგონია - ყველაზე აბსტრაქტულ ტექსტშიც კი ვერ გაექცევა ავტორი საკუთარ თავს.
ყველა ოთახში, სადაც შევალ, მთავარი უნდა ვიყო. ოღონდ ეს არასდროს ნიშნავს ვინმეზე მეტს. მთავარი, მაგრამ -თანაბარი. შეიძლება, ესეც არის ადამიანად ყოფნის პარადოქსული ამოცანა.
- თქვენს ბიბლიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ჟანრების ცვალებადობა და დიაპაზონი ძალიან შთამბეჭდავია. ერთ მხარესაა დოკუმენტური პროზა - „გურული დღიურები“, მეორე მხარეს, ეგზისტენციალური „სიკვდილის გაუქმება“, პარალელურად კი - ბავშვების საყვარელი პერსონაჟი „კუპატა“. გვიამბეთ ამ ნაწარმოებების შესახებ.
- თავის დროზე "გურულმა დღიურებმა’’ მნიშვნელოვანი მისია შეასრულა - სოციალური ქსელების ეპოქაში წიგნი ამ ქსელების ვარსკვლავად იქცა, რაც უკიდურესად იშვიათი ამბავი იყო. ამ წიგნს დღემდე ძალიან ბევრი მოყვარული ჰყავს, მალე მის მოტივებზე დაფუძნებული ფილმიც გამოვა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მაშინდელი ბიუროკრატიული ყოფის გამო, დიდწილად, ცოტა ფრაგმენტული ტექსტი გამოვიდა. ამ თვალსაზრისით გაცილებით მაღალმხატვრულ ნაწარმოებად ვთვლი ახლანდელ წიგნს - "წერილები ჩემი ბავშვობიდან’’.
"სიკვდილის გაუქმება’’ "დედა და ილიას’’ შემდეგ დავწერე, ორივე ტექსტი მხატვრულ-დოკუმენტურია, კონკრეტული, ცოცხალი გმირებით, ორივე შემთხვევისას ერთი გზით წავედი, პერსონის ისტორიით, დიდი სათქმელი გამენდო როგორც ქართველი, ასევე - უცხოელი მკითხველისთვის. თუ "დედა და ილია"’ ოკუპაციაზე და დევნილობაზე გვიყვება, "სიკვდილის გაუქმება" ონკოპაციენტების გამოცდილების გაზიარების მცდელობაა.
პოეტურ კრებულში "ახალი სიმღერები’’ და "ძველი სიმღერები’’ თუ საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტა ჭარბად გამომივა, ვფიქრობ, დავადასტურე, რომ პოეზიის ფლობა შემიძლია და მაღალია ეს საფეხური.
"კუპატას თავგადასავალი"’ ჩემი მეორე საბავშვო წიგნია. პირველი ,"თომას ზღაპრები’" გახლავთ, რომლის ნაწყვეტებსაც სკოლაში, მეორე-მესამე კლასის სახელმძღვანელოებში ასწავლიან და მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში გამოვიდა. "კუპატა’" ამ ზღაპრების გამოცემიდან ზუსტად ათი წლის შემდეგ დავწერე. საბავშვო წიგნია და მგონი, ცოტა დიდებისთვისაც არის. ის ძალიან მალე იქცა მოწინავე ბესტსელერად და ყოველდღიურად უამრავ წერილს ვიღებ სხვადასხვა ქალაქიდან და სოფლიდან. მწერენ მოსწავლეები და მასწავლებლები. მიხარია, რომ განზრახვამ მიზანს მიაღწია. წიგნი უკვე გამოიცა ინგლისურ ენაზე და ესპანურად და გერმანულად ითარგმნება. მზადდება სათამაშოები და სხვადასხვა ვიზუალური სავარჯიშო. სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლის დადგმას აპირებს.
- როგორ უმკლავდებით პერიოდს, როცა სიტყვები აღარ მოდის?
- სიტყვები სულ მოდიან, უბრალოდ, ჩვენ არ ვართ ხოლმე ყოველთვის მასპინძლობის ხასიათზე. შეხვედრა თავს არ უნდა დავაძალოთ, თორემ შეუსაბამო და უინტერესო გამოდგება. თუმცა ეს უხასიათობაც პროცესია, რადგან ადამიანი დუმილიცაა. დუმილი - უკან გაწბილებით გაბრუნებული სიტყვების ექო.
- ერთი წინადადებით: რას ნიშნავს თქვენთვის წიგნი?
- წიგნი ნიშნავს თაროზე ჩასაფრებულ ამბავს, რომელიც ემოციებს გიმიზნებს და შენ საკუთარი ნებით მიდიხარ ჩასაფრებულთან.
- არის რომელიმე თქვენი პერსონაჟი, რომელიც დღემდე არ გტოვებთ?
- საკუთარი თავი ლექსიდან "თითქმის თვითმკვლელის სიმღერა’’
- წიგნიერების გავრცელება თქვენი და "ბიბლუსის" ერთობლივი პროექტია. გახსენდებათ კონკრეტული ბიბლიოთეკის გახსნა, რომელმაც განსაკუთრებული ემოცია დაგიტოვათ?
- 2012 წელს, როცა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დავიწყე ეს საქმე და მერე უკვე "ბიბლუსთან’’ ერთად გავაგრძელე, გზად, 2500-ზე მეტი სოფელი იყო. მაგრამ უფრო მეტი იყო ადამიანი და მე ადგილებზე მეტად ადამიანები მახსენდება. და მახსენდება თითქმის ყველა, რადგან მიუხედავად ფრაგმენტული ნაცნობისა, დღემდე მყოფნის ძალად და შთაგონებად მათი ნათქვამი მადლიერება.
- როგორ გსურთ, რომ მომავალმა მკითხველმა გაიცნოს გიორგი კეკელიძე?
- თუ ვინმეს, წლების მერე, ფიქრისას, ჩემი რომელიმე ფრაზა, წამიერ გაელვებად მაინც ესტუმრება - სამყოფია.
- თქვენი აზრით, როგორ იცვლება წიგნის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში სხვადასხვა ასაკში?
- წიგნი აქამდე არსებულ გამოცდილებათა ჯამია. მარცხის, გამარჯვების, დარდის, ტკივილის, სიხარულის შემკრები კალაპოტი. ადამიანი ამ მდინარეს სიღრმეს გამოცდილების მიხედვით უსინჯავს. თუმცა ნაპირთან, თითქოს მეჩხერ წყალში დგომა, ზოგჯერ უფროსისთვისაც დიდებულია - განა რა სჯობს ტომისა და ემილის ამბებს? - ვერც ვერაფერი.
- რას ეტყოდით ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ წიგნი მის ცხოვრებაში საჭირო აღარ არის?
- ადამიანი თვითონ წყვეტს, რა სჭირდება და რა - აღარ. თუმცა პასუხი ყოველთვის ცხოვრებას ეკუთვნის და არ მგონია, ამ შემთხვევისას მას საუკეთესო პასუხი ჰქონდეს.
- გაგვიზიარეთ, რაზე მუშაობთ ახლა?
- მალე ლექსების კრებული "ძველი სიმღერები’’ გამოვა, ვფიქრობ - ძალიან ამბიციური. ასევე, მალე გამოიცემა ჩემთვის ძალიან ემოციური მხატვრულ-დოკუმენტური წიგნი, ბიოგრაფია ესკიზებად სრულიად უდროოდ გარდაცვილი კაცის - ირაკლი გაგნიძის.
ამასთან, საწერ მაგიდაზე დევს ორი წიგნი - "ობსესიები’’ და "ანწუხელიძე’’
ვნახოთ...
- თქვენ ახსენეთ "ბიბლუსის" ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი გაგნიძისადმი მიძღვნილი მხატვრულ-დოკუმენტური წიგნი...
- ირაკლი გაგნიძე ქართული წიგნის და წიგნიერების სფეროში გამორჩეული ფიგურაა. "ბიბლუსი’’ იმ სახით, როგორიც დღეს ვიცით, სწორედ მისი გონივრული ხელმძღვანელობის დამსახურებაა. მქონდა პატივი, მასთან ერთად დამეარსებინა "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება", რომელსაც ახლაც ვხელმძღვანელობ. ერთობლივად ასობით სოფელში განვაახლეთ ბიბლიოთეკები და მსოფლიოს ათამდე ქვეყანაში გავხსენით ქართული წიგნის კუთხე. რამდენიმე ქალაქში ერთადაც ვიყავი და ეს მოგზაურობა შესანიშნავად მახსენდება.საკუთრივ წიგნი, არ მინდოდა, ფორმალური, მშრალი ბიოგრაფია ყოფილიყო და - არც ბიზნესლიდერების სქემატური, უკვე ნაჩვევი პორტრეტების მსგავსი. ამიტომაც უფრო ღრმა, ემოციური ესკიზების შექმნა გადავწყვიტე, რაშიც მისი ოჯახის წევრები ძალიან დამეხმარნენ. იმედი მაქვს, ეს წიგნი ბევრისთვის იქნება საინტერესო.
ბლიც კითხვები
- როგორ გარემოში მოგდით ყველაზე კარგად იდეები - მარტოობაში, ხმაურში თუ ადამიანებთან საუბრისას?
- ადამიანებთან საუბარი უკვე ხმაურია, თუნდაც ფრთხილი და ძნელად შესამჩნევი. თუ ამ საუბრისას, თუნდაც ხმამაღალი იყოს, მარტოობას შეინარჩუნებ - იდეა მოვა.
- როგორ იწყება თქვენთვის ტექსტი - სიტყვით, სიუჟეტით თუ განცდით?
- განცდით. თუმცა განცდა სიტყვისგანაა და სიტყვადვე ვგრძნობთ.
- როგორ იბადებიან თქვენი პერსონაჟები - რეალური ადამიანებისაგან, წარსულიდან თუ წარმოსახვიდან?
- სამივე.
- რა არის ყველაზე რთული წერის პროცესში - დაწყება, გაგრძელება თუ დასრულება?
- გაგრძელება.
- რას ითვალისწინებთ ახალი იდეების ძიებისას - ინსტინქტს, ემოციას თუ გარემოზე დაკვირვებას?
- დაკვირვებას და ამ დაკვირვებით გაკვირვებას.
ქეთი მაჭავარიანი