ნანკა გვარის პოდკასტს ამჯერად განსაკუთრებული სტუმარი ჰყავდა - ქეთათო პოპიაშვილი. ეს არ იყო მხოლოდ მორიგი ინტერვიუ; ეს იყო ემოციური მოგზაურობა წარსულსა და აწმყოში, სადაც მუსიკოსმა და ხელოვანმა საკუთარ თავთან დარჩენილმა ისაუბრა ყველაფერზე, რაც სტკივა, აბედნიერებს... ირაკლი ჩარკვიანთან გატარებული დროდან დაწყებული, დღევანდელი სიმშვიდის ძიებამდე - ქეთათომ გულახდილად გაუზიარა მაყურებელს თავისი ცხოვრების ყველაზე ინტიმური დეტალები.
- ზოგჯერ ვცდილობ, ისევ რაღაც ძველ ჩემ თავს დავუბრუნდე, ან რაღაც ახალი შევქმნა. ისევ იმ პირველ კითხვასთან მივედი: ვინ ვარ? ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვისაც მინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც აი, ასეთი ბევრი გასაჭირი არ იქნება. ეს დემაგოგიას არ ჰგავს, მართლა არის ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში მომენტები, რაც გვთრგუნავს. თუნდაც გარეთ გახვალ, ძალიან ბევრ მიუსაფარს - გინდ ცხოველს, გინდ ადამიანს - ხვდები და, რაღაცნაირად, რაც არ უნდა მოახერხო შენი კომფორტის შექმნა, თითქოს ბოლომდე ყველაფერი არ გერგება, იმიტომ რომ ირგვლივ ბევრი უბედურებაა. აი, 100%-ით ბედნიერი, თუნდაც პირადი წარმატებით, ვერ იქნები. სულ ამ ბალანსის დაჭერა გვიწევს.

ზოგჯერ არის დღე, როდესაც უფრო მეტი ენერგია გაქვს და რაღაცები ნაკლებად გეხება, ზოგჯერ კი გარემო უფრო მეტად გთრგუნავს. გარემო ყველაზე მეტ-ნაკლებად მოქმედებს. ვიღაცები ამას ყურადღებას აქცევენ, ვიღაცებს გადააქვთ ყურადღება, მაგრამ სოციუმს, გარემოს - სად ვართ, როგორ ვართ - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ირაკლი და მუსიკალური დასაწყისი
17 წლის ვიყავი მე და ირაკლი იყო 34. ზუსტად ორჯერ ჩემზე დიდი, როდესაც ერთად ცხოვრება დავიწყეთ. მანამდეც ვიცნობდი, 16 წლიდან. ეს ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პერიოდი. ყველანაირად ბედნიერი ვიყავი. ეტყობა, მთელი ბავშვობა ვეძებდი ისეთ ადამიანს, ვისთანაც საერთო ინტერესები მექნებოდა და ერთმანეთს ვუგულშემატკივრებდით.
მუსიკაზე საერთოდ არასდროს მიფიქრია. რაკი ბალერინა ვიყავი, მუსიკა უბრალოდ მაინტერესებდა და მიყვარდა. ჩემი თინეიჯერობის დროს ბევრი საინტერესო ტენდენცია იყო, რაც ადამიანს შინაგანად ცვლის. პროცესში, მუსიკის კეთებისას, იმდენად მოვიხიბლე, რომ ნელ-ნელა შემოვედი ამ სფეროში და ბალეტი უკანა პლანზე გადავიდა. ირაკლი მეუბნებოდა: „შენი დაწერილი პარტია სხვას როგორ ვამღეროო“ და ასე დავიწყე.

ცხოვრება ირაკლის შემდეგ
ეგ საერთოდ კოშმარია. მაგ დროს თავდაცვის მექანიზმი გერთვება და ბოლომდე ვერ იაზრებ, რა მოხდა. იმდენად შოკში ხარ... მერე, დროთა განმავლობაში, ვერ ვიტყვი, რომ ეჩვევი - ძალიან მტკივნეულია. აბსოლუტური სიცარიელე რჩება, „შავი ხვრელი“, რასაც ვერასდროს ავსებ. 20 წელი გავიდა, რაც აღარ არის, მაგრამ როცა კარგად იცნობ ადამიანს, ის შეიძლება ცოცხალი არ იყოს, მაგრამ ხვდები, რა დროს რა რეაქცია ექნებოდა. შინაგანი დიალოგი სულ გაქვს. ფაქტობრივად, თავიდან იბადები და სწავლობ ცხოვრებას.
ჩვენ არ გვქონდა სტანდარტული ურთიერთობა, 24 საათი ერთად ვიყავით. წამი მენანებოდა მის გარეშე. ინტუიციით ვგრძნობდი, რომ ეს იმდენად კარგი პერიოდი იყო, რომ იქნებოდა დროებითი. ამ ბედნიერებას სულ თან სდევდა შიში, რომ ეს დასრულდებოდა. ღამის კოშმარებიც კი მაწუხებდა ამის გამო.
მსგავსის მოძებნა არც მიფიქრია. თუმცა, მარტო ცხოვრებაც არ არის მარტივი. დიდებული სიყვარული ბევრჯერ ვერ მოვა, მაგრამ სიყვარული სხვადასხვა ფორმით შეიძლება გესტუმროს. ყოველ ჯერზე თავიდან სწავლობ შენს თავს.

97 წელი და ემოციური კავშირი
ძალიან მძიმედ მახსოვს 97 წელი, როცა ირაკლი ლონდონში უნდა წასულიყო. შინაგანად კინაღამ მოვკვდი, თუმცა ვიცოდი, რომ ჩამოვიდოდა. ეს იყო ჩვენი ემოციების გამოცდა. მაშინ ტელეფონზე დარეკვაც კი პრობლემა იყო. ერთხელ მეგობართან მივედი და, როგორც კი ფეხი შევდგი, ირაკლიმ დარეკა - აი, ესე, დისტანციურად ვგრძნობდით ერთმანეთს.
ყოველდღიურობა და დისციპლინა
ნაკლები ამბიცია მაქვს. უბრალოდ, სახლში ვერ ვჩერდებოდი, გავურბოდი იმ სივრცეს, სადაც სულ ერთად ვიყავით. მუსიკას სულ ვაკეთებდი. ბალეტმა კი მომცა დისციპლინა და შრომისმოყვარეობა. ახლა ბალეტს ვასწავლი.
მარტო ყოფნისას ვარჯიში, ფეხით სიარული და კარგ ამინდში კითხვა. მზის შუქზე კითხვა მიყვარს ძაან. დილის ადამიანი - ცხოველები მაღვიძებენ. სამი ძაღლი მყავს და მათ გასეირნებაზე ვარ აწყობილი.
შვილი - ნანა ჩარკვიანი
საინტერესო ადამიანია, ხასიათით ძალიან ჰგავს ირაკლის. ბავშვობიდან სულ უნდოდა, რომ ყოფილიყო „ის“ და არა ვიღაცის შვილი. აქვს ნიჭი, ადვილად წერს ტექსტებს და მელოდიებს. სულ თავის თავის ძიებაშია. ხანდახან როლები გვაქვს შეცვლილი - ის არის ხოლმე დედაჩემი და ჭკუას მარიგებს. მეგობრები ვართ.

საავტორო უფლებები
ეს ძალიან პრინციპული საკითხია. ჩვენთან ამის კულტურა არ არსებობდა. ხშირად გადაცემებში მიწვევდნენ საავტორო უფლებებზე სალაპარაკოდ და ცდილობდნენ, ეღადავათ, მაგრამ არ გამოსდიოდათ. მე კანონმდებლობას ვიცავ. მთავარია, იცოდე შენი უფლებები. ბევრი ნიჭიერი ბენდი პირდაპირ იპარავს მელოდიას... თუ მოგწონს ირაკლი, გასაგებია, მაგრამ შენი გააკეთე, რატომ იპარავ? ყველაფერი მოგვარებადია ლიცენზიით, როგორც „მე გადმოვცურავ ზღვას“ შემთხვევაში გავაკეთეთ.
პირადი ცხოვრება დღეს
მყავს მეგობარი, ადამიანი, რომელთან ერთადაც ვარ 10 წელია. არის ხოლმე აღმასვლები, დაღმასვლები, სულ კარგად ვერ იქნები. სტაბილურობის მოყვარული ვარ, თუმცა სპონტანურობაც მიყვარს. შეიძლება გამაბედნიეროს უცებ სხვა ქუჩით სახლში დაბრუნებამ, ცოტა რაღაც მინდა ბედნიერებისთვის.

ქეთათო გადაცემაში მეგობარი მამაკაცის ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა რამდენიმე წლის წინ ბაია დვალიშვილთან გადაცემაში ამ თემაზე პირველად ისაუბრა და თქვა, რომ მის გვერდით გივიკო ფანცულაია იყო.