ავტორი:

ქართველი მოდელი ესპანეთში შვილების მეურვეობისთვის სამართლებრივად იბრძვის - მარიამ ჩოფლიანი ემიგრაციაზე, ჰოლივუდურ გამოცდილებაზე და მძიმე დღეებზე

ქართველი მოდელი ესპანეთში შვილების მეურვეობისთვის სამართლებრივად იბრძვის - მარიამ ჩოფლიანი ემიგრაციაზე, ჰოლივუდურ გამოცდილებაზე და მძიმე დღეებზე

მარიამ ჩოფლიანის ცხოვრება ჰგავს დრამატულ ფილმს, სადაც ტკივილი, ემიგრაციული სირთულეები და მოულოდნელი აღიარება ერთმანეთს ენაცვლება. 19 წლის ასაკში, ორსულმა, სამშობლო მამის გადასარჩენად დატოვა, დღეს კი ესპანეთიდან სამი შვილის უფლებებისთვის იბრძვის. მიუხედავად პირადი კრიზისისა, მან შეძლო ჰოლივუდურ პროექტებში მოხვედრა, ქეთრინ ზეტა ჯონსის გვერდით გადასაღებ მოედანზე დგომა და ათიათასობით ადამიანისთვის მოტივაციის მიცემა. ულამაზესი ქართველი ბლოგერი ambebi.ge-თან გულწრფელად საუბრობს იმ რთულ გზაზე, რომელმაც ძალა მისცა

- მარიამ, ვიცით, რომ 19 წლის ასაკში თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. დღევანდელი გადასახედიდან, რას ეტყოდი იმ 19 წლის გოგოს, რომელიც საფრანგეთში მამის გადასარჩენად ორსული წავიდა?

- 19 წლის ასაკში ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა; პირველ რიგში იმიტომ, რომ ოჯახი შევქმენი და სრულიად ახალი ეტაპი დავიწყე. დაახლოებით ექვს თვეში მოგვიწია ქვეყნის დატოვება მამას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მაშინ ძალიან პატარა ორსული ვიყავი - პირველ შვილს ველოდებოდით.

სიმართლე გითხრათ, საფრანგეთში ჩვენი ცხოვრება და ემიგრაციის პირველი წელი ძალიან რთული იყო. ამ გადასახედიდან იმ მარიამს ვეტყოდი, რომ აუცილებლად ყოველთვის ისეთი ძლიერი იყოს, როგორიც თავიდანვე იყო - ორსულიც კი არ უშინდებოდა სირთულეებს. ვეტყოდი, რომ წინ კიდევ უფრო რთული ცხოვრება ელოდება და მყარად იდგეს; რამდენჯერაც დაეცემა, იმდენჯერ უნდა წამოდგეს და გააგრძელოს წინსვლა.

- საფრანგეთის შემდეგ ესპანეთში აღმოჩნდით...

- შემეძინა პირველი შვილი, მამა გადარჩა - რაც ჩვენი მთავარი მიზანი იყო. ჩემი გოგონაც ჯანმრთელი დაიბადა. გარკვეული პერიოდი იქ ვცხოვრობდით, შემდეგ მე და ჩემი გოგონა საქართველოში დავბრუნდით, რადგან საფრანგეთში საბუთი ვერ გავაკეთეთ. ამ დროს ყოფილი მეუღლე ესპანეთში იყო წამოსული სამუშაოდ. დაახლოებით ერთ წელიწადში ჩვენც ჩამოვედით და მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ. კიდევ ორი შვილი შემეძინა. ვარ 7, 5 და 4 წლის პატარების დედა.

2024 წელს მივიღე ჩემი ცხოვრების გარდამტეხი გადაწყვეტილება - დავშორდი ქმარს და შვილებთან ერთად ახალი ცხოვრება დავიწყე. არც ისე მარტივია მარტოხელა დედობა - ეს ბევრმა იცის, თუმცა ისევ შვილები გვაძლევენ ძალას და იმედს. ისინი რომ არა, არ ვიცი, ახლა სად ვიქნებოდი ან რას ვიზამდი.

- ერთ-ერთ ვიდეოში ამბობთ, რომ ემიგრანტის ცხოვრება ხშირად „სიმწრით სიცილია“. რა იყო ყველაზე მძიმე მომენტი, როცა იფიქრეთ, რომ ძალა გეცლებოდათ?

- სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ასეთი მომენტი მქონდა მთელი ჩემი ემიგრაციის წლების განმავლობაში. დღესაც მაქვს და ალბათ კიდევ იქნება. ემიგრაცია არის მუდმივ მონატრებაში ცხოვრება. უმეტესი ემიგრანტებისთვის ეს სუნთქვაა და არა სიცოცხლე. სიცოცხლე იქ არის, სადაც შენი საყვარელი ადამიანები არიან - ოჯახი, შვილები, მშობლები, მეგობრები. აქ თითქოს ცარიელი ცხოვრობ, რუტინულად... მუშაობ, იბრძვი. ზოგი წინ მიდის, ზოგი - ვერა.

ბევრისთვის წლები გადის ერთსა და იმავე ყოფაში და უსაშველო მონატრებაში. აქ მართლაც სიმწრით იცინი. შორიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს - თითქოს ჩვენ რთული ცხოვრება არ გვქონდეს. კი, შეიძლება სხვაგან უკეთესი პირობებია, მაგრამ ამ ყველაფრის მოპოვება, დამკვიდრება და შენარჩუნება მუდმივ ბრძოლას მოითხოვს. ძალა ბევრჯერ მეცლება, მაგრამ ცხოვრება გასწავლის, რომ ენერგია იმდენჯერ უნდა დაიბრუნო, რამდენჯერაც საჭირო იქნება - მით უმეტეს მაშინ, როცა თვალებში შვილები შემოგყურებენ. მაშინ მხოლოდ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი.

- რვა წელია, რაც სამშობლოში არ ყოფილხართ. როგორ შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - ემიგრაციამ უფრო მეტად დაგაშორათ ქვეყანას თუ პირიქით?

- საქართველოს დამაშორა მხოლოდ ფიზიკურად - სულიერად არასდროს. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო არ უყვართ. ძალიან კარგად ვხედავ, რა რთული მდგომარეობაა ქვეყანაში, თვალს ვადევნებ პროცესებს, მაგრამ როგორ შეიძლება საქართველო ქართველს არ უყვარდეს?

რვა წელია - მალე მეცხრე დაიწყება - რაც საქართველოში არ ვცხოვრობ და არც ერთი წამით არ დამვიწყებია ჩემი ქვეყანა. პირიქით, სულ იმას ვნატრობ, როდის დავბრუნდები, როდის ჩავიყვან ჩემს შვილებს, გავაცნობ ქვეყანას, წავიყვან სვანეთში და ითამაშებენ ჩემი ბავშვობის ეზოში. ემიგრაციამ არ დამაშორა - უფრო დამაახლოვა, მასწავლა დაფასება და იმედი იმისა, რომ ერთ დღეს დავბრუნდები და ჩემს შვილებს იმ მიწაზე გავზრდი, სადაც ჩემი გული დარჩა.

- თქვენს ბლოგს „პატარა გოგოს დიდი ამბები“ 50 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. როგორ ფიქრობთ, რამ მოხიბლა მკითხველი - თქვენმა ვიზუალმა თუ იმ გულწრფელობამ, რომლითაც სირთულეებზე საუბრობთ?

- ჩემი გამომწერების უმეტესობა ქალბატონებია. ჩვენ, ქალებს, ხშირად გვიყვარს ერთმანეთის ფიზიკურობის შეფასებაც, თუმცა უფრო მეტად გულწრფელობა გვხიბლავს. როგორიც არ უნდა იყო ვიზუალურად, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადამიანის პიროვნებაა, მისი აურა და შინაგანი სამყარო.

სილამაზემ შეიძლება ერთი წამით მიიქციოს ყურადღება, მაგრამ გულწრფელობაა ის, რაც ადამიანს დააკავშირებს. ჩემს ბლოგზე არასდროს მიცდია იდეალურად ყოფნის თამაში - იქ არის რეალური ცხოვრება, ჩემი ყველანაირი ხასიათითა და ემოციით. მგონია, მკითხველმა იგრძნო, რომ მარტო არ არის. როცა საკუთარ სირთულეებზე ღიად საუბრობ, სხვასაც აძლევ საშუალებას საკუთარ თავში ჩაიხედოს. თუ ჩემი გამოცდილება ვინმეს ძალას აძლევს, მაშინ ვიცი, რომ ეს გზა სწორია.

- მოგვიყევით ჰოლივუდურ გამოცდილებაზე - როგორ მოხვდით ქეთრინ ზეტა ჯონსთან ერთად „ამაზონის“ პროექტში?

- ეს გამოცდილება ჩემთვის ერთდროულად საოცარიც იყო და შემეცნებითიც. დარეგისტრირებული ვარ სპეციალურ პლატფორმაზე, სადაც იდება კასტინგები. სწორედ ასე მივიღე შეტყობინება და დამიბარეს მეორეხარისხოვან, ეპიზოდურ როლზე. როცა ქეთრინ ზეტა ჯონსის სახელი გავიგე, ემოციებს ვერ ვმალავდი - მისი ახლოდან ნახვა ჩემთვის უკვე დიდი გამოცდილება იყო.

სამჯერ ვიყავი გადაღებაზე. მართალია, ჩემი როლი საუბარს არ მოიცავდა, მაგრამ თითოეული წუთი საინტერესო აღმოჩნდა. მანამდე არასდროს ვყოფილვარ გადასაღებ მოედანზე და იქ მივხვდი, რამდენი შრომა დგას ერთი სცენის უკან. ქეთრინიც იქ იყო, სხვა სცენას იღებდნენ, მაგრამ მისი პროფესიონალიზმის დანახვაც ბევრს ნიშნავდა. იმედი მაქვს, კადრში სადღაც მაინც გამოვჩნდები.

- თქვენს ვიდეოებში ხშირად ჩანან რუმინელი ცოლ-ქმარი, რომლებსაც დედობილსა და მამობილს ეძახით. ვინ არიან ისინი თქვენთვის?

- ისინი ჩემთვის ღმერთის გამოგზავნილი ადამიანები არიან. ექვსი წლის წინ გავიცანი, როცა ბინის ქირაობა გაგვიჭირდა და მათთან ოთახში გადავედით. მიუხედავად იმისა, რომ სულ ორი თვე ვიცხოვრეთ ერთად, საოცარი კავშირი გაჩნდა. რომ არა ისინი, ვერ შევძლებდი ვერც გადაღებებზე წასვლას, ვერც სამოდელო ჩვენებებში მონაწილეობას და ზოგჯერ ელემენტარულად მეგობრებთან გასვლასაც კი. მორალურად და ფინანსურად გვერდში მიდგანან, როგორც საკუთარი მშობლები. ძალიან მინდა, მალე მოვახერხო და საქართველოში ჩამოვიყვანო, რათა ჩვენი ქვეყანა გავაცნო.

- ბავშვებზე მოგვიყევით - როგორ ეჩვევიან ესპანურ გარემოს და რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა მათ აღზრდაში?

- მყავს 7, 5 და 4 წლის პატარები. დადიან ბასკურ სკოლასა და ბაღში, საუბრობენ ქართულად, ესპანურად და ბასკურად. უფროსი გოგონა ძალიან მზრუნველია, უმცროსი კი - მტკიცე ხასიათის. ამ ბავშვებმა მასწავლეს ყველაზე მთავარი - უპირობო დედობრივი სიყვარული. ისინი ჩემი მოტივაციის მთავარი წყაროა.

- თქვენს ვაჟს აუტიზმის სპექტრის დიაგნოზი (TEA) აქვს.

- ჩემი ბიჭი ერთი წლისა და ორი თვის იყო, როცა ეჭვები გამიჩნდა. მას შემდეგ თერაპიებზე დამყავს. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, მაგრამ უნდა მიიღო ეს მდგომარეობა და იფიქრო, როგორ დაეხმარო. საკმაოდ კარგი პროგრესი აქვს - ძალიან ჭკვიანი და მხიარული ბიჭია. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყებს გამართულად საუბარს. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, რომ ცოცხალი და ჯანმრთელია, დანარჩენს მედიცინა და დრო მოაგვარებს. ამ გზაზე ერთდროულად უნდა იყო მებრძოლი ადვოკატი, რომელიც მის ინტერესებს იცავს, და მზრუნველი დედა. როცა მის ღიმილს ვხედავ, ვხვდები, რომ ყველა სირთულე ღირდა.

- თქვენს ბოლო პოსტებში მძიმე სამართლებრივ დავაზე საუბრობთ. რატომ გახდა საჭირო ამ თემის გასაჯაროება?

- ამ თემაზე ბევრი საუბარი არ მინდა, რადგან სოციალურ ქსელში უკვე გავახმოვანე ჩემი პოზიცია. დავშორდი მეუღლეს და ახლა სამართლებრივი დავა გვაქვს ბავშვების საბუთებთან დაკავშირებით. პროცესი უკვე ორი წელია მიმდინარეობს. თავიდან თანახმა ვიყავი მეურვეობის გაყოფაზე, თუმცა გარკვეული ქმედებების გამო, საბოლოოდ მოვითხოვე, რომ მეურვეობა მხოლოდ ჩემზე იყოს. არც ერთ დედას არ უხარია ოჯახის დანგრევა, მაგრამ ზოგჯერ მოვლენები გვაიძულებს, გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც ყველაზე ნაკლებად გვინდოდა.

- გაქვთ იმედი, რომ ესპანეთის კანონმდებლობა ბავშვების ინტერესებს მამის პოზიციაზე მაღლა დააყენებს?

- რა თქმა უნდა, მაქვს იმედი. პროცესი მოლოდინის რეჟიმშია, აქ სამართლებრივი საკითხები საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. გაურკვევლობა ყველაზე მძიმეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც ბავშვებისთვის იქნება საუკეთესო. ყველა სიახლეს ჩემს ბლოგზე აუცილებლად გავაზიარებ.

- ბევრს ჰგონია, რომ ლამაზ ქალებს ცხოვრებაში ყველაფერი მარტივად მოსდით.

- სილამაზე ბევრ ტკივილს ვერ აგარიდებს. პირიქით - ხშირად გაყენებენ ჩარჩოებში, გიყურებენ ზედაპირულად. ჩემთვის სილამაზე არასდროს ყოფილა გზა წარმატებისკენ. ყველაფერი, რაც დღეს მაქვს, ბრძოლით და შრომით მოვიპოვე. მინდა დამინახონ არა მხოლოდ როგორც ლამაზი ქალი, არამედ როგორც ადამიანი, რომელმაც ბევრის გავლა შეძლო და მაინც არ დანებდა.

ჩემი სილამაზის ფორმულა არის სიმშვიდე, რომელიც ტკივილის შემდეგ მოდის. როცა შინაგანად მშვიდი ხარ, ეს გარეთაც ჩანს. როგორც არ უნდა ვეცადოთ მდგომარეობის შენიღბვას, თვალები მაინც საუბრობს - ისინი მართლაც სულის სარკეა.