“აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი, მასშტაბური დარტყმის განხორციელებას განიხილავს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის ქვეყნის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შეზღუდვის შესახებ წინასწარმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო,“ - ამის შესახებ CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მოკლედ, ისე ჩანს, აშშ უკვე მზად არის უახლოეს დღეებში ირანზე იერიშის მისატანად, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო სამიზნეები დიდწილად უკვე გათვლილია, მოვლენების შესაძლო განვითარება კვლავ ბუნდოვანი რჩება.
ამასთანავე, ევროკავშირმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა და “რევოლუციური გვარდია” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
ბი-ბი-სი წერს მოვლენების განვითარების 7 სცენარზე იმ შემთხვევაში თუ ვაშინგტონსა თეირანს შორის შეთანხმება მართლაც ვერ შედგება და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკულ ჯარებს ირანზე თავდასხმას უბრძანებს.
აშშ-ის საჰაერო და საზღვაო ძალები ახორციელებენ შეზღუდულ, მაღალი სიზუსტის მქონე დარტყმებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო ბაზებსა და “ბასიჯის“ - ირანელი მოხალისეების სამხედრო დაჯგუფების ქვედანაყოფებზე, რაც "რევოლუციური გვარდიის" მიერ კონტროლდება. დარტყმები ხორციელდება ბალისტიკური რაკეტების გაშვებისა და შენახვის ობიექტებსა და ირანის ბირთვული პროგრამის ელემენტებზე.
უკვე დასუსტებული რეჟიმი დაემხობა და დროთა განმავლობაში ქვეყანა გადადის ნამდვილ დემოკრატიაზე, რის შედეგადაც ირანი კვლავ ხდება საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი.
ეს უკიდურესად ოპტიმისტური სცენარია. დასავლეთის სამხედრო ჩარევამ ერაყსა და ლიბიაში არ მოიტანა დემოკრატიაზე მშვიდობიანი გადასვლა. ორივე შემთხვევაში სასტიკი დიქტატურები დაემხო, თუმცა ამას წლების განმავლობაში ქაოსი და სისხლის ღვრა მოჰყვა.
სირიაში, სადაც რევოლუცია 2024 წელს მოხდა, ბაშარ ალ ასადი დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერის გარეშე დაამხვეს და ამ ეტაპზე შედეგებს შედარებით უკეთ უმკლავდებიან.
ამ სცენარს შეიძლება “ვენესუელური მოდელი“ ეწოდოს. აშშ-ის სწრაფი და მკაცრი ქმედებების შემდეგ რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას, თუმცა იძულებულია უფრო ზომიერ პოლიტიკაზე გადავიდეს.
ირანის შემთხვევაში ეს ისლამური რესპუბლიკის შენარჩუნებას ნიშნავს, რაც ირანული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს არ დააკმაყოფილებს. ამავდროულად ირანი ამცირებს მთელ ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერას, რეჟიმს უწევს შიდა ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების შეწყვეტა ან მკვეთრი შეზღუდვა. ასევე მიმდინარეობს ქვეყნის შიგნით პროტესტების ჩახშობისას გამოყენებული ზომების შერბილებაც.
თუმცა ეს სცენარიც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა. ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა უკვე 47 წელია ჯიუტად ეწინააღმდეგება ნებისმიერ ცვლილებას და როგორც ჩანს, დღეს უბრალოდ ვერ ახერხებს გარდაქმნას.

ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ყველაზე სავარაუდო შედეგია
მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი აშკარად არაპოპულარულია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და გასული წლების ყოველი ახალი საპროტესტო ტალღა მას კიდევ უფრო ასუსტებს, ქვეყანაში კვლავ არსებობს მასშტაბური და ყოვლისმომცველი ძალოვანი “უჩინარი სახელმწიფო“, რომელ პირდაპირ არის დაინტერესებულია სტატუს კვოს შენარჩუნებაში.
მთავარი მიზეზი, რის გამოც პროტესტებმა აქამდე ვერ დაამხო რეჟიმი, არის ის, რომ ძალოვნების მხრიდან არ მომხდარა მომიტინგეთა მხარეს რაიმე მნიშვნელოვანი გადასვლა, ამავე დროს მმართველი ელიტა მზად არის ძალაუფლების შესანარჩუნებლად შეუზღუდავი ძალა და სისასტიკე გამოიყენოს.
ქაოსის პირობებში, რომელიც შეიძლება აშშ-ის შესაძლო დარტყმებს მოჰყვეს, არ არის გამორიცხული სცენარი, რომლის დროს ძალაუფლება ქვეყანაში იმ მკაცრი სამხედრო მთავრობის ხელში აღმოჩნდება, რომელიც ძირითადად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებისგან იქნება დაკომპლექტებული.
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას უპასუხებს და ამტკიცებს, რომ “თითი უკვე სასხლეტზეა აქვს“.
ცხადია, პირდაპირი კონფრონტაციის პირობებში ირანის არმია ვერ შეედრება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო და საჰაერო ძალებს, თუმცა თეირანს მაინც შეუძლია საპასუხო დარტყმის მიყენება იმ ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით, რომელთა დიდ რაოდენობა გამოქვაბულებში, მიწისქვეშ ან შორეულ მთიან რაიონებში არის გადამალული.
სპარსეთის ყურის არაბული სანაპიროს გასწვრივ ბაჰრეინსა და კატარში აშშ-ის სამხედრო ბაზები და ობიექტები არის განლაგებული. სურვილის შემთხვევაში ირანს ასევე შეუძლია მიაყენოს დარტყმა ნებისმიერი ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ის ამერიკული თავდასხმის თანამონაწილედ ჩათვლის, მაგალითად, იორდანიას.
2019 წელს Saudi Aramco-ს ნავთობქიმიურ ობიექტებზე განხორციელებულმა დამანგრეველმა სარაკეტო-დრონულმა შეტევამ, რომელიც ირანის მხარდაჭერილ ერაყულ მილიციას მიეწერება, ნათლად აჩვენა საუდის არაბეთი, რამდენად დაუცველია ირანის რაკეტებისგან.

ამიტომ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები, რომლებიც აშშ-ს მოკავშირეებად მოიაზრებიან, სრულიად სამართლიანად ნერვიულობენ, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერი სამხედრო მოქმედება საბოლოოდ რიკოშეტით სწორედ მათ მოხვდება.
ეს საფრთხე უკვე დიდი ხანია არსებობს და მსოფლიო საზღვაო მიმოსვლასა და ნავთობის მიწოდებას ემუქრება.
ჯერ კიდევ ირან-ერაყის ომის (1980-1988) დროის ირანმა მართლაც დანაღმა საზღვაო სავაჭრო გზები, ხოლო ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ტრალერები მათ განაღმვაში მონაწილეობდნენ.
ორმუზის სრუტე ირანსა და ომანს შორის მსოფლიო ვაჭრობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს.
მის გავლით ყოველწლიურად მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის დაახლოებით 20% და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაახლოებით 20–25% მიედინება.
ირანმა უკვე არაერთხელ ჩაატარა სწავლებები საზღვაო ნაღმების სწრაფად დასამონტაჟებლად. თუ ის ასეთ ნაბიჯს მართლაც გადადგამს, ამას უეჭველად მოჰყვება სერიოზული შედეგები მსოფლიო ვაჭრობისთვის, რაც ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.
ერთხელ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანმა, რომელიც სპარსეთის ყურეში სამხედრო ხომალდზე მსახურობდა, განაცხადა, რომ ირანის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი საფრთხეს ე.წ. გუნდური შეტევა წარმოადგენს.
ამ სცენარის მიხედვით, ერთი ან რამდენიმე სამიზნის მიმართ ირანი ერთდროულად დიდ რაოდენობას მძლავრი საბრძოლო ქობინებით აღჭურვილ დამრტყმელ დრონებსა და ტორპედოებით აღჭურვილ სწრაფმავალ კატარღებს უშვებს, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მძლავრი ახლო დაცვის სისტემები ვერ ასწრებენ ყველა მათგანის დროულად განადგურებას, რაც ფატალურად მთავრდება.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეზღვაურები სწავლებების დროს დიდ ყურადღებას სწორედ არატრადიციულ “ასიმეტრიულ“, ომის მეთოდებს უთმობენ, რაც პირველ რიგში მათი მთავარი მოწინააღმდეგის, აშშ-ის მეხუთე ფლოტის - ტექნოლოგიურ უპირატესობას გადალახვას გულისხმობს.
ამერიკული სამხედრო ხომალდის ჩაძირვა, განსაკუთრებით თუ ამას თან გადარჩენილი ეკიპაჟის წევრების დატყვევებაც დაერთვება, შეერთებული შტატებისთვის კოლოსალური დამცირება იქნებოდა.
თუმცა მსგავსი სცენარი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა.

კიდევ უფრო ადრე, 1987 წელს, ერაყელმა მფრინავმა ამერიკულ ხომალდ USS Stark- ის მიმართულებით შეცდომით ორი Exocet-ის ტიპის რაკეტა გაუშვა, რასაც ეკიპაჟის 37 წევრის სიცოცხლე შეეწირა.
ეს საფრთხეა სრულიად რეალურია და პირველ რიგში ირანის მეზობლების - მათ შორის კატარისა და საუდის არაბეთის შეშფოთების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს.

სირიის, იემენის ან ლიბიის კონფლიქტების მსგავსად, რომლებიც შემდგომში სამოქალაქო ომებში გადაიზარდა. არსებობს კიდევ ერთი საფრთხე: ქაოსისა და ცენტრალური ხელისუფლების დაშლის პირობებში, ეთნიკური დაძაბულობა შეიძლება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს - ისეთი ეთნიკური უმცირესობები, როგორიც ქურთები და ბელუჯებია საკუთარი თემების დაცვას შეეცდებიან.
ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, უდავოდ, სიამოვნებით იხილავდა ისლამური რესპუბლიკის დასასრულს - პირველ რიგში ისრაელი, რომელმაც უკვე მიაყენა სერიოზული დარტყმები ირანს და მის ირანის პროქსი-ძალებს მთელ რეგიონში.
თუმცა არავინ არის დაინტერესებული, რომ ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობით ყველაზე დიდი ქვეყანა - დაახლოებით 93 მილიონი ადამიანი, ქაოსში ჩაეფლოს, რაც ჰუმანიტარულ კრიზისს და ლტოლვილთა მასშტაბური ნაკადს გამოიწვევს.
დღეს ყველაზე დიდი საფრთხე წარმოადგენს ის, რომ დონალდ ტრამპმა, რომელმაც ირანის საზღვრებთან დიდ სამხედრო ძალებს მოუყარა თავი. შეიძლება დაასკვნას, რომ “ვალდებულია იმოქმედოს, რადგან სხვა შემთხვევაში სახეს დაკარგავს“ და მკაფიო საბოლოო მიზნის გარეშე ის ომი წამოიწყოს, რომელიც არაპროგნოზირებადი და პოტენციურად უკიდურესად დამანგრეველი შედეგებით დასრულდება.