ასტრონომებმა 146 სინათლის წლის მანძილზე, დედამიწის ზომის და შესაძლოა საცხოვრებლად ვარგისი, ახალი პლანეტა აღმოაჩინეს - რა ხდება ცნობილი?
ასტრონომებმა დაახლოებით 146 სინათლის წლის მანძილზე პოტენციურად საცხოვრებლად ვარგისი, ახალი, დედამიწის ზომის პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც თავის პირობებით მარსს წააგავს.
პლანეტა, სახელწოდებით HD 137010 b, მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს და ზომით დედამიწაზე დაახლოებით 6%-ით დიდია.
ავსტრალიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ისა და დანიის საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა პლანეტა NASA-ს “კეპლერის“ კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით K2 მისიის ფარგლებში გამოავლინა, რომელიც 2017 წელს მიღებული მონაცემების ანალიზის ეფუძნებოდა.

ავსტრალიის სამხრეთ ქუინზლენდის უნივერსიტეტის (USQ) მკვლევარმა დოქტორმა ჩელსი ჰუანგმა განაცხადა, რომ პლანეტას დედამიწის მსგავსი ორბიტა გააჩნია და ადგილობრივი ვარსკვლავის გარშემო სრული წრის შემოვლას, დაახლოებით, 355 დღე ანდომებს.
“ამ კონკრეტული დედამიწის ზომის პლანეტაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მისი ვარსკვლავი ჩვენი მზის სისტემიდან მხოლოდ 150 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ასევე არსებობს დაახლოებით 50%-იანი შანსი, რომ თავად HD 137010 b ვარსკვლავის საცხოვრებლად ვარგის ზონაში მდებარეობდეს“, - აცხადებენ მკვლევრები.
HD 137010 b პირველად მაშინ დააფიქსირეს, როდესაც მან მცირე დროით თავისი ვარსკვლავის დისკო გადაკვეთა, რამაც ვარსკვლავის სიკაშკაშეში უმცირესი ცვლილება გამოიწვია.

ვარსკვლავი, რომლის გარშემოც HD 137010 b ბრუნავს, ჩვენს მზეზე უფრო ცივი და ნაკლებად კაშკაშაა, რაც ნიშნავს, რომ პლანეტის ზედაპირის ტემპერატურა უფრო მარსის პირობებს მიემსგავსება და შესაძლოა 70°C-ზე დაბალიც კი იყოს.
სვინბერნის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი დოქტორ სარა უებმი აცხადებს:
“უეჭველია, რომ ახალმა აღმოჩენამ საინტერესო და მრავალი შესაძლებლობა წარმოაჩინა, მაგრამ ასევე შესაძლებელია რომ პლანეტა უზარმაზარ თოვლის ბურთს წარმოადგენდეს, დიდი, ყინულოვანი სამყაროთი, სადაც ბევრი წყალია, თუმცა დიდწილად გაყინულ მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა ჩვენი გალაქტიკის მასშტაბით საკმაოდ ახლოს მდებარეობს, ამჟამინდელი ტექნოლოგიებით გადაადგილების შემთხვევაში იქ მისაღწევად, ათიათასობით ან სულაც ასიათასობით წელი დაგვჭირდება“