სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე თსუ-სა და სტუ-ს სტუდენტები, ასევე, სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეები განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებას აპროტესტებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე.
სტუდენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება დაანონსებული განათლების რეფორმით განათლების სისტემას აზიანებს.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების მიზანია კადრების შემცირება და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ლექტორების გათავისუფლება.

ადგილზე შეკრებილები მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ უგულებელყონ სტუდენტებისა და ლექტორების ნება და თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების შესახებ ინიციატივა უკან წაიღონ.