ბოლო კვირებში უკრაინელმა ექსპერტებმა რუსული დრონების, მათ შორის “შაჰიდის“ ტიპის აპარატების უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში შეღწევის რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირეს. მათი განცხადებით, დრონები ამერიკული კომპანია SpaceX-ის სატელიტური კავშირის Starlink-ის მეშვეობით იმართებოდა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის უპილოტო აპარატებიდან მომავალ საფრთხეებს.
რუსეთმა “შაჰიდის“ ტიპის დამრტყმელი კამიკაძე-დრონების (რუსულ ვერსიით - “გერანი-2“) მასობრივი გამოყენება ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო, თუმცა ომის სამი წლის განმავლობაში ისინი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
თუ ადრე ეს უპილოტო საფრენი აპარატები მიზნისკენ წინასწარ გაწერილი მარშრუტით მიფრინავდნენ, 2025 წლის შემოდგომიდან დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც “შაჰიდებს“ ონლაინ რეჟიმში იმართებოდნენ. ეს ნიშნავს, რომ ოპერატორს რუსეთიდან შეეძლო რეალურ დროში მოეძებნა და დაერტყა მიზანზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის გადაადგილდებოდა.
ამისთვის რუსეთის მხარემ ე.წ mesh-სისტემის გამოყენება დაიწყო, რაც რეტრანსლაციის გზით რადიოკავშირის მანძილის გაზრდას გულისხმობს, ამ შემთხვევაში მოიერიშე დრონების ჯგუფში ერთ-ერთი დრონი რეტრანსლატორის ფუნქციას ასრულებს, რაც ოპერატორს სხვა დრონის მართვასა და შეტევის განხორციელების საშუალებას აძლევს.
თუმცა mesh-სისტემას ნაკლიც აქვს, მისი ფუნქციონირებისთვის რეტრანსლატორი დრონი უნდა არსებობდეს.
ამიტომ მოდიფიკაციის შემდეგ ეტაპად რუსებმა Starlink-ის სატელიტური კავშირის ტერმინალების პირდაპირ დამრტყმელ დრონებზე დაყენება დაიწყეს.
რუსული დრონის Starlink-ით აღჭურვის შესახებ პირველი ინფორმაცია 2025 წლის 15 დეკემბერს გამოჩნდა.
მედიაში გამოქვეყნდა ჩამოგდებული რუსული უპილოტო აპარატი ‘მოლნიას“ ფოტო, რომელზეც კარგად ჩანს Starlink-ის სატელიტური კავშირის ტერმინალი.
აღნიშნული ტიპის დრონის წარმოება შედარებით იაფი ჯდება და ფრონტზე ფართოდ გამოიყენება. დრონი 30 კმ-მდე მანძილზე დაფრინავს და 3-7 კგ წონის მცირე საბრძოლო მუხტის წაღება შეუძლია. “მოლნია“ შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც კამიკაძე-დრონი, ასევე როგორც რამდენიმე პატარა FPV-დრონის მატარებელი.
“სტარლინკით“ აღჭურვილი “მოლნიას“ დარტყმებს უკვე ყოველდღიურად ვაფიქსირებთ. ახლახან მათ ნიკოლაევის ენერგეტიკას დაარტყეს. ძირითადად ‘სტარლინკ-მინი“ გამოიყენება და მოწინააღმდეგემ უკვე დაიწყო ტერმინალებზე სერიული ნომრების წაშლა“, - დაწერა სამხედრო რადიოტექნოლოგიების სფეროში წამყვანმა უკრაინელმა ექსპერტმა სერგეი ბესკრესტნოვმა.

15 იანვარს მან კიდევ ერთი შემთხვევა გახმაურდა, მორიგ ჩამოგდებულ რუსულ დრონზე ასევე სატელიტური ტერმინალი აღმოჩნდა, საუბარი БМ-35 მოდიფიკაციის დრონზე, იგივე “იტალმასზეა“ რომელიც “შაჰიდის“ შემცირებულ ვერსიას წარმოადგენს, საფრენ აპარატს ბენზინის ძრავა გააჩნია, 500 კმ -მდე მანძილის დაფარვა და 15–27 კგ ასაფეთქებელი ნივთიერების ტარება შეუძლია. გამოიყენება როგორც სადაზვერვოდ, ისე შეტევისთვის.
რატომ არის საშიში ახალი დრონები ?
დიდი ხნის განმავლობაში სწორედ საიმედო და ხელმისაწვდომი Starlink-ის სატელიტური კავშირი იყო უკრაინის თავდაცვის ძალების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა.
SpaceX-მა რუსეთის მოქალაქეებს სისტემაზე წვდომა აუკრძალა, ხოლო თავად კავშირი რუსეთის ტერიტორიაზე არ მუშაობს.
თუმცა დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ რუსი მოქალაქეები მაინც პოულობენ საშუალებებს Starlink-ის ტერმინალების შესაძენად და გამოსაყენებლად - უმეტესად მესამე ქვეყნებში, ფიქციურ პირებზე გაფორმების გზით.
ამიტომ უბრალოდ დროის საკითხი იყო, როდის დაიწყებდა რუსული მხარე ამ ტექნოლოგიის გამოყენებას უკრაინული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამერიკის ხელისუფლებასთან და SpaceX-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გამართვაა.
“უნდა აიკრძალოს “უცხო“ Starlink-ების როუმინგი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოფრინდებიან. მხოლოდ "ჩვენი“ Starlink-ები უნდა მუშაობდეს. ამისთვის საჭიროა შეიქმნას ყველა Starlink-ის სპეციალური რეესტრი, რომლებიც თავდაცვის ძალებსა და მოხალისეებს აქვთ. ეს რეესტრი უნდა გადაეცეს Starlink-ის ოფიციალურ დილერს უკრაინაში, ხოლო ყველა ახალი ჩართვა მხოლოდ მისი მეშვეობით განხორციელდეს“, - განმარტავს ექსპერტი
მსგავსი წინადადებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ SpaceX-ის მფლობელ ილონ მასკს საჯაროდ მიმართა, თუმცა მილიარდერისგან საკმაოდ უხეში და არადიპლომატიური პასუხი მიიღო.
ბოლო მონაცემებით უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კომპანია SpaceX ის წარმომადგენლობას დაუკავშირდა და აღნიშნული პრობლემის შესახებ აცნობა. უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული მონაცემებით პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.