ავტორი:

ყოფილი ჯიჰადისტი დიდ ბრიტანეთში ადგილობრივ არჩევნებში იყრის კენჭს - "ეს პოლიტიკური სისტემის დაცინვაა"

ყოფილი ჯიჰადისტი დიდ ბრიტანეთში ადგილობრივ არჩევნებში იყრის კენჭს - "ეს პოლიტიკური სისტემის დაცინვაა"

ყოფილი ჯიჰადისტი, შაჰიდ ბათი, რომელმაც 5-წლიანი პატიმრობა მოიხადა იემენში ბრიტანეთის საკონსულოს, ანგლიკანური ეკლესიისა და სასტუმროს აფეთქების დაგეგმვისთვის, დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემის საქალაქო საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი" აქვეყნებს.

  • ბათს 1999 წელს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მაშინ იემენის სასამართლომ დაადგინა, რომ ის, სიძულვილის ცნობილი მქადაგებლის, აბუ ჰამზას ხელმძღვანელობით, იემენში ტერორისტული აქტების მოსაწყობად გაგზავნეს. ტერორისტულ ჯგუფში ასევე შედიოდა ჰამზას ვაჟი და გერი.

1998 წლის დეკემბერში, როცა უკვე შაჰიდი ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად დაკავებული იყო, იემენში დასავლელი ტურისტების ჯგუფი გაიტაცეს და მათ სანაცვლოდ ბათისა და მისი თანამზრახველების გათავისუფლება მოითხოვეს. ოპერაციის დროს რამდენიმე მძევალი დაიღუპა, მათ შორის ბრიტანეთის სამი მოქალაქე.

2015 წლის იანვარში ნიუ-იორკის სასამართლომ თავად ჰამზას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ტერორიზმისა და გატაცების 11 ბრალდებით.

ისლამისტური თავდასხმების მსხვერპლების ოჯახები აკრიტიკებენ ხელისუფლებას ყოფილი ტერორისტისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემის გამო და აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური სისტემის დაცინვაა.

ბათმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ახალგაზრდობაში "შეცდომები დაუშვა“, თუმცა ამტკიცებს, რომ ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

  • "ბევრი შეცდომა დავუშვი და წარსულიდან ბევრ რამეს ვნანობ. ამის შეცვლა შეუძლებელია და ამასთან ერთად უნდა ვიცხოვრო. სწორედ ამიტომ ჩავერთე ახალგაზრდების დახმარებაში, რათა არ გაიმეორონ ჩემი შეცდომები“, - ამბობს შაჰიდ ბათი.

მან ციხე 2003 წელს დატოვა, გათავისუფლების შემდეგ, კი ექსტრემიზმის წინააღმდეგ მებრძოლად იქცა და განაცხადა, რომ თანამშრომლობს სამართალდამცველებთან და ჩართულია დერადიკალიზაციის პროგრამაში.

ახლა, 62 წლის ასაკში, დამოუკიდებელი კანდიდატია და 7 მაისის არჩევნებში ბირმინგემის საქალაქო საბჭოში მოსახვედრად იყრის კენჭს.