ტელეეკრანებიდან ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სახე, ნინო ქაჯაია, ეკა ხოფერიას გადაცემას “შეხვედრები ეკა ხოფერიასთან“ სტუმრობდა. ჟურნალისტმა, რომელიც წლების განმავლობაში „რუსთავი 2“-ის ოქროს ხანის სიმბოლო იყო, ამჯერად საკუთარი ცხოვრების ყველაზე დაფარულ და მტკივნეულ მხარეებზე ისაუბრა. ინტერვიუს მთავარი თემა დედობა, უდიდესი ტრაგედია და ხელახლა პოვნილი ბედნიერება აღმოჩნდა
"ყველაზე საშინელი წუთი დედას ცხოვრებაში“ – ანას ისტორია
ნინო ქაჯაიამ პირველად გაიხსენა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ტრაგედია – პირველი შვილის დაკარგვა, რამაც მისი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო.
"26 წლის შვილი უნდა მყავდეს ახლა – ანა, რომელიც 26 წლის წინ, სამწუხაროდ, ექიმების დაუდევრობის გამო, დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, რაც შეიძლება დედას დაემართოს – რომ შვილი აღარ ეყოლოს.
თავიდან არ მეუბნებოდნენ, რამდენიმე დღე ყველაფერი კარგად იყო, ვზეიმობდით ჩვეულებრივად. და როდესაც მოვიდნენ და მითხრეს – ეს იყო ყველაზე მძიმე და საშინელი წუთი, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს და არც უნდა წარმოიდგინოს არასდროს.
მაშინ მივხვდი, რომ ბედნიერებას ვერ ვაცნობიერებთ. გგონია, რომ ასე უნდა იყოს – უნდა გყავდეს შვილი, უნდა უყვარდე... მაგრამ ასე არ არის. არასდროს იცი, რამდენი წუთი გაქვს, რამდენი წელი თუ საათი. ამიტომ ყოველი წუთის მადლიერი უნდა იყო. ჩემთვის ეს იყო გადამწყვეტი წამი – მივხვდი, რომ ყველაფერს დაფასება სჭირდება.

თაია – „საოცარი საშობაო საჩუქარი“ და ანას გაცოცხლებული ნაწილი
პირველი შვილის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ, ნინო ქაჯაიას ცხოვრებაში თაია გამოჩნდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ თაიას დაბადებამ მას დედობის უფლება და აზრი დაუბრუნა.
"თაიას გაჩენა ჩემთვის კიდევ უფრო ათასმაგად განსაკუთრებული და ბედნიერი იყო. თაია დაიბადა 7 იანვარს – ეს არის ჩემი ყველაზე საოცარი საშობაო საჩუქარი. ვფიქრობდი ხოლმე, როგორ ვცხოვრობდი მანამდე, რაღაცები როგორ მიხაროდა და როგორ მეგონა, რომ ეს იყო მთავარი... არაფერია იმ სიხარულთან, რასაც ზოგადად დედობა და კონკრეტულად თაიას დედობა ჰქვია.
თაიასთან ერთად თითქოს ანას ნაწილიც გიცოცხლდება. ეს ისეთი შეგრძნებაა, რომ ამის ღირსი გავხდი – მე დედა ვარ და შვილი მყავს. თაია ჩემი ცხოვრების მთავარი საყრდენია, ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს.“
როცა ტკივილი საჯარო ხდება: "ზოგისთვის ეს უბრალოდ სეირი იყო"
ნინომ ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც პირადი ტრაგედიის დროს ის მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში იყო. მისი თქმით, საზოგადოების ნაწილის ინტერესი ზოგჯერ გაუსაძლისი ხდებოდა.
"ამაზე არასდროს ვსაუბრობდი, რადგან ძალიან მძიმე იყო. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ის მომენტი, როცა ამას ქუჩაში გეკითხებიან. მაშინ პოპულარობის პიკი ვიყავი... უამრავი ადამიანი მართლა მთელი გულით განიცდიდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც ეს უბრალოდ სეირი იყო – 'ბოლო-ბოლო რა დაემართა?'
მახსოვს, ერთხელ „ლაღიძეში“ შევდიოდით და ვიღაც გვეკითხება, რა მოხდა... ან უცებ ვიღაც გირეკავს და გეუბნება, რომ "თქვენ ფსიქოტროპული წამალი დაგჭირდებათ ახლა“. ეს ყველაფერი ისე გროვდებოდა ჩემში, რომ საერთოდ დავხურე ეს თემა. ახლა იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ბევრი რამ გადავაფასე.
მეგობრები და ცხოვრების ახალი ეტაპი
რთულ მომენტებში ნინოსთვის გადამრჩენელი მეგობრები და ოჯახი აღმოჩნდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ რაც უნდა მოხდეს, ადამიანმა ყოველთვის უნდა იპოვოს ძალა წამოდგომისთვის.
„ყოველთვის უნდა ადგე და გააგრძელო, იმიტომ რომ მარტო არ ხარ. შენ გყავს შვილი, ოჯახი, მეგობრები, ვისაც უყვარხარ და ვისაც სჭირდები. მით უმეტეს ახლა, როცა ჩემი სამსახურის გამო (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) ისეთ ადამიანებთან მაქვს შეხება, ვინც ყველაფერი დაკარგა – ოჯახის წევრები, სახლები... მათ ფონზე ჩვეულებრივ რაღაცებზე წუწუნი უხერხულია.
ნიკო გომელაურმა მითხრა ჩემს გადაცემაში, როცა უკვე მძიმედ იყო: 'ნინო, ხომ გახსოვს, რომ ცხოვრება მშვენიერიაო.“ ეს სიტყვები სულ თან დამყვება. ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ჩვენი ბედნიერება და არ ველოდოთ, ვინ რას მოგვიტანს. გამოდი ქუჩაში, გაიღიმე და ბევრ რამეს აღმოაჩენ.