პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით შარაშიძის ადვოკატის ინფორმაციით, შარაშიძე ბრალს აღიარებს.
"დაცვის მხარე [დღევანდელ სასამართლო პროცესზე] გირაოს ვითხოვთ. ოდენობა შესათანხმებელი მაქვს ოჯახთან, ბრალდებულთან. აღიარებს [ბრალს] თანამშრომლობს. საქმის მასალები გუშინ გადმომეცა, თუმცა არ გავცნობილვარ“,- აღნიშნავს ადვოკატი „ტვ პირველთან“.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
კერძოდ,უწყების ცნობით, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.