ავტორი:

წარმატებული კარიერა და გზა კალათბურთიდან საკუთარ აკადემიამდე - "ტრავმების შემდეგაც კალათბურთისგან სრულად დაშორება ვერ შევძელი და ძმასთან ერთად დავაარსე აკადემია"

წარმატებული კარიერა და გზა კალათბურთიდან საკუთარ აკადემიამდე - "ტრავმების შემდეგაც კალათბურთისგან სრულად დაშორება ვერ შევძელი და ძმასთან ერთად დავაარსე აკადემია"
  • მთავარ ფოტოზე: ბექა ჯანხოთელი ძმასთან ერთად

გაგიკვირდებათ და კალათბურთისადმი სიყვარული ათი წლის ასაკიდან დაიწყო, სწორედ მაშინ "მოიწამლა" ამ სპორტით და თან ისე, რომ დღეს უკვე საკუთარ გუნდს და აკადემიას ხელმძღვანელობს. ბევრი პასუხისმგებლობა, დატვირთული გრაფიკი და აღსაზრდელებისადმი გამორჩეული ყურადღება - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი ყოველდღიურად, განსაკუთრებული წარმატებით უმკლავდება. როგორ დაიწყო მისი საინტერესო სპორტული გზა და რას აკეთებს ახლა, ვრცლად, კალათბურთელი, საკალათბურთო აკადემია "მუხბეს” დამფუძნებელი და კოლაბორაციით შექმნილი “ჰიუნდაი-მუხბეს” დირექტორი - ბექა ჯანხოთელი გვესაუბრება:

- პირველ რიგში, გვითხარით, როდის და როგორ დაიწყეთ საკალათბურთო კარიერა?

- კალათბურთის თამაში 10 წლის ასაკში დავიწყე აგვისტოს ომის გმირის, ლევან დევდარიანის სახელობის საჯარო სკოლაში არაჩვეულებრივი მწვრთნელის, ილიკო კეჭაღმაძის ხელმძღვანელობით. თავიდანვე მივხვდი, რომ კალათბურთი ჩემთვის უბრალოდ სპორტი არ იყო, ის გახდა ჩემი ყოველდღიურობა, მიზანი და ცხოვრების ნაწილი. შემდეგ იყო რუსთავის არაჩვეულებრივი საკალათბურთო კერა ძალიან კარგი მწვრთნელებით. აქ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემმა მწვრთნელმა რამაზ გოგობერიშვილმა, რომელმაც ქართული კალათბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა საკუთარი სახელი. ის უნარები,რასაც დღეს ყოველდღიური გამოწვევების დაძლევაში ვიყენებ, სწორედ ამ თამაშმა და ამ თამაშის ირგვლივ შეძენილმა ადამიანებმა მასწავლეს. დისციპლინა, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და გუნდურობა - ეს იმ თვისებათა მცირე ჩამონათვალია, რასაც სპორტის ეს სახეობა აღვივებს მოზარდში. კალათბურთმა ჩამომიყალიბა ხასიათი, გამაძლიერა როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად და მასწავლა, როგორ მებრძოლა მიზნებისთვის, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

- როგორც ვიცით, კარიერა საკმაოდ ნაყოფიერად განაგრძეთ და ახლა უკვე საკალათბურთო კლუბ „მუხმეს“ უდგახართ სათავეში. მოგვიყევით ამ ყველაფრის შესახებ..

- საკალათბურთო კარიერასთან ერთად ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი განათლებას. სამწუხაროდ, რიგი ტრავმების შემდეგ, იძულებული გავხდი აქტიურ სპორტისთვის თავი დამენებებინა. შესაბამისად, განათლებაზე ყურადღება უფრო აქტიურად გადავიტანე. თუმცა, კალათბურთის სიყვარული ჩემში იმდენად ძლიერი იყო, რომ მისგან სრულად დაშორება ვერასოდეს შევძელი. სწორედ ამ სიყვარულიდან გამომდინარე, 2015 წელს ჩემს ძმასთან ერთად დავაარსე საკალათბურთო აკადემია „მუხბე“, რომელიც რეგიონში ერთობისა და განვითარების სიმბოლოდ იქცა. საქმე ნულიდან დავიწყეთ დიდი შრომით, მოთმინებითა და რწმენით. დღეს კი უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკადემია წარმატებით პოზიციონირებს და ღირსეულ ადგილს იკავებს ქართულ საკალათბურთო სივრცეში.

- "მუხბე-ჰიუნდაის" კოლაბორაციაზე რას გვეტყვით?

- "მუხბე-ჰიუნდაის" კოლაბორაცია ჩვენთვის ბუნებრივი და გააზრებული ნაბიჯი იყო. „ჰიუნდაი“ დღეს სამართლიანად ითვლება საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო საკალათბურთო სკოლად. ამ შედეგის უკან დგას მაღალი პროფესიონალიზმი, გამორჩეული მიდგომა და უდიდესი გამოცდილება. ნიკო და ირაკლი ჩერქეზიშვილებმა არა მხოლოდ ძლიერი სპორტული სკოლა შექმნეს, არამედ, ფაქტობრივად, საკუთარი ეპოქა ჩამოაყალიბეს ქართულ კალათბურთში. მათი მუშაობის შედეგები, აღზრდილი თაობები და ჩამოყალიბებული ღირებულებები ყველასთვის ნათელია. ამასთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მათ პიროვნულ თვისებებს - პრინციპულობას, ადამიანურობასა და ერთგულებას საქმის მიმართ. გვჯერა, რომ ამ გაერთიანებით ვქმნით დიდ ძალას, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდა სპორტსმენებს. „მუხბე-ჰიუნდაის“ კოლაბორაცია მიზნად ისახავს არა მხოლოდ წარმატებას მოედანზე, არამედ ძლიერი სისტემის შექმნას, რომელიც მომავალ ჩემპიონებს აღზრდის.

- როგორ ხდება მომავალი აღსაზრდელების შერჩევა და რა გარემო ხვდებათ თქვენს აკადემიაში?

- ჩვენს აკადემიაში ვიღებთ 5-დან 16 წლამდე აღსაზრდელებს. შერჩევის პროცესი მორგებულია ბავშვის ასაკზე, შესაძლებლობებსა და განვითარების ეტაპზე. თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის გვაქვს სპეციალურად შედგენილი განვითარების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სპორტულ, ისე პიროვნულ ზრდას. საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ჩვენს აკადემიაში შექმნილია საუკეთესო პირობები: თანამედროვე ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო და პროფესიონალური გარემო, რომელიც სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენთან გარემო ოჯახური და თბილია. გვინდა, რომ აკადემიაში შემოსულმა თითოეულმა ბავშვმა თავი იგრძნოს საკუთარ სახლში. დაცულად, დაფასებულად და მოტივირებულად. სწორედ ასეთ გარემოში იზრდებიან არა მხოლოდ კარგი კალათბურთელები, არამედ ძლიერი პიროვნებები.

- ბევრი ბავშვის აღზრდა საკმაოდ საპასუხისმგებლოა, როგორ უმკლავდებით ამ პასუხისმგებლობას?

- ბავშვებთან მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ამას ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღსაზრდელები მხოლოდ სპორტსმენებად კი არა, სწორ ფასეულობებზე აღზრდილ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი პროფესიონალი მწვრთნელების გუნდი. ისინი გამოირჩევიან როგორც მაღალი კვალიფიკაციით, ისე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებით და გულისხმიერებით. სწორედ ადამიანური დამოკიდებულებისა და პროფესიონალიზმის ერთიანობა გვაძლევს საშუალებას, ამ დიდ პასუხისმგებლობას ღირსეულად გავუმკლავდეთ და ბავშვებისთვის უსაფრთხო, მზრუნველი და განვითარებისკენ მიმართული გარემო შევქმნათ.

- კონკურენციაზე რას გვეტყვით - რა გამოგარჩევთ კონკურენტებისგან?

- ჯანსაღი კონკურენცია ქართული კალათბურთის განვითარების აუცილებელი პირობაა, ის თითოეულ ჩვენგანს მუდმივი ზრდისა და პროგრესისკენ უბიძგებს. თუმცა, ჩვენი პრიორიტეტი არასდროს ყოფილა ვინმესთან მეტოქეობა ან სხვისი გადასწრება. ჩვენი მთავარი მოწოდება საკუთარი სტანდარტების დაწესებაა. ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ ხარისხზე ყველგან - ვარჯიშის პროცესში, ბავშვებთან დამოკიდებულებასა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებში, რაც სპორტსმენს პიროვნებად აყალიბებს. გვჯერა, რომ როდესაც ერთგული ხარ შენი პრინციპების და ორიენტირებული ხარ განვითარებაზე, მაღალი შედეგი თავისთავად, ბუნებრივად მოდის.

- თქვენი მთავარი ამოცანა რა არის აკადემიის არსებობის განმავლობაში?

- ჩვენი მთავარი ამოცანაა საქართველოს ნაკრებს გავუზარდოთ ძლიერი, მაღალი დონის კალათბურთელები, ქვეყანას კი ჯანსაღ, სწორ ღირებულებებზე აღზრდილი მოქალაქეები. სპორტი მხოლოდ გამარჯვება არ არის. ის არის გზა, რომლის მეშვეობითაც ვქმნით უკეთეს მომავალს, როგორც ქართული კალათბურთისთვის, ისე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის.

- თქვენი ჩვეულებრივი დღე როგორია, დატვირთული რეჟიმის ფონზე? რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- ჩემი ყოველდღიური რეჟიმი საკმაოდ დატვირთულია და თავისუფალი დრო. ფაქტობრივად, ძალიან შეზღუდულია. აკადემიის საქმიანობის პარალელურად, მაქვს მეორე პროფესიაც და ვმუშაობ საჯარო სექტორში, რაც დამატებით პასუხისმგებლობასა და მუდმივ განვითარებას მოითხოვს. შესაბამისად, დიდ დროს ვუთმობ ორივე მიმართულებით პროფესიულ ზრდას და ვცდილობ, სწორად დავაბალანსო ეს ორი სფერო. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ჩემთვის მნიშვნელოვანია ფიზიკური ფორმის შენარჩუნება, ვცდილობ რეგულარულად ვივარჯიშო, როგორც საკუთარი ჯანმრთელობისთვის, ასევე იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ვიყო მაგალითი. ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ მეგობრებთან გატარებულ დროს, რადგან ეს მაძლევს ენერგიას, მოტივაციას და ემოციურ ბალანსს, რაც ასეთ ინტენსიურ რეჟიმში აუცილებელია.

- რას ეტყვით იმ ბავშვებს, ვინც ახლა იწყებს საკალათბურთო კარიერას?

- ყველა ბავშვს აქვს შანსი. წარმატება არ არის მხოლოდ ნიჭის შედეგი, ის მოდის შრომით, დისციპლინით და მოთმინებით. მნიშვნელოვანია, არ შეგეშინდეთ სირთულეების, არ დანებდეთ პირველივე დაბრკოლებაზე და ყოველდღიურად ერთი ნაბიჯით მაინც წინ წახვიდეთ. თუ გულწრფელად გიყვართ კალათბურთი და მზად ხართ იმუშაოთ საკუთარ თავზე, შედეგი აუცილებლად მოვა. მთავარია, დაიჯეროთ საკუთარი შესაძლებლობები და ბოლომდე იბრძოლოთ თქვენი მიზნებისთვის.

- თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

- ჩვენი სამომავლო გეგმები ერთ მთავარ მიზანს ემსახურება, შევქმნათ საუკეთესო საკალათბურთო კერა, სივრცე, სადაც თითოეული ბავშვი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას და საკუთარი წარმატების გზის პოვნას. გვინდა, ეს იყოს ადგილი, რომელიც აერთიანებს მაღალ სპორტულ სტანდარტებს, განათლებას, სწორ ღირებულებებსა და თბილ, ოჯახურ გარემოს. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ბავშვმა, ვინც ამ გზას აირჩევს, მიიღოს მაქსიმალური მხარდაჭერა და განვითარების შესაძლებლობა.