ავტორი:

"დაცემა ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ..." - რას ჰყვება ევროპის ჩემპიონი ფიგურულ სრიალში ნიკა ეგაძე გამარჯვებაზე, ტრავმებზე, ფეხში რკინის კონსტრუქციასა და ცხოვრების მთავარ ქალებზე?

"დაცემა ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ..." - რას ჰყვება ევროპის ჩემპიონი ფიგურულ სრიალში ნიკა ეგაძე გამარჯვებაზე, ტრავმებზე, ფეხში რკინის კონსტრუქციასა და ცხოვრების მთავარ ქალებზე?
  • გთავაზობთ ფრაგმენტს გაზეთ "კვირის პალიტრის" მასალიდან, სათაურით: "გამარჯვების მექა-ნიკა"

სათაურმა არ მოგატყუოთ: მექანიკური არაფერი ყოფილა იმ მოძრაობების გარდა, რომლებიც ათასჯერ გაუკეთებია და თვალდახუჭული ასრულებს, დანარჩენი კი მთლიანად ემოცია იყო ყინულზეც, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც, მწვრთნელებისა თუ მეტოქეების მილოცვებისას... ნიკა ეგაძე პირველი ქართველი მოციგურავეა, რომელიც მამაკაცთა თანრიგში ევროპის ჩემპიონი გახდა! ორი დღით ადრე შეფილდში გამართულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოსთვის ისტორიული ოქრო მოიგო ლუკა ბერულავა/ანასტასია მეტელკინას წყვილმა, თუმცა ქართველ ნათლიას არც ნათლული ჩამორჩა და ბრიტანელი მაყურებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი ხუთჯვრიანი დროშა მანაც ააფრიალა. "შეფილდ არენაზე" ნაჩვენებ ისტორიულ გამარჯვებამდე ნიკა ეგაძე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა - საციგურაო მოედნის ძებნაში თბილისიდან ბათუმში გადაბარგებული ბოლო წლებია მოსკოვში ვარჯიშობს სახელგანთქმული მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის ხელმძღვანელობით. ზამთრის ოლიმპიური თამაშების (მილანი/კორტინა, 6-22 თებერვალი) დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ბოლო დღეების ემოციები "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურ ინტერვიუში გაუზიარა:

- ნიკა, გილოცავთ ისტორიულ ოქროს! დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ თქვით, ჯერ ვერ ვაცნობიერებ, რომ ევროპის ჩემპიონი ვარო... რამდენიმე დღე უკვე გავიდა, მეტ-ნაკლებად ემოციებიც ჩაცხრა. ახლა რას გრძნობთ?

- ახლა უკეთესად ვაცნობიერებ, რა მოხდა, მაგრამ მაინც არის მომენტები, როცა ჩემს თავს ვეკითხები ხოლმე, მართლაც ევროპის ჩემპიონი ვარ?! ეს არის სიხარული, სიმშვიდე და უდიდესი მადლიერება, თითქოს დიდმა გზამ ერთ წამში გაიარა თვალწინ.

- მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერი იყავით და მცირე ოქროც დაიმსახურეთ. გასაგებია, რომ პირველი დღის წარმატება სპორტსმენს თავდაჯერებას მატებს, მაგრამ, მეორე მხრივ, იზრდება პასუხისმგებლობა და ნერვიულობაც - ლიდერობას შენარჩუნება უნდა!

- მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობას სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც მოაქვს. ვგრძნობდი წნეხს, მაგრამ იმავდროულად, ძალასაც. ჩემს თავს ვუთხარი, ეს შენი მომენტია, უბრალოდ, გადი და ისიამოვნე.

- ტელეეკრანზე ისე ჩანდა, რომ მოკლე პროგრამის დასრულებისას მეტი ემოცია გქონდათ, ვიდრე ჩემპიონობის შემდეგ. მოგვეჩვენა?

- არ მოგჩვენებიათ. მოკლე პროგრამის შემდეგ ემოცია გაუკონტროლებელი იყო, თითქოს ყველაფერი, რაც გულში იყო დაგროვილი, წამიერად ამოვიდა ზემოთ, ჩემპიონობის შემდეგ კი უფრო ჩუმი, ღრმა განცდა მოვიდა, ისეთი, რომლის გამოხატვასაც სიტყვები არ ეყოფა.

- დაჯილდოებისას უჩვეულოდ მშვიდი ჩანდით - მთელი ემოცია ყინულზე დახარჯეთ?

- კვარცხლბეკზე ვიდექი და მეჩვენებოდა, თითქოს დრო გაჩერდა. ემოცია ყინულზე დავტოვე, იქ კი მხოლოდ სიმშვიდე იყო და მადლიერება საკუთარი თავისა და განვლილი გზის მიმართ.

ძალიან ემოციური იყო საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე კვარცხლბეკზე დგომა. იმ წამებში განსაკუთრებულად მძაფრად ვიგრძენი, რა პასუხისმგებლობა და ბედნიერებაა წარადგენდე შენს სამშობლოს. უსაზღვროდ მიხაროდა და ძალიან ვამაყობდი, რომ საქართველოს ოქროს მედალი მოვუტანე. ეს იყო წუთები, რომელიც გულში სამუდამოდ დარჩება.

- წინადღით ბერულავა-მეტელკინას წყვილმა საქართველოს ისტორიული ოქრო მოუტანა. დიდ სიხარულთან ერთად, ეს დამატებითი მოტივაციაც იყო, რომ ისტორიის ნაწილი ნიკა ეგაძეც გამხდარიყო?

- ბერულავა-მეტელკინას გამარჯვება ყველა ჩვენგანისთვის უდიდესი სიხარული იყო, ასევე დამატებითი იმპულსი, შეგრძნება, რომ ახალი ისტორია იწერება და შენც შეგიძლია მისი ნაწილი გახდე.

- ვიცი, რომ პატარაობიდანვე ცდილობდით რთული ნახტომების შესრულებას და რამდენჯერმე მძიმედაც დაშავდით. დღეს რომელია თქვენი საყვარელი ილეთი?

- რთული ნახტომები ბავშვობიდან მიზიდავდა, ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის ვეძებდი საკუთარ საზღვრებს, დღეს კი ჩემი საყვარელი ელემენტია ლუცი - როცა გამოდის, განსაკუთრებულ თავისუფლებას გაძლევს.

- დაცემა ყოველთვის მტკივნეულია, ყინულზე - ორმაგად. რა გაძლევდათ მოტივაციას, რომ ყოველ ჯერზე წამომდგარიყავით, არაერთი მოტეხილობისა და ოპერაციის მიუხედავად, ბრძოლა გაგეგრძელებინათ?

- დაცემა ყოველთვის მტკივნეულია ფიზიკურად და მენტალურად, მაგრამ ყოველ ჯერზე წამოდგომას მაიძულებდა ამ სპორტის სიყვარული, რწმენა, რომ ეს გზა ტყუილად არ ამირჩევია. ხანდახან დანებებაზეც მიფიქრია, მაგრამ ყველა შემთხვევაში სრიალის სიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა!

- ფეხში დღემდე გაქვთ რკინის კონსტრუქცია: მენტალური სირთულე არასდროს შეუქმნია იმის გაცნობიერებას, რომ მყარად დგომასა და ურთულეს ნახტომებს ორგანიზმში ჩანერგილ "უცხო სხეულს" უნდა უმადლოდეთ?

- თავდაპირველად, რთულია იმის გათავისება, რომ შენს სხეულში რკინაა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სისუსტე კი არა, პირიქით, სიმტკიცის სიმბოლო ხდება. ეს ჩემი ისტორიის ნაწილია. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: