ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამას "გაურბიან“ სწორედ NGO-ები, რაც უტყუარი დასტურია იმისა, რომ ამ დაფინანსებაში არის რაღაც ისეთი, რაც არის მათთვის დასამალი.
"ეს განმარტებები, პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა მოისმინოს, რატომ უმალავენ ისინი საკუთარ დაფინანსებას ქართულ საზოგადოებას. თქვენ გახსოვთ, მათი მთავარი მესიჯი იყო სტიგმატიზაცია. ისინი აცხადებდნენ, რომ არ სურდათ, დარეგისტრირებულიყვნენ უცხოური ძალის გავლენის აგენტებად. ამ დროს დარეგისტრირდნენ პირდაპირ უცხოურ ძალად. აქედან ჩანს, აქედან ჩანს, რამდენად ყალბი იყო მათი გზავნილები სტიგმატიზაციასთან დაკავშირებით და ზოგადად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. ამას გაურბიან სწორედ ეს ორგანიზაციები, რაც უტყუარი დასტურია იმისა, რომ ამ დაფინანსებაში არის რაღაც ისეთი, რაც არის მათთვის დასამალი", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა სოციალურ ქსელში აქტივობებთან და ინფლუენსერებთან დაკავშირებითაც, რაზეც პრემიერმა თქვა, რომ პოლიტიკური შინაარსის "პოდკასტისთვის" უცხოური დაფინანსება არ უნდა მიიღონ.
"პოდკასტი შეგიძლიათ ჩაწეროთ, რა თქმა უნდა, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ პოდკასტი, მაგრამ თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტს, მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება ამ პოდკასტისთვის. იმიტომ, რომ ეს არის ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში. მარტივად არის საქმე“, - განაცხად პრემიერმა.
კობახიძემ განმარტა, რომ კანონი განსაზღვრავს ყველაფერს "ზუსტად და ზედმიწევნით“. პრემიერის მტკიცებით, თუ პოლიტიკური შინაარსის "პოდკასტი“ვრცელდება და მათ შორის მისი რეკლამირება ფინანსდება ქვეყნის გარედან, ეს არის "თავის შინაარსით პოლიტიკის ქვეყნის გარედან დაფინანსება, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა“.