მსახიობი ბესო ზანგური ბოლო პერიოდში ტელეეკრანებიდან და საჯარო სივრციდან თითქოს გაქრა. სკანდალური პროცესების, ორწლიანი პაუზისა და მოსკოვში წასვლის შემდეგ, მსახიობი კვლავ საქართველოშია. რატომ აირჩია მან დუმილი, რა ურთიერთობა აქვს დღეს რობერტ სტურუასთან და რას ჰყვება Netflix-ის ახალ შემოთავაზებაზე? Ambebi.ge-სთან საუბრისას ბესო ზანგური გულახდილად პასუხობს ყველა კითხვას
- ბესო, საუბარი „ტიკ-ტოკით“ დავიწყოთ, სადაც პირველად მოგწერეთ. გკითხეთ, სად გაქრა ბესო ზანგური? ბოლო დროს აღარც პოლიტიკური განცხადებებით ჩანხართ და აღარც გადაცემებში. რას საქმიანობდით ამ პერიოდში?
- რაღაც ტაიმაუტი მქონდა აღებული. მართალი ხართ, რომ თვალში მოგაკლდით. ორწლიანი პაუზა მქონდა, ლიბერალური სამყაროს მხრიდან ჩემზე განხორციელებული თავდასხმების გამო.
- ამაში ყოფილი მეუღლის მიერ წამოწყებულ მაშინდელ პროცესს გულისხმობთ?
- დიახ, თუმცა მთლიანი თავდასხმა მოხდა, ეს არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანისგან. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. განცხადება განცხადებად დარჩა, რა უნდა დამტკიცებულიყო, რაც არ ყოფილა? მაგრამ ამას მოჰყვა ძალიან დიდი შეტევა ლიბერალური არასამთავრობოებისგან, რამაც, ცოტა ხანი იმოქმედა. საქართველო ტრადიციების ქვეყანაა, კავკასიაა მაინც - გვინდა თუ არ გვინდა, რაც უნდა ევროპა ვიძახოთ. ამ ყველაფერმა გარკვეულწილად იმოქმედა და ზიანი მიაყენა ბესო ზანგურს და მის ოჯახს.

მე თავად ავირჩიე სიმშვიდე და სიჩუმე ცოტა ხნით, რადგან ძალიან ბევრჯერ დავდექი ფაქტის წინაშე, როდესაც ბუმერანგის კანონმა ჩემს შემთხვევაში ბრწყინვალედ იმუშავა. თითქმის ორი წელი გავიდა, რაც ტაიმაუტი მქონდა აღებული, წავედი საქართველოდან, თუმცა რუსთაველის თეატრიდან არასოდეს წავსულვარ. ზოგმა ამით ისარგებლა, ნახეს უცხო ქვეყანაში რომ ვიყავი და ახალი ჭორები ააგორეს, ვითომ თეატრი დავტოვე. არა, ერთი წამით არ მიმიტოვებია რუსთაველის თეატრი. ვთამაშობ სპექტაკლებს, ახლა ვთამაშობ სპექტაკლში „12 განრისხებული მამაკაცი“. მოსკოვში ვიყავი, სადაც სტუდია გავაკეთე ქართველებისთვის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერ შევძელი, რადგან ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. ვგრძნობ, რომ სანახევროდ გაკეთებული საქმე არ გამომდის.
- ბულინგის გამო ტაიმაუტი აიღეთ, თუმცა ამ პერიოდში მოსკოვში წახვედით, რაც შესაძლოა ახალი თავდასხმის მიზეზი გამხდარიყო. ასე არ იყო?
- კი ბატონო, გახდა კიდეც, მაგრამ ყურადღებას აღარ ვაქცევ. ადრე ძალიან ემოციური ადამიანი ვიყავი, ყველაფერზე პასუხი და რეაქცია მქონდა. მერე მივხვდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს როდესაც ცხოვრება და სიცოცხლე ყველასთან დასრულდება. ზუსტად ერთ კვირაში ბევრს აღარ ვემახსოვრები - ამ ბულერებს ვგულისხმობ. ამიტომ აღარ მივაქციე ყურადღება და ამან კარგად იმუშავა, გაჩერდნენ და დამშვიდდნენ.

- მოსკოვში მარტო ცხოვრობდით თუ ოჯახთან ერთად?
- მივდიოდი და ჩამოვდიოდი, რადგან აქ სპექტაკლები მქონდა. სულ არ წავსულვარ, იქ მარტო ვიყავი ხოლმე. სიმართლე გითხრათ, იქ ყოფნას ვერ გავუძელი, რადგან შვილებზე ძალიან ვარ მიჯაჭვული.
- შემოთავაზებებზეც მითხარით: Netflix-ი, უკრაინა და ისევ რუსეთი ახსენეთ...
- უკრაინაში შემომთავაზეს გადაღებები, რვა სერიანი პროექტი იყო. პარალელურად ფესტივალებზე მიწვევდნენ, სადაც საქართველოს წარმომადგენლად ვიყავი წარდგენილი - მე და ია ნინიძე.
Netflix-ზე ახლა წამოვიდა შემოთავაზება. კონკრეტულად ამიხსნეს, რომ თუ იქ გადაღება დაიწყება, არავითარი მოსკოვი და უკრაინა - გადაღება რომ დაიწყება ყველაფერზე უარს ვიტყვი, სიხარულით ჩავალაგებ ბარგს და წავალ. მითხრეს, რომ აუცილებლად წამიყვანენ, ოღონდ ჯერ დამტკიცებული არ არის მთავარ როლზე ვიქნები თუ მეორეხარისხოვანზე. თებერვლის ბოლოს გადაწყდება.
- რადგან თეატრზე და შემოქმედებაზე ვისაუბრეთ რობერტ სტურუასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ დღეს?
- ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ის ჩემი შვილების ნათლიაა. თეატრი ცოცხალი ორგანიზმია, ყოველთვის ჭორებისა და კონკურენციის ქვეშ ხარ. დრო ყველაფერი ალაგებს. ახლა დავით უფლისაშვილი ახალ სპექტაკლს დგამს და მითხრეს, რომ იქ ჩემს დაკავებას აპირებენ. სიმართლე გითხრათ რუსთაველის თეატრს ვერც Netflix-ი შეცვლის და ვერცერთი სხვა პროექტი.

- ბოლო წლებში მიმდინარე აქციების დროს ბევრი მსახიობი აქტიურობდა. თქვენ თითქოს არცერთ მხარეს არ ჩანდით...
- გადავწყვიტე, ვიყო ჩუმად. იმედია, ყველა მხარე მაპატიებს ამას. როდესაც ვიყვირე, ჩემი ოჯახის გარდა არავინ დაზიანებულა. როდესაც „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციებზე ჩემი უფროსი შვილი დააკავეს, მე კი მათ წინააღმდეგ ვყვიროდი, თავდასხმა ჩემზე მოხდა. ჩემი შვილი რამდენიმე მუხლით დააკავეს „გავრილოვის ღამეს“. როგორც სხვები დააკავეს, ისე ისიც. მე არასოდეს მიმიმართავს მათთვის - მე ჩემი აზრი გამაჩნია. როცა ვხედავ, რომ ვინმე დანაშაულს სჩადის, სიმართლეს ყოველთვის ვამბობ, ამიტომ ვარ დარტყმის ქვეშ, გინდა „ოცნებამ“ დააშავოს და გინდა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. როცა „კონსერვატორებს“ (ალტ-ინფოს) არჩევნები გაუუქმეს, ეს არასწორად მიმაჩნდა და პირდაპირ ვთქვი - როგორ შეიძლება-მეთქი.
- ისევ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ხართ?
- დიახ, მხარდამჭერი ვარ.
- ბევრ ხელოვანს ჰქონდა შეთავაზება დეპუტატობაზე…
- მე - არა, თუმცა სამხატვრო ხელმძღვანელობაზე მქონდა შემოთავაზებები და უარი ვთქვი. არ ვარ ის ტიპი, კაბინეტში რომ უნდა დაჯდეს და „ღაბაბი“ გადმოვაგდო. დასუქებულები რომ არიან, ლამის ბანერიდან დაგეცნენ თავზე არასოდეს გავაკეთებ ეგეთ რაღაცას. საქართველოში ჯერ ვერ ავედით იმ დონემდე, რომ პოლიტიკური ისტერია გემოვნებაში ჩავსვათ და გემოვნებიანად ვაკეთოთ თუნდაც ქვეყნის სიყვარული, სამსახური. რაღაცაში მაინც ხომ უნდა დავემსგავსოთ ევროპას? თუ აზროვნება არ შეგვეცვლება, უკვე ხელი მაქვს ჩაქნეული ყველაფერზე.

- წლების განმავლობაში ფინანსური პრობლემები გქონდათ, ქირით ცხოვრობდით. დღეს როგორია თქვენი მდგომარეობა?
- 16 წლის ასაკიდან მამა ვარ და სულ პასუხისმგებლობები მაქვს. არავის ვაწუხებ ჩემი პრობლემებით, მით უმეტეს მხარდაჭერის გამო სამსახურს არავის ვთხოვ. ახლა ყველაფერი კარგად არის. სიჩუმემ და საკუთარ თავში ყოფნამ, საჯაროდ ყველაფრის გამოფენაზე უარის თქმამ, წარმატება მომიტანა. თეატრში სტურუასთან იმდენი როლი ვითამაშე, მთელი ცხოვრება აღარაფერი რომ აღარ ვითამაშო, ეგეც მეყოფა - ეს მაინც დაიწერება რუსთაველის თეატრის ისტორიის ფურცლებზე. დღეს მყავს ძალიან სტაბილური ოჯახი, უკვე 14 წელია ერთად ვართ.
- სამი ქორწინებიდან გყავთ შვილები. ბევრს ეგონა, რომ ესეც მორიგი ქორწინება იქნებოდა, თუმცა 14 წელია ერთად ხართ. რა არის ამ სიმყარის საიდუმლო?
- ეს არის ერთმნიშვნელოვნად მეგრული სისხლი და მეგრელი ქალის დამოკიდებულება ოჯახისადმი. სერიოზულად, მეგრელები ფეიერვერკები არიან ოჯახში, ყველანაირად მაგრები არიან. ყველაზე მაგრად ვინც მიყვარს, მეგრელები არიან. მე თვითონ მთიული ვარ, მაგრამ სამეგრელოზე ვაფრენ. დედობილიც მეგრელი მყავს. ძალიან მაგარი ოჯახის ტიპები არიან - ისე ალაგებენ ყველაფერს ჩუმად, წყნარად, როგორც შენ გინდა და გისწორდება, ამასობაში კი თავიანთ თავს ყოველთვის იმ სიმაღლეზე აყენებენ, რომ მერე შენ თვითონ ამბობ - მართლა ასე არისო.

- დღეს მსახიობები პოლიტიკური ნიშნით ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს. თქვენ თუ გიგრძნიათ ვინმესგან თავის არიდება თქვენი პოლიტიკური პოზიციის გამო?
- როდესაც ადამიანი ნიჭიერია, მე მაინც ნიჭს ვუსვამ ხაზს. არასოდეს მექნება უთანხმოება არცერთ არტისტთან, რადგან ვიცი არტისტის ბუნება და ის კეთილშობილება, რაც მათში დევს. ამიტომ, არტისტი იქნება მიშისტი, ბიძინისტი, კონსერვატორი თუ „ორკი“, მე ვიცი, რომ ის კარგი ადამიანია.
დუტასთან მაქვს ფოტოები, ყველასთან და როცა გამისწორდება, მაშინ ვდებ სოციალურ ქსელში. ასევე ვამბობ: მსახიობი არასოდეს უნდა იჯდეს ციხეში. არ შეიძლება მსახიობის დაჭერა, არ უნდა გაუშვა საკანში, არ შეიძლება მსახიობის დაჭერა, მით უმეტეს ამ ქვეყანაში. საქართველო არტისტების ქვეყანაა.
- იცნობთ პირადად ამჟამად დაკავებულ მსახიობებს?
- არა, არ ვიცნობ, მაგრამ ყველას ვუსურვებ თავისუფლებას და არცერთი არტისტი არ უნდა იჯდეს საკანში.
- ალბათ გულისხმობთ რომ პოლიტიკური ნიშნით არ უნდა იჯდეს.
- დიახ, თუ კრიმინალი ჩაიდინა და ვინმე დაჭრა, რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯოს, მაგრამ აქციების გამო არტისტის დაჭერა არასწორია. ნინა კასრაძე ამ აქციების მხარდამჭერია, მაგრამ როგორ მომიბრუნდება ენა მასზე ცუდი ვთქვა? ის მსოფლიო დონის არტისტია და ნებისმიერ მსახიობს ჯიბეში ჩაისვამს, რაში მაინტერესებს მისი პოლიტიკური პოზიცია, რომ მასზე ცუდად რამე ვთქვა. ერთმანეთთან დაპირისპირება მსახიობების მხრიდან ძალიან „გოიმური“ საქციელია, არ განიხილება ჩემთვის.

- „ტიკ-ტოკზე“ რატომ გამოჩნდით?
- საერთოდ არ მომწონს ეს პლატფორმა. ფინანსური თვალსაზრისით მე ამ პლატფორმას ვერ ვიყენებ - იმხელა ენერგია და სხვანაირი ტიპაჟი სჭირდება, რომ მე ვერ გავქაჩე. იქ ხშირად შეურაცხყოფასაც აყენებენ ერთმანეთს. ალბათ მალე საერთოდ გავაუქმებ.
- რამის თქმა ხომ არ გინდათ დასასრულს?
- ჩემი შვილები უკვე იმ ასაკში არიან, რომ სოციალურ ქსელებზე წვდომა აქვთ. მინდა ვუთხრა ადამიანებს: ის ტკივილი, რაც მათ ბულინგით ჩემს პატარებს მიაყენეს, ბუმერანგივით აუცილებლად მიაკითხავს ყველას. ისე ნუ გააკეთებენ, რომ გაზრდილ ბავშვებს ატკინონ გული. ერთხელ დაწერენ კომენტარს და გაივლიან და ვინც კითხულობს, მის გულში დიდხანს რჩება. მინდა ყველას გონიერებისკენ მოვუწოდო. საქართველოს მხოლოდ სიყვარული გადაარჩენს.