თემქაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის გამო ვნებათაღელვა არ წყდება. მოკლული ბიჭის დედა, ეკა კუპატაძე, გამოძიების დასრულებას ელოდება და ითხოვს მისი შვილის მკვლელობის საქმეში მონაწილე ყველა პირი საბრალდებო სკამზე დაჯდეს. მათ შორის დაისაჯონ ის პირებიც, ვინც იცოდა და პოლიციას არ შეატყობინა მომხდარი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პროკურატურამ ამ საქმეში ბრალდებულებს დანაშაულის კვალიფიკაცია შეუცვალა და ბრალდებულ არასრულწლოვნებს ბრალი დაუმძიმა. ბრალდებულ ალექსანდრე გაბაშვილს უშუალოდ ჯანმრთელობის განზრაზ მძიმე დაზიანებაში ედება ბრალი, რამაც გამოიწვია სიკვდილი. ამ საქმეზე დაკავებულია კიდევ მისი სამი მეგობარი.
შვილისთვის ბრალის დამძიმების შემდეგ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო 17 წლის დემეტრე ჩიქოვანის დედამ. სოფო ძნელაძე ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ციხეში შიმშილობა დაიწყო მისმა არასრულწლოვანმა შვილმაც. გიგა ავალიანის საქმეზე დემეტრე ჩიქოვანი პროკურატურამ 20 დეკემბერს დააკავა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ამავე მუხლით დააკავეს კიდევ ერთი არასრულწლოვანი - ანა ნასყიდაშვილი. აქედან ერთ თვეში კი პროკურატურამ ორივეს ბრალი დაუმძიმა.
დემეტრე ჩიქოვანს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება ჯგუფურად, ანა ნასყიდაშვილს - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. ამ საქმეზე დაკავებულია გიორგი რიკაძეც, რომელიც მკვლელობის დღეს გაბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
სოფო ძნელაძე, დემეტრე ჩიქოვანის დედა: - ჩემი მოთხოვნაა პროკურატურამ წაიღოს უკან ის ბრალი, რომელიც ჩემს შვილს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წაუყენა. ჩვენ დიდ დიღომში ვცხოვრობთ. დემეტრე ამ ბავშვების მეგობარია. ჩემი შვილი თემქაზე გაბაშვილსა და რიკაძესთან ერთად ერთადერთხელ, 29 სექტემბერს იყო - უნდა ვნახო ვიღაც, დაველაპარაკო, საქმე მაქვსო. ერთ საათში წამოვიდნენ. როგორც მერე გავიგეთ, ეს ბავშვები იქ 30 სექტემბერსაც წასულან, მაგრამ იქ დემეტრე აღარ ყოფილა, ეს გამოძიებითაც დადგენილია.
რა საუბარი ჰქონდათ, ეს დეტალები არ ვიცი. დემეტრე უკონფლიქტო ბიჭია, არასდროს კანონთან პრობლემა არ ჰქონია, სკოლაში მის გამო არავის დავუბარებივარ. დემეტრეს რომ სცოდნოდა, იქ რამე მზადდებოდა, გამორიცხულია წასულიყო. სუსტი მტკიცებულებაც კი არ დევს საქმეში დემეტრეს წინააღმდეგ. ავალიანის ოჯახი გარიგდა გენპროკურორთან, ისინი სახელმწიფომ იმიტომ აირჩია, რომ უფრო დასჭირდებათ, პედაგოგები არიან, ჩვენ კი ჩვეულებრივი ხალხი ვართ, ჩემი მეუღლე 25 წელიწადია სპეცრაზმში მუშაობს, ომის ვეტერანია, ჩვენ წესიერი შვილები გავზარდეთ.
- მიმოწერებით ცნობილია, რომ ბიჭები სამი საათი ელოდებოდნენ გიგა ავალიანს სასწავლო ცენტრის კართან, ამაზე რას იტყვით?
- ერთი საათი იყვნენ თემქაზე, მერე წამოვიდნენ. სამი საათი იქ არ მდგარან. საერთოდ არ უნახავთ იმ დღეს ეს ადამიანი.
- მიმოწერაში ერთი ბრალდებული ამბობს, არ გავუსწორდით დღეს, რადგან დედასთან ერთად იყოო, იმ დღეს დემეტრეც იქ იყო?
- დემეტრე იქ 29 სექტემბერს იყო, მერე ვირუსი დაემართა და ძალიან ნერვიულობდა ამას, იმიტომ, რომ საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. სპორტსმენია, თებერვალში საზღვარგარეთ უნდა წასულიყო. ხუთი-ექვსი დღე, შეიძლება მეტიც, ძალიან ცუდად იყო. არ დაუმალავს გამოძიებისთვის, თემქაზე მეგობრებთან ერთად რომ იყო. არც ის არის გასაკვირი, თემქაზე რომ გაჰყვა, რადგან იცოდა, საშკას თემქელი შეყვარებული, ნია იმნაძე ჰყავდა. საშკამ უთხრა, ვიღაც უნდა ვნახო, პატარა საქმე მაქვს, წავალთ და დავბრუნდებითო. დემეტრე ერთი საათიც არ ყოფილა იქ, ეს ზუსტად ვიცი. საშკა მეგობარ გოგოს, ანა ნასყიდაშვილს რომ წერს, 3 საათია ველოდებიო, საუბარია 30 სექტემბერზე, როცა დემე იმ დღეს იქ არ ყოფილა.
- საქმის მასალებში დევს მიმოწერა, სადაც თქვენი შვილი ეკითხება პოლიციაში დაკითხულ რიკაძეს, ჩემზე რა თქვესო, ისიც პასუხობს, "მესამე რომ იყო თქვენთან, მესამეო, ჯერ შენზე არაფერს ვამბობთ, თუ შეგვეკითხებიან, ვიძახით, არ ვიცით, გავიყოლეთ, უბნელია", პასუხობს ის, ეს ფაქტი არ ადასტურებს, რომ მომხდარი იცოდა თქვენმა შვილმაც?
- 17 ოქტომბერს დიდ დიღომში მოდის პოლიცია და ეძებენ რიკაძეს, მის დედ-მამას უწყება რომ ჩააბარონ - ეს ფარული მოსმენების საქმეში დევს. რიკაძის მამას ურეკავს მისი მეგობარი, როგორც ჩანს, დიდ დიღომში ცხოვრობს ისიც და ეუბნება, პოლიცია დადის დიღომში, შენს შვილს ეძებენო. მათ ორი სახლი აქვთ დიდ დიღომში. როგორც ჩანს, ერთ სახლში რომ მივიდნენ და იქ არავინ დახვდათ, თუ კარი არ გაუღეს, არ ვიცი, უკვე დაიწყეს აქტიურად ძებნა. პოლიციის უწყებაში პირდაპირ ეწერა, რომ უნდა ჩაებარებინათ უწყება გიგა ავალიანის სხეულის განზრახ დაზიანებაზე. ამის შემდეგ დიდ დიღომში ყველამ გაიგო ეს ამბავი და, რა თქმა უნდა, გავიგეთ ჩვენც. 17 ოქტომბერს, როცა ბიჭები პოლიციაში დაიბარეს, დემეტრე წერს მათ, მოვალ პოლიციასთანო, ისინი პანიკაში არიან და ეუბნებიან, არა, დემე გთხოვ, არ მოხვიდე, რამეში არ გაიშაროო...განაგრძეთ კითხვა