ავტორი:

შეეხებათ თუ არა საკანონმდებლო ცვლილება ოჯახებს, რომლებსაც საზღვარგარეთ მყოფი ახლობლები ფულს უგზავნიან - კონსტიტუციონალისტი "გრანტების შესახებ" კანონს განმარტავს

შეეხებათ თუ არა საკანონმდებლო ცვლილება ოჯახებს, რომლებსაც საზღვარგარეთ მყოფი ახლობლები ფულს უგზავნიან - კონსტიტუციონალისტი "გრანტების შესახებ" კანონს განმარტავს

მომავალი კვირიდან პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ახალი კანონების დამტკიცებით გახსნის. "ქართული ოცნება" რიგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გეგმავს. ცვლილება შევა "გრანტების შესახებ“ კანონში.

"გრანტების შესახებ“ კანონით დადენილი წესების დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

"პოლიტიკა და პოლიტიკური აქტივობა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს, ამ კანონით ქვეყანას გარე ჩარევის რისკებისგან და სუვერენიტეტის დარღვევისგან ვიცავთ“ - ამბობს კობახიძე

რა მიზანს ემსახურება გრანტების შესახებ კანონის გამკაცრება, რეალისტურია თუ არა მისი ამ მასშტაბით აღსრულება და რა საფრთხის მომტანია ის საზოგადოებისთვის, ამაზე კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გვესაუბრება:

"გრანტების შესახებ კანონში“ პრაქტიკულად გამოირიცხა ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მთავრობის თანხმობის გარეშე შეიძლება გრანტით იყოს დაფინანსებული, მათ შორის ისეთი საქმიანობა, რომელიც შეიძლება სასარგებლო და ხელსაყრელია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. გამორიცხულია ნებისმიერი მიზნის, ან პროექტის საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე და თუ ასეთი წინასწარი ნებართვის გარეშე ხდება თანხის მიღება, მაშინ ეს უკვე სს პასუხისმგებლობაა და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს გარდა იმ ფულადი სანქციებისა, რომლებიც ამგვარ დარღვევას მოჰყვება.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ცვლილებების განხორციელება და მათი ცხოვრებაში გატარება კიდევ უფრო რთული და პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, მაგრამ, ამ ცვლილებების საფუძველზე ნებისმიერი პირის დაკავება და სს პასუხისგებაში მიცემა იქნება შესაძლებელი იმიტომ, რომ გარკვევით წერია, რომ ადამიანი მარტო ქმედებისთვის კი არა, განზრახვისთვისაც კი შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაწესება. საგანგებოდ არ მიძებნია, მაგრამ შესაძლოა რუსულ კანონში არის მსგავსი რამ, თუმცა ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა რუსეთში ასეთი კანონი. ვინმე თუ ცუდ გზას დაადგება საკუთარი ნებით, ან ვინმეს კარნახით, მაშინ როგორც წესი, დიდის და ძლიერის სუსტი მიმბაძველი ცდილობს გადაასწროს ამ ძლიერსაც კი თავისი უკეთური მოქმედებით. აქ შეიძლება სწორედ ასეთ რამესთან გვაქვს საქმე.

  • ეს კანონი ეხება ადამიანების კონკრეტულ ჯგუფს, ნებისმიერ ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც უცხოეთიდან აქვს რაიმე ტიპის შემოსავალი. ადამიანს თუ აქვს უცხოეთიდან მიმდინარე შემოსავალი, ან შემდგომში აპირებს, რომ შემოსავალი მიიღოს, თან სურს, რომ საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქვას საკუთარი აზრი, ამ შემთხვევაში, მას მოუწევს ამ ყველაფრის დეკლარირება, მთავრობისგან ნებართვის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გრანტების კანონში შემავალი ცვლილების მიხედვით, ეს შეიძლება ჩაითვალოს გრანტად, ხოლო გრანტების კანონის გარღვევის (ამის არდეკლარირების გამო) გამო ჩნდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 6 წლამდე ვადით.

ხელისუფლებას უჩნდება უმარტივესი შესაძლებლობა, რომ როცა გაუხარდება, ნებისმიერ დროს, კონკრეტული ადამიანები დააკავოს. ალბათ ეს კანონიც შერჩევით იმუშავებს (როგორც წინა კანონი) - ვიღაცების მიმართ აამოქმედებენ, ყველას მიმართ უბრალოდ, ვერ შეძლებენ ამას, მაშინ ქვეყანა უნდა გადააქციონ ციხედ. ხელისუფლების ძირითადი მიზანია ფიზიკური პირებისთვის უცხოეთიდან თანხების გადმორიცხვის შეზღუდვა იმიტომ, რომ არასამთავრობოების დაფინანსება, პრაქტიკულად, მთლიანად შეიზღუდა და ვთქვათ, დარჩა ასეთი საშუალება: მაგ. უცხოეთიდან ვინმემ გადმომირიცხოს ფული, მე კი ის როგორც შემოწირულება, ისე მივცე არასამთავრობო ორგანიზაციას, ან მედიასაშუალებას, ანუ ეს იმ აკრძალვისთვის გვერდის ავლის გზაა. ეს ერთი კონკრეტული მაგალითია. ესენი ცდილობენ, რომ ყველა ასეთი შესაძლებლობა გადაკეტონ, მაგრამ როგორც კი ამას იწყებენ, მაშინვე აკრძალვის არეში ხვდებიან ის პირები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას თავისი ოჯახის წევრებისაგან.

ადამიანი მუშაობს საზღვარგარეთ და აქ დარჩენილ ოჯახის წევრებს უგზავნის თანხას, რომ მათ ელემენტარულად, არსებობა შეძლონ და თუ აღმოჩნდა, რომ ეს ოჯახის წევრი აქციაზე გავიდა, ან პოლიტიკური ხასიათის ვიდეო ჩაწერა, მერე უკვე ამ თანხაზე იტყვიან - ამას მივიჩნევთ გრანტად და ამ პირის მიმართ სს სასჯელს გამოვიყენებთო.

კარგად არ მახსოვს, მაგრამ მგონი უცხოეთიდან, ემიგრანტებიდან დახმარების სახით ფიზიკური პირებისთვის 3 მილიარდზე მეტი ირიცხება, რაც სახელმწიფოს ერთობლივი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ კანონით, ეს გადმორიცხული თანხაც დიდი დარტყმის ქვეშ დგება, ლეგალური სახით გადმორიცხვები ალბათ შემცირდება და ყველა შეეცდება, კი არ გადმორიცხოს თანხა, რაც აღრიცხვადია, არამედ თავად ჩამოიტანოს, ან ვინმე ახლობელს გამოატანოს საქართველოში, სახელმწიფომ რომ ვერ დაინახოს. სახელმწიფოსთვის ეს არაა კარგი ისევე, როგორც ის შეზღუდვები, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში შეიტანეს.

ზოგადად, ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა ყოველთვის ხელს უშლის საზოგადოების განვითარებას. შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია საზოგადოების განვითარებისთვის და არა ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. ხელისუფლება უნდა იყოს საზოგადოების მსახური, რომელსაც საზოგადოება ქირაობს იმ საქმის გასაკეთებლად, რაც უნდა აკეთოს ორგანიზებულად. როდესაც შენ საზოგადოებას უწესებ შეზღუდვებს, ხელს უშლი საზოგადოების განვითარებას, თავად მმართველსაც უჩნდება პრობლემები".

წაიკითხეთ ასევე: